საღლიანი ერეკლე
გაზიარება

*** "არმური და წვიმის თქეში" ექსკლიუზივი

არმური და წვიმის თქეში,
უკვე ვეღარ თვალე,
როგორც სევდა სიჩუმეში
ახამხამებ თვალებს.
საკუთარ თავს გარე უვლი,
აწურვილი მხრებით,
შენს სუნთქვაში დალეული,
ქვავდები და ქრები.
ნათლის დედის ნათელ ღიმილს,
ელოდები ციდან,
ხეს ჭრიან და აღარ ღვივის,
ნაფოტებად ცვივა.
შენ რას მამცნობ? ჩემო ერთო,
კვლავ რწმენას თუ მმატებ
პირველ თოვლზე უფრო თეთრო,
ცრემლზე უფრო მჩატევ.
მამცნე დაღმა ვით დავეშვი,
სახეს ვით ვჭვრეტ მღიმარს,
მამცნე სულო შენს თვალებში,
ბინდი როგორ მტკივა.
მამცნე, დადნი სანთელივით,
გაქრეს ქრობის შიში,
შენ ხომ ქარით გათელილი _
ბალახიდან იშვი.
შენ ხომ ადრე შექმნილ ხატებს,
ჩემში უხმოდ რგავდი,
დღეს შენს ფიქრში დაფარფატებს,
უჩვეულო დარდი.
დღეს კვლავ გიმძიმს, მაინც მღერი
ესეც შენი გარჯა,
დათმე სიტყვა, დათმე ფერი,
დუმილიღა დაგრჩა.
არმური და წვიმის თქეში,
უკვე ვეღარ თვალე,
როგორც სევდა სიჩუმეში
ახამხამებ თვალებს.

??????