სიყვარულის და ნატვრის სახელით ექსკლიუზივი
თუ შეშლილი ვარ, რა თქმა უნდა, შენვე შემშლიდი,
არ დანდობია არასოდეს ჩემს ფიქრს სხვა ხელი,
არ ყოფილიყო პოეზია, მე მას შევქმნიდი,
სიყვარულის და მარადიულ ნატვრის სახელით!
ცოტა არ ვიყავ, მით უმეტეს, არ ვიყავ ბევრი
და ყოფნა ჩემიც არყოფნისთვის მზადებას ჰგავდა,
ლექსად გარდაქმნას არ სჭირდება სხვა არაფერი,
სიყვარულის და გაზღაპრებულ სიცოცხლის გარდა!
დამკარით ტყვია,
გულს უხდება ცხელი ჭრილობა!..
მე არ მოვკვდები, მხოლოდ მშვიდად მიმეძინება
და გავიღვიძებ, როცა მთელი კაცობრიობა
ლექსს და სიყვარულს ზვარაკივით შეეწირება!
როცა ფერისთვის, ერთი დიდი, ცხელი ფერისთვის
დასთმობს სუნთქვასაც, ყვავილივით მზისკენ აღერილს,
არ ყოფილიყო პოეზია,
მე მას შევქმნიდი,
სიყვარულის და, რა თქმა უნდა, შენი სახელით!