და მარტში მუდამ მესიზმრება გალაკტიონი ექსკლიუზივი
ზურაბივით ქვითკირში ჩაეშენა ოცნება
და ცას გადაუარეს დამთხვეულმა ქარებმა,
სველი, თეთრი საყდარი შეარყიეს ლოცვებმა
და ჩაგუბდა ხატებში, ოხვრა და მწუხარება.
ჩამოღამდა ბაგეზე დაფერფლილი ვედრება
და დაიმსხვრა ქვითკირზე თიხის მთვრალი ხელადა.
საწუთროსგან აუგი არა დამეყვედრება,
ელავს ფანჯრის რაფაზე მთვარის თეთრი სევადა
და გაბზარულ სტრიქონში, როგორც ღია ნაპრალში,
მლოცველივით ღაღადებს ორაკულის მისნობა,
მარტი, უამინდობა, ბედის უღვთო თამაში
და გახელილ თვალებში, ჰოი... მარადისობა!..
მიდის სუნთქვა, სურვილი, ნდომა და უკმარობა,
ვინ დაადო შენს სურვილს საუკუნო ყადაღა?!
დაიღალა სხეული ყალბი უანგარობით
და გაფრენის სურვილმა ისტორია დადაღა!
შორს, უსაზღვრო სივრცეში გაიხლიჩა ფანტომი,
დაეფინა ქვაფენილს აჩრდილები წარსულთა,
უკვდავებას აკლდა ის, მხოლოდ ერთი ნახტომი
და მუზების სახელით, ღმერთო, ისიც აღსრულდა!