*** "უნდა მენატრებოდე" ექსკლიუზივი
უნდა მენატრებოდე, რომ არ ჩაქრეს კოცონი,
სიზმრებს უნდა ველოდო,
როგორც ღვთიურ სასწაულს...
უნდა ვეომებოდე დარდებს,
გულზე მოწოლილს,
რომ შენს თვალებს
როგორმე სიყვარული ვასწავლო...
ჯერ მე უნდა დავიწვა მეტეორის წამებით,
ჯერ მე უნდა შევასკდე
კლდეებს, ქარით ალესილს,
სულში უნდა მტკიოდეს უხილავი გამები,
რომ შენს სხეულს
როგორმე შევაჩვიო ალერსი...
ჯერ მე უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან სულეთში,
პირველმა გამოვცადო დედამიწის სიგრილე,
რომ შენ მიხვდე,
სიცოცხლე არ ყოფილა სულერთი,
ჩემამდე და ჩემს შემდეგ, არ ყოფილა იგივე...