გრიგალაშვილი ნოდარ
გაზიარება

თუ მომაგონდით ექსკლიუზივი

ბინდი იჭრება თეთრი მორებით,
საღვთო საკლავი ცეცხლზე შიშხინებს,
თქვენ დანდობილად მიმეორებდით,
რომ გულს ვერავინ ვერ შეგიშინებთ.
დაკარგულია აქ გზაწვრილები,
ყალყზე შემდგარა
კლდე და ბილიკი,
გთხოვდით,
წყარომდე
ჩაგაცილებდით,
თქვენ აიკელით ხევი ქილიკით.
ის სიბნელეთი მოგპარეთ ნაზი
სხეული თეთრიდა უსუსური...
და თქვენს მზერაში იწვა ავაზა,
გაყუჩებული და გალურსული...
ჩამოვიარეთ ტყე და მინდორი,
გამოზაფხულის სველი ხალიჩა,
ო, დედოფალო, თუ მოიგონებთ,
ო, ძველი გრძნობა თუ გადაგირჩათ.
დღესაც იმგვარად ირევა ბინდი,
კაცები კლავენ საღვთო ზვარაკებს,
მდინარე ისევ თავის გზით მიდის,
ყველას მაგივრად მოლაპარაკე.
ამაღამ ვიცი, მოვა მეწყერი,
დაიკარგება ღელეზე ბონდი,
ო, დედოფალო, ნუ გამიწყრებით
თუ მომელანდეთ, თუ მომაგონდით...

??????