ციცინათელა
ჩემო ციცინათელა!
რად მიჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა!
ანათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!
ჩემი იყო, ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!
აბრეშუმის პეპელა,
ფუტკარი და წურბელა,
შენზედ სარგებლიანი
შენ გენაცვალოს ყველა!
წურბელა მკურნალია,
მაგრამ ცოტა მყრალია…
მშიერი - სისხლის მტერი,
რომ გაძღება - მთვრალია!
მაშ რად მინდა წურბელა?
მან გული დამიბნელა!
ისევ შენ და ისევ შენ,
ჩემო ციცინათელა!
მეორე თაფლს და სანთელს
გვიკეთებს და სარგებელს
მით გვაძლევს, მაგრამ კბენით
გვისივებს ცხვირ-პირს და ხელს!
მაშ რად მინდა ფუტკარი,
მკბენარი, მოისარი?
ისევ ციცინათელა,
უწყინარი ის არი!
მესამე ტანს გვიმოსავს,
წყნარია და არ იქმს ავს,
მაგრამ უგნურებითა
პარკში იღრჩობს თავის თავს!
მაშ რად მინდა პეპელი,
უგნურად თავის მკვლელი,
და როგორ არ მერჩიოს
მასაც ციცინათელი?
ჩემო ციცინათელა,
საით ჰფრენ ნელა-ნელა?
მე ვარ შენი ერთგული,
სხვა მოგატყუებს ყველა.
მებრალები, - კარგი ხარ!
და ვაი, სხვის ბარგი ხარ!
სხვებს ბნელშიაც უნათებ,
მე კი დღეც არ მარგიხარ.
ნეტავ რისა გაქვს რიდი?
ჩემსკენაც გამოფრინდი,
ნათელი მომაფინე,
მეც გამინათე ბინდი!
კმა, რაც დღემდის ვიწამე;
აწ საყვარლად მიწამე
და მაშინ შენს სიყვარულს
დამავიწყებს მიწა მე!..
ჩემო ციცინათელა,
სადღა ჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორ-შორ ნათებამ
უდროოდ დამანელა!..