ძირს
(სიმღერა)
ძირს, მთავრობავ, უსამართლო!
ვეღარ ვიტანთ გასაჭირსო, -
ყოველი მხრივ გეძახიან:
“ძირს, მთავრობავ! აწ კი ძირსო!”
კმარა ისიც, რაც ვითმინეთ,
გვიმატებდი ჭირზე ჭირსო!
ის აღარ ვართ, რაც ვიყავით,
გავიღვიძეთ და აწ - “ძირსო!”
ჩვენის სისხლით, ჩვენის ოფლით
უხვად რწყავდი ქვეყნის პირსო, -
დღეს ეს აღარ მოხერხდება,
გეუბნებით მიტომ: “ძირსო!”
ბნელს ნათელმა მოაშუქა
და ერთ რამედ ესეც ღირსო!
ძველი წესი-წყობილებაც
ბნელს გაჰყვება და შენ - “ძირსო!”
შენგან, ძალაუნებურად,
არ მოველით დანაპირსო.
ჩვენ მოვუვლით ისევ ჩვენს თავს,
არ გვინდებხარ, - “ძირს და ძირსო!”
ძალას ჰკარგავ, ის გაწუხებს,
აღარ გიხსნის დანა პირსო,
მაგრამ რა ვქნათ? ქვეყნის ტანჯვას
სჯობს იტანჯო ერთმა - “ძირსო!”
ხალხი იბრძვის! ხალხი ჰღელავს!
ვეღარ ასდებ აწ აღვირსო!
ყოველის მხრივ შეგძახიან:
“ძირს, მთავრობავ, ძირს და ძირსო!”