ნეტავ ჩემ თავს არა ვგავდე ექსკლიუზივი
ნეტავ ჩემ თავს არა ვგავდე
(ჩემი არაფერი მინდა),
სანატრელი არაფერი არა მქონდეს ამ ქვეყნად.
ნეტავი შენ იას ჰგავდე, არა ჰგავდე ადამიანს,
იასავით არ იცოდე, რომ კარგი ხარ, როგორც ია,
გიყვარდე და არ იცოდე, სიყვარული რასა ჰქვია,
მე შენს თმაში თითებს ვხვევდე,
სხივებივით ცხელს და მზიანს,
როგორც მზის სხივს გაზაფხული გაუზრდია,
თუ მოგჭარბდე,
მოკვდავივით არ ინატრო წვიმა ციდან თუ მოგაკლდე,
მოკვდავივით არ იტირო `მზესთან მინდა...~
გარედან არ მოიმოსო ძაძა, არცა ბნელი რიდე,
შავი ძაძაAმოჟონავდეს შენი ლურჯი თვალებიდან,
შენი ხმიდან მოჟონავდეს, მხრებიდან თუ ხელებიდან,
ენამჭევრმა რაყიფებმა,
ქებით სულს რომ გხდიან ახლა,
მიწისგან ვერ გაგარჩიონ,
ჩაგიარონ გვერდზე მშვიდად,
შენი ძაძის გახდა ჰგავდეს
წამოდგომას სამარიდან,
ერთმანეთი მოგვწყურდეს და,
შენ აქედან, მე იქიდან,
ლეთის წყალი ყლუპად შევსვათ,
გზა გამოჩნდეს სულეთიდან...
არც ცოლივით მომეგებო,
რომ ინახავს ნამუსს წმინდად,
არც ისე ვით საყვარელი,
უნახავი დიდი ხნიდან,
არც ღიმილი მომაგებო,
არც ცრემლები თვალებიდან,
არ მიამბო, რა გადაგხდა
ამა წლამდე, ამა წლიდან,
შევხვდეთ, თითქოს გამოვედით
ერთმანეთის სიზმრებიდან;
სიზმარ-ცხადი აგვერიოს _
ცხადს ვყვებოდეთ სიზმარიდან...
ჩვენს მხრებზე გზა გადიოდეს
სამზეოში.
სულეთიდან.