ჩემი სონეტი №1 ექსკლიუზივი
`ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს,
შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა”.
ჰაფეზი
ბევრი ვიკითხე პოეზია მე ევროპული,
დედანში ჩუმად ვკითხულობდი პლატონს და საპფოს.
ბევრი რამ იყო მშვენიერი და ეროტული,
იღბლიან პოეტს უდაბნოში თოვლად რომ ათოვს.
ბევრი რამ იყო სამუდამოდ თანადროული,
ბევრი რაინდი ბროწეულის ნატრობდა ნაყოფს.
მაგრამ მათ მზერას ახლდა წყევლა ძველი, ტროული...
წყევლა, რომელიც პოეტის გულს შიგნიდან აპობს.
ევროპის თოვლში ამოსული შირაზის ვარდი
ბგერს, როგორც რილკე-შელლი-დონნ-ის მშვიდი პოპური...
მე ცამეტი წლის ანნაბელლ ლიმ მაჩუქა დარდი
და სევდა, სევდა, სევდა ედგარ ალლან პოური.
პოეტი ყველა მკვდარი არის _ მეცა და საპფოც...
ჩვენ ველით, ველით, როდის მოვა ჰაფეზის სატრფო.