ბედოშვილი ლია
გაზიარება

მეტეხის ტაძარს ექსკლიუზივი

სულიერ მამასა და მოძღვარს, მამა აკაკის
ნაწამებ ტაძარს მეტეხისას
ვუგალობ გზნებით...
ეჰა, დიდება შენს სიწმინდეს
და ძალას ღვთიურს...
მიწიდან ცამდე ელვარეს
და ლოცვად აღერილს
გიმღერებს ლექსი
პოეტის და მლოცველის შენის...
წმინდა არს ტინი,
რომელშიდაც ფესვებგამდგარი
ბერმუხას ჰგავხარ,
გადამწვარს და უწყალოდ ნაჩეხს,
მტკვარი წითელი ჩამოივლის,
ჩამოატარებს
ქართველთა თავებს,
იესოსთვის ნაგვემ-ნაწამებს...
ჯურღმულებიდან ისმის კვნესა
შეთქმულ ვაჟკაცთა,
რომელთა გულშიც სიყვარულმა
საღვთოდ იალა,
რამდენის ტუჩი გასისხლდა და
ლოყა გაბაცდა,
რამდენმა ქალმა უფსკრულისკენ
ჩაიშრიალა...
წმინდა არს ყოვლი ქვაკუთხედი
შენის ტანისა
და გუმბათს შენსას მზე კი არა,
ღვთის მადლი დასდის,
თუმცაღა `ქართლის ცხოვრებაი”
ისევ განისლდა,
კვლავაც წყალობით აივსება
ღვთისმშობლის თასი...
აქ წყაროც ტირის,
ცრემლებია ჩვენის უფლისა,
ლოცვად გვეძახის მყუდროება
წმინდა ალაგის,
დასთმეთ გნიასი ცრუ, ამაო
წუთისოფლისა,
დატოვეთ წვირი აღრენილი,
ავი ქალაქის;
ემთხვიეთ კედლებს ხავსმოდებულს,
დაკოჟრილს, დაღლილს,
ჯვარცმული ღმერთის სისხლი,
ხორცი გაიზიარეთ.
გუმბათს ტაძრისას მზე კი არა,
ღვთის მადლი დასდის,
ჯერ დაიჩოქეთ ჯვარ-ხატთან და
მერმე იარეთ!
ლოცვად გვეძახის მყუდროება
წმინდა ალაგის,
აქ წყაროც ტირის,
ცრემლებია ჩვენის უფლისა,
თავისუფლება ქარვასლების
ჭუჭყში არა ღირს,
თავისუფლება ტარებაა
საღვთო უღლისა!
და მღერის ყოვლი ქვაკუთხედი
შენის ტანისა,
გუმბათს აღერილს
მზე კი არა,
ღვთის მადლი დასდის,
თუმცაღა `ქართლის ცხოვრებაი”
ისევ განისლდა,
კვლავაც წყალობით აივსება
ღვთისმშობლის თასი...

??????