ქინქლაძე ზაზა
გაზიარება

დის ქორწილი ექსკლიუზივი

შენი რთველიც დადგა, ჩემო რუსუდან,
შენი ნადი-ნანდაურიც ნადიმობს,
მეც აქა ვარ და დათრობა გულს უნდა,
გულში ახლა დარდის მგელი ნადირობს.
დაი, ჩემო აკვნისმტეო, ფერიავ,
ნატრულეთში მახსენდები, ჰოდა
მენანები, როგორც ცეცხლი კერიას,
როგორც მთაში ჩვენი ძველი ოდა.
ეს ბუხარი რა ტკბილ ზღაპრებს ჰყვებოდა,
თეოზე რომ იწვა ღამე გარეთ,
რა ლამაზად ღვივოდა და ცხვებოდა
იმ ღადარში ჩვენი მზე და მთვარე.
თეთრმა ჩიტმა, გახსოვს, როგორ დალია
ფანჯარასთან რძე, _ არჩივი ჩვენი?
რატომ დუმან ის დღეები, დაია,
როგორც სხვენზე თოჯინები შენი?
ბუხრის თავზე ბეღურები თბებიან,
ყურს გვიგდებენ, ქარი ფიფქებს პენტავს,
მის ქორწილში ვერ აცეკვეს ბებია,
ახლა რატომ არ იღლება ნეტავ?
ეჰ, დავთვერი, აბა, რა დროს ესაა,
_ ქორწილია! ჭურს მოხადეთ როგო!
გესმის, ჭერო? შენ თუ გესმის, აკვანო?
გაგვითხოვდა ხუთკუნჭულა გოგო.
გზა მშვიდობის, ასფურცელავ, ფიფქიავ,
თეთრო რაშო, ნატვრისთვალო, ცისკარავ!
ფასკუნჯები სხვა მხარისკენ მიქრიან,
სხვა მინდვრებზე მიბალახობს წიქარა.

??????