სულაკაური გიგი
გაზიარება

ლაბირინთი ექსკლიუზივი

მე მსხვერპლი ვარ საკუთარი
ლოგინისათვის,
მისი მსხვერპლი ვარ დაბადებიდან,
სამუდამო, ვიდრე ბოლომდე...
ჩემი ლოგინი ლაბირინთია,
სადაც შეღწევა ისეთივე ურთულესია,
როგორც იქიდან თავის დაღწევა.
იქ არც მზე არის და არც მთვარეა,
რომ გაანათოს სველი სიცხე
ერთმანეთში ჩახლართული
ლაბირინთის უჰაერო დერეფნებისა,
ჰო, ერთმანეთში გადახლართული,
ნერვებისგან დამსხვრეული თითების
მსგავსად...
დაძინება რა სათქმელია,
ძილს დრო ჭირდება, ჟამი, ეპოქა,
მთელი კვირა, დეკადა და თუ მაინც
დაგდო პატივი და მოგეახლა,
ფერით, სუნით ვცნობ, რომ იქ არ მოვხვდი,
სადაც მინდოდა,
სადაც კარგ ბილიკს მიყავს ხოლმე
ადამიანი...
ვცნობ-მეთქი, რადგან არ მეორდება
გასასვლელები, ოთახები, არც _ ჩრდილები,
ვეღარავის და ვერაფერს ვეღარ ვპოულობ
და თუ შემთხვევით ვინმე უცნობს
გადავეყარე,
დაზაფრულები,
რახან ორივეს გვეშინია ერთიმეორის,
მაინც დიდხანს, უხმოდ ვსაუბრობთ,
განცვიფრებულნი საკუთარი ტელეპატიით...

??????