ჩხეტიანი თემურ
გაზიარება

პეპელა, ყვავილი, მე 

მე ვზივარ მუხის კუნძზე

და ბალახის ღერს ვაწვალებ ტუჩებით,

და ვუცქერ ეულად ამოსულ ყვავილს, 

რომელზეც პეპელა ზის. 

ყვავილი თეთრია,

პეპელა _ ჭრელი.

ფერები: წითელი, ყვითელი, შავი...

პეპელას უთრთის ლამაზი ფრთები;

ყვავილი ნარნარად ირწევა,

მე კი უბრალოდ, ვზივარ და ვუყურებ. 

მაინცდამაინც მე

მაინცდამაინც ეს ყვავილი,

აქ, ახლა, ამ ადგილას და ამ წუთებში.

და რატომ, მაინცდამაინც ჩვენ?!.. 

ხომ შეიძლებოდა ამ ადგილზე 

მჯდარიყო სხვა პეპელა და სულ სხვანაირი? _

უფრო დიდი, უფრო პატარა;

სულაც თეთრი და სხვაგვარად ნახატი...

ქვეყნად რამდენი პეპელაა,

ყვავილს რომ ეძებს. 

ხომ შეიძლებოდა რომ ამ ადგილას

სხვა ყვავილი ამოსულიყო? _

სხვა სიმაღლის, სხვანაირი ფორმის,

არა თეთრი, არამედ ლურჯი, 

ვარდისფერი, ყვითელი, ჭრელი...

ქვეყნად რამდენი ყვავილია,

ეულად გაშლილი. 

და ისიც ხომ შეიძლებოდა, 

რომ ამ კუნძზე ახლა, ამ წუთას 

ჩემს ნაცვლად სხვა მჯდარიყო და იმას ეფიქრა:

ჩემზე ჭკვიანს ან ჩემზე ლამაზს

ჩემზე ხნიერს ან ჩემზე სულელს...

ქვეყნად რამდენი ვინმე არის

დამნახავი და მოფიქრალი!.. 

შესაძლებლობა იყო, ალბათ, ძალიან ბევრი.

მრავალნაირი იყო, ალბათ, სამყაროს სქემაც

ვიდრე მართლა გაირკვეოდა,

თუ ვინ რა უნდა ყოფილიყო,

ვინ სად უნდა ამოსულიყო. 

ამ შემთხვევაში ყველაფერი გარკვეულია

მაინცდამაინც, ეს პეპელა

მაინცდამაინც, ეს ყვავილი

და, მაინცდამაინც, ეს მე _

აქ, ახლა, ამ ადგილას და ამ წუთებში.

ანუ სწორედ ის მისაღები შესაძლებლობა, 

რომელიც ღმერთმა

მრავალთაგან ამოარჩია. 

ერთადერთი ვარიანტი უამრავთაგან,

და სამყაროც ისეთია,

როგორიც არის.

??????