გაბური ალექსანდრე
გაზიარება

*** "ვინ დამიბრუნებს ჩამქრალს და ჩავლილს?" ექსკლიუზივი

ვინ დამიბრუნებს ჩამქრალს და ჩავლილს?
ვინ დამრეკს ავად ჩამომწყრალ ზარებს?..
გამოვიტირე ქარიდან ქარი,
გამოვიტირე ღამიდან ღამე.
არ გიმძიმს? _ მიწად ქცევისკენ დახრილს
თუ ჩემს ბედს ხელისგულებს აფარებ,
შენ კარგად იყავ, მზად არის ხალხი
და დროშასავით ჩამომატარებს.
გამოიგლოვებს ჩრდილების ჩადრით
მწყურვალ ძახილს და მოლოდინს უკმარს...
დავასამარე სიკვდილის ლანდი
და თავდახრილი ვბრუნდები უკან.
გამოყოლილი თვალები შრება
ჯვარდაწერილი ერთგული ხელით.
გამოვიტირე ტკბობიდან შვება,
გამოვიტირე ტანჯვიდან ცრემლი.
და მოადგება ნაპირს შორიდან
სისხლი, წარმართის ვნებებით მღვრიე.
მოვალ, აპრილის ხელით მოგიტან
ჩემს ტკივილებზე ამოსულ იებს.

??????