გაბრაზებული ლექსი ექსკლიუზივი
ვეღარ ვწერ ლექსებს, სიყვარულის ფარდა დაიმსხვრა,
ქარმა წაიღო სიმსუბუქის განთიადები,
ვეღარ მოვუხმობ ლექსის ჭინკებს სულის ზღაპრიდან,
შენი ხილვითაც ვერასოდეს გავდიადდები.
ვეღარ ვწერ ლექსებს, დავივიწყე სამყაროს ენა
და ვჩეხავ ხეებს უდრტვინველად, როგორც მინდია,
ვარ განძარცული, არ მაღელვებს ღიმილი შენი
და განთიადიც ჩემთვის ახლა უკვე ბინდია.
თქვენ რაც გსურთ ქენით, აღარა ვდევ არეულ დრო-ჟამს,
სულში ჩამჩეხეთ _ ალბათ ჩემზე ესეც ახია,
გამოიტანეთ ჩემი სულის ფერმკრთალი დროშა,
გამოიტანეთ და კალთები ჩამოახიეთ...
მერე დამძიძგნეთ, შემასიეთ სვავების გუნდი,
ასე ხომ დაჭრილ არწივს ჯგვლემენ ბილწი ყვავები,
მე წავალ ცისკენ და მანამდე არ დავბრუნდები,
ვიდრე ეს მიწა სიძულვილს არ დაიყვავილებს.
აჰა, მივდივარ, დე გაისხნას ყველა ურდული,
სიჩუმეები ახლა მკლავებს დაიმკლავებენ,
აღარ მაღელვებს, ჩემო მტკვარო, შენი დუდუნი,
აჰა, მივდივარ და ხარხარით მომდევს კაენი.
გავივლი ჩუმად შენს ვარდისფერ სიცარიელეს,
ერთს კი მოვხედავ დედამიწას ბროლის ყანიანს,
მერე დავკეცავ განცვიფრების ცისფერ ჰიელეს
და ცისკენ მხოლოდ შენს სიყვარულს გავიყოლიებ.