ნაცვლიშვლი პაატა
გაზიარება

მოგზაურობა იტალიაში ექსკლიუზივი

მამას
მე არ ვუყურებ, ეს _ შენ უყურებ რომს და პადუას ჩემი თვალებით,
ჩემს წინ კი არა, შენს წინ დადიან იტალიელი ამორძალები.
ციცქნა კაპელის იდუმალ თაღქვეშ შენ შეგეგება ფრესკებით ჯოტო,
სან-ანტონიოს დღეს მე კი არა, შენ გადაუღე ფერადი ფოტო.
შენ გესალმება გატამელატა, გაჯერებული სისხლით და ომით,
ივსები რომით და ბოლონიით და ფლორენციით და ისევ რომით.
ეს _ მე კი არა, შენ უმზერ ახლა ჯულიანოს და ლორენცოს მზერას
ისე უბრალოდ, თითქოს ჩვენს ბაღში ძირს ჩამოცვენილს კრიფავდე ჭერამს.
აჰა, უფიცი, პონტე ვეკიო, აჰა, პერსევსის მოჭრილი თავიც!
ჩემთვის ერთია, შენ კი ასხვავებ ერთმანეთისგან სამივე დავითს.
შენ ესალმები ბრინჯაოს მხედრებს, დაღლილებს ცხენზე ამდენხანს ჯდომით,
ივსები რომით და ფლორენციით და ვენეციით და ისევ რომით.
შენ ხედავ, როგორ ირეკლავს სხივებს სან-მარკოს ტაძრის ოქრო და ვერცხლი,
დოჟთა სასახლის აჟურულ სვეტზე შენ შეამჩნიე _ ბუდეა მერცხლის.
შენ გესმის, როგორ ხმაურობს ხალხი, როგორ რეკავენ მავრები ზარებს,
როგორ სიმღერით მიდის გონდოლა სადღაც სან-ჯორჯო-მაჯორეს მხარეს.
იტალიაა! აქ ყველაფერი გაოცებს ფორმით, ფერით თუ ზომით.
ივსები რომით და ვენეციით და ფლორენციით და ისევ რომით.
შენ ესალმები პიეტას, მოსეს, სიქსტის კაპელის პლაფონს თუ ფრესკებს
და წმინდა პეტრეს ტაძრის მტრედები ჩემსკენ კი არა, მოფრენენ შენსკენ.
შენთვის მორთულა რომის ძუ მგელი, რომის ფორუმი და რომის პაპი,
ფონტანა-ტრევი შენგანაც ელის ლირას და ლირას, კაპიკს და კაპიკს.
შენ მოგეწონა, რაც მომეწონა და შენ მოგინდა, რაც მე მომინდა.
ავდივარ ტრაპზე. მე არ მოვფრინავ, ეს _ შენ ბრუნდები ახლა რომიდან.

??????