საჯაია გიორგის ინტერვიუ
გაზიარება

ინტერვიუ გიო საჯაიასთან 

კორესპოდენტი: ნათია ჯანაშია
 
გიორგი საჯაია: დავიბადე 1975 წლის 3 ოქტომბერს. მოსამსახურის ოჯახში, ერთი სიტყვით, არაფერი საინტერესო;
"ვარ, ვცხოვრობ წიგნების თაროზე,
მე, ერთი უბრალო ბროშურა."
- როგორია შენი ერთი რიგითი დღე?
ლექსიდან ამონარიდით გიპასუხებ:
"იცი, როგორ ვარ? როცა შენში თავს იჩენს ნიჭი
მისნობის, ისე ერთფეროვნად გადის ყოველდღე
ერთი ცხოვრების ერთი მთელი ცხრა მეათედი,
ყოველთვის ერთი სადგურიდან, ასევე ერთი
მიმართულებით, ზუსტად იცი ხვალ რა მოხდება:
როგორ პოზაში გაიღვიძებ, სად წახვალ, ან ვინ
შეგხვდება გზად და რა ეცმევა, რას გეტყვის სხვას და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე..."
- ცხოვრება არის ფაქტების ერთობლიობის ჯაჭვი  თუ ერთი დიდი რომანტიული თავგადასავალი?
პრინციპში, ცხოვრების ეს ორი განსაზღვრება ერთმანეთს არ გამორიცხავს. მე ვიტყოდი, რომ ცხოვრება არის ფაქტების ერთობლიობის ჯაჭვით შეკრული ერთი დიდი, რომანტიკული თავგადასავალი.
- ერთგული მუზა თუ გყავს?
მუზა - ვერ გეტყვი, რას ნიშნავს ეს სიტყვა. პირველი, რაც ამ სიტყვასთან დაკავშირებით მახსენდება, ცხონებული ნათლიაჩემი მუზა თოხაძეა. იოსებ ნონეშვილთან მეგობრობდა, ერთხელ ბატონ იოსებს დაურეკეს და ჰკითხეს, შემთხვევით მუზა თქვენთან ხომ არ არისო, მანაც გულწრფელად უპასუხა: "მუზა ხან მოდის და ხან მიდისო"... შთაგონების წყაროს თუ გულისხმობ, ყველაფერი ხასიათზე და განწყობაზეა დამოკიდებული და გამომდინარე იქიდან, რომ ამ მხრივ ძალიან ცვალებადი და მერყევი ვარ, ვერ ვიტყვი, რომ ერთგული ავტორი ვარ, ჩემი ეგრეთ წოდებული მუზებისთვის, მათი რა მოგახსენო და აი მე კი, "ხან მივდივარ, ხან მოვდივარ".
- პოეზია რომ არ არსებობდეს, რითი შეივსებდი ამ სეგმენტს, სიცარიელეს. რომელ სფეროში იქნებოდი წარმატებული?
ახლა ალბათ უპრიანი იქნებოდა მეთქვა, პოეზიის გამოგონებით-მეთქი, მაგრამ ტყუილი იქნება. სინამდვილეში ფიზიკა და ასტრონომია მიტაცებს ძალიან.
- თუ არსებობს პოეტის პოეტური ავადმყოფობები, პოეტური დეპრესია, ლექსის ან სათქმელის დეფიციტი?
რაც შეეხება პოეტურ დეპრესიას, ეს არის მდგომარეობა:
"არაფერი როცა არ ხდება
გარშემო. როცა გასართობად რამეს იგონებ,
ამბავს რომლიც უნდა მოხდეს, ან უკვე მოხდა
და რა თქმა უნდა ტრაგიკულად დასრულდა შენთვის,
ან დასრულდება და მერე ამ გამოგონილი
ტრაგედიების ანჟანბემანს აყოლებ ჩაის
და შიგადაშიგ შაქრის ნატეხს..."
მოკლედ - ეს მხოლოდ მითია, სხვა არაფერი. აი სათქმელის დეფიციტი კი ერთობ სერიოზული თემაა. ბრძენია კაცია ხარანაული, რომელიც ამბობს, რომ "ყველაზე ძნელი პოეზიაში სათქმელის ქონაა"-ო. როგორც რუსები იტყვიან: все остальное лишь дело техники.
- უდროობის ფობია თუ გაწუხებს.
პირიქით, შეიძლება ითქვას, მაწუხებს ის, რომ დროის შეგრძნება საერთოდ არ მაქვს, თუმცა, არც ეს საკითხი მაწუხებს დიდად. ქრონოფობიით შეპყრობილი ადამიანების სრული ანტიპოდი ვარ.
- როგორი ცხოვრებით ცხოვრობ შინაგანი წვის პროცესის არ ქონის დროს?
წერა ერთგვარი ნარკოტიკია, რომელზეც მე იმდენად ვარ დამოკიდებული, რომ თამამად შემიძლია ვთქვა: როცა არ ვწერ, შესაბამისად სამყაროში არც არაფერი ხდება ჩემთვის საინტერესო, ანუ ჩემს გარშემო ყველაფერი არაფრის ტოლფასია, სიცარიელეა და მორჩა – არაფერი. სინამდვილეში, შინაგანი "მე" ყოველთვის მუშაობს ამ მიმართულებით: ეძებს საჭირო, სიტყვებს, ფორმებს, მუსიკას, პეიზაჟს, გარემოს, სახეებს, მიმიკებს, ემოციებს, განწყობებს... უხამებს მათ ერთმანეთს, უკირკიტებს, ან უბრალოდ ალაგებს მეხსიერების თაროებზე და გარკვეული დროის მერე უბრუნდება. საქმე იმაშია, რომ მე არ მივეკუთვნები იმ ავტორთა რიცხვს, რომლებიც დღეში 50 ლექსს წერენ, შეიძლება მთელი წელი არაფერი დავწერო და მთელი ამ ხნის გმანძილზე ერთ ლექსზე ვიფიქრო (ზოგი ამას ლექსზე მუშაობის პროცესს ეძახის და მეტიც, მკრეხელობადაც კი მიაჩნია ეს პროცესი, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარი პოზიციაა), შესაძლოა, საბოლოო ჯამში ამ ნაფიქრალ-ნააზრევს არც კი ეღირსოს დღის სინათლეზე გამოტანა, მაგრამ ეს იმას სულაც არ გულისხმობს, რომ არ ვწერ. ბოლოს და ბოლოს "რა საჭიროა ნაწარმოების დაწერა, თუ კი მასზე ოცნებაც კი ესოდენ სასიამოვნოა", ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის წერა, როგორც ასეთი, ფურცელზე ნააზრევის გადმოტანით არ შემოიფარგლება, ეს უფრო მუდმივი პროცესია, რომელიც ისევე ბუნებრივად მიმდინარეობს, როგორც, ვთქვათ, სისხლის მიმოქცევა და წარმოიდგინე ახლა, რა შეიძლება მოხდეს ჩემში საინტერესო მაშინ, როცა ეს "მიმოქცევა" გაჩერდება – არაფერი, სრულიად არაფერი. სიცარიელე...
- როგორ ფიქრობ, პოეზიაში უკვე თუ გაქვს შენი სიტყვა ნათქვამი, ბევრს პირველი გონიხარ თანამედროვე პოეტებში?
პოეზია სპორტული შეჯიბრი არ არის, პირველი, მეორე მესამე და ასე შემდეგ ადგილები რომ გამოავლინო. ვისაც ჰგონია, რომ პოეტის თვითმიზანი პირველობისკენ სწრაფვა უნდა იყოს, ასპარეზიც მათთვის დამითმია. რაც შეეხება "ჩემს სიტყვას პოეზიაში", ამაზე ვერაფერს გეტყვი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არასდროს მიფიქრია ამ საკითხზე. შესაძლოა, ვთქვი კიდეც რამე საინტერესო, მაგრამ არამგონია ჩემი თაობის სხვა პოეტებისგან განსხვავებული და უფრო მნიშვნელოვანი მეთქვას რამე. ნებისმიერ შემთხვევაში თანამედროვე, ანუ დღევანდელი პოეზიის ტენდენციებზე საუბარი გაცილებით უპრიანი იქნება ხვალინდელი გადმოსახედიდან, ეს კი, ცალსახად, მომავალი თაობების პრეროგატივაა.
- თანამედროვე ქართველი პოეტებიდან ზოგიერთი თვლის, რომ პოეზია მოკვდა. რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით?
თავის დროზე ნიცშემაც მოკლა ღმერთი, მაგრამ ჩემი ნიცშესადმი უდიდესი პატივისცემისდა მიუხედავად, დღეს ის რიოკკენის სასაფლაოზე განისვენებს და რამდენადაც ვიცი მის საფლავსაც კი ემუქრება "ღმერთი" განადგურებით.
- თუ მოდის ახალგაზრდა პოეტების ისეთი ღირსეული თაობა, რომელთა მხრებზეც თამამად შეიძლება გადაინაცვლოს ქართულმა პოეზია?
რა თქმა უნდა მოდის. ღმერთმა არ ჰქნას, რომ ასე არ იყოს! შენის ნებართვით გვარებს არ დავასახელებ, შემთხვევით რომ ვინმეს გული არ დავწყვიტო, მაგრამ პირადად მე მყავს რამდენიმე “ჩემი რჩეული” ახალგაზრდა ავტორი, რომელთა შემოქმედებასაც  ყურადღებით და დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს და რომლებისაც ძალიან მეიმედება.
- გაქვს ამბიცია გაცდე საზღვრებს და შედგე სახელოვან პოეტად?
მგონი ამ კითხვაზე უკვე გიპასუხე. ლიტერატურა, ჩემთვის გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ლიტერატურა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ეს ის სამყაროა, რომელშიც საზღვრები უბრალოდ არ არსებობენ, არ არსებობენ არც სახელოვანი და უსახელო ავტორები, არსებობენ მხოლოდ მეტ-ნაკლებად კარგი ავტორები. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, არსებობენ სხვა სახის ავტორებიც, მაგრამ მათ ამ სამყაროში არაფერი ესაქმებათ, მათ თავის სამყარო აქვთ, შეზღუდული სამყარო: საზღვრებიანი, ამბიციებიანი, ჯილდოებიანი, აპლოდისმენტებიანი, პოსტამენტებიანი,  პიედესტალებიანი, ძეგლებიანი და ასეშემდეგებიანი.
- რითი ხარ გამორჩეული?
არაფრით, სრულიად არაფრით. ჰესეს მოვიშველიებ ამ შემთხვევაში და ვიტყვი, რომ ჩემ და მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ რამით გამორჩეული და სხვებისგან განსხვავებული ვარ, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ისინი უცნაური დაჟინებით ეძებენ ამ განსხვავებას.
- შენს ცხოვრებაში ყველაზე უხერხული სიტუაცია ან ყველაზე არაორდინალური ნაბიჯი, რომელიც გადაგიდგამს ცხოვრებაში და პოეტობისთვის დაგიბრალებია.
სიმართლე გითხრა, არ მახსოვს ბოლოს როდის და რა ვითარებაში ვიგრძენი თავი უხერხულად. მგონი არაფერს ვაკეთებ ისეთს, უხერხული რომ იყოს.
არაორდინალურობით არ გამოვირჩევი, თუმცა, რომც გამოვირჩეოდე, არაფერია ისეთი, რასაც პოეტობით ვერ გაამართლებ. ჩემის აზრით, პოეტი ყველაზე "თავისუფალი გიჟია", ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელ "თავისუფალ გიჟებს" შორის.

2010 წ. სექტემბრი

??????