ჩვენს კეთილ სულებს გაუმარჯოს ექსკლიუზივი
ქალბატონებო და ბატონებო!
ძმებო და კოლეგებო!
არტისტებო!
ჩვენს კეთილ სულებს გაუმარჯოს...
ტყვეობაში ნამყოფ სულებს!
ხომ ჯვარზე აცვეს,
ხომ შხამი ასვეს,
ხომ ძმარი ადინეს,
ხომ ათრიეს უღრანებში,
თქვით –
დაგეღალათ?!
დაგიჩლუნგდათ?!
მზეს ვეღარ ხედავენ?!
დაკარგეს განა –
სინაზე მინდვრის ყვავილის,
ღვთისმშობლის სათნოება,
მზის სითბო,
მადლი სიყვარულის,
ძალა ქარის და
ერთგულების უზენაესი ნიჭი?!
მოიშინაურეს?!
მოიალაფეს?!
მოიღმურძლეს
დროის კაცთმოძულე კნიაზებმა?!
შეჰყარეს განა –
ოქროს სურდო,
განძის ანთება,
ბრჭყვიალა ქვების ტიფი და
მრუშობის განგრენა?!
ასწავლეს განა –
მამულის გაჩუქება,
ტყუილის ოსტატობა,
ოინბაზობა და
სუსხიანი ღიმილით
გახლეჩილი ბაგის
უცოდველ პოზაში დაყენება?!
ასწავლეს განა –
წინაპართა სალოცავების შებილწვა,
დედის ცრემლში შვილის ჩახრჩობა,
მკვლელობის ფილოსოფია და
უზნეობის მარტივი თეორიები?
ქალბატონებო და ბატონებო!
ძმებო და კოლეგებო!
არტისტებო!
ვერა, ვერ ასწავლეს,
და რაკი ვერ ასწავლეს,
ჩვენს კეთილ სულებს გაუმარჯოს –
შავთვალა მიმინოსავით
გაუწვრთნელ სულებს!