თედორაძე დავით
გაზიარება

სანთლის შუქი ექსკლიუზივი

ვაზი სულში გადავმალე,
ჯვარი – ჩუქურთმებში,
ვერ ჩამიქრეს წმინდა ხატთან
სანთლის შუქი მთებში.
ვერ ჩამიქრეს –
კლდე გამიხრავს ჯავრისაგან კბილით,
იავნანა მშველოდა და
კაბა-კალთის ჩრდილი.
შევინახე ხანძთის განძი,
ტაოს დარდი მწველი,
მეწყერივით მოვარდნილი
მიჩეხია მტერი.
კლარჯეთს ცრემლი არ გაუშრა,
ბევრჯერ მომატირა –
აღსრულდესო დედის ნატვრა, –
შესაწირავს სწირავს.
ვეფერები აჭარისწყლის
ხეობას და სივრცეს,
აქ არტანუჯს გავიხსენებ,
სულს იმერხევს მივცემ.
ვაზი სულში გადავმალე,
ჯვარი – ჩუქურთმებში,
ვერ ჩამიქრეს წმინდა ხატთან
სანთლის შუქი მთებში.

??????