ლეკიაშვილ ლექსოს ინტერვიუ
გაზიარება

ინტერვიუ ლექსო ლეკიაშვილთან 

კორესპოდენტი: ქვაჯაია ინგა
 
 
- ლექსო გვითხარი მოკლედ შენს შესახებ;

პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მოწოდებით იუმორისტი, ლექსებს ვწერ, მიმუშავია PR-მენეჯერად, რეკლამის სცენარისტად, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც კომპიუტერი და მასთან ურთიერთობა მიყვარს! ვარ სისტემური უზრუნველყოფის მოყვარული მცოდნე, ვფლობ რამდენიმე ასე თუ ისე საჭირო პროგრამას. 

- ვინ არის პოეტი - ვისაც ხალხი აღიარებს, თუ ვისავ თვითონ ჰგონია პოეტია?

პოეტი (და თუნდაც მწერალი) არის ის, ვის წიგნშიც ხალხი ფულს სიამოვნებით იხდის (ან გადაიხდიდა)! არ არსებობს პოეტი მკითხველის გარეშე! რაც არ უნდა გენიოსი გეგონოს თავი, თუ ვინმემ არ გაიგო შენი ნათქვამი, აზრი არა აქვს! ასე ვთვლი მე!

- იქნებ სხვა რამეც სჭირდება, თუნდაც დრო?

არა, დროის ფაქტორი გამორიცხულია! ეგაა ერთადერთი რამ, რაც დროს მართლა უძლებს! პირამიდებზე ძველია გილგამეში, მაგრამ ხალხი დღესაც ყიდულობს! იგივე ჰომეროსი, რომელიც თითქმის არგონავტების მითის ტოლია, მსოფლიოში უფრო და გაცილებით მეტი იყიდება, ვიდრე თუნდაც პუშკინი და თუნდაც გალაკტიონი! შემოქმედებაზე დრო არ მოქმედებს!

- პოეტის დრო და ამბიცია თქვენში;

არ მაქვს ამბიცია და არც მინდა, რომ მსოფლიოში აღიარებული პოეტი ვიყო. პოეტად არ ჩავითვლები, სანამ ბევრი ხალხი არ გამიცნობს!

- გაიხსენე შენი პირველი ლექსი

აუჰ! არ გამახსენო! პირველი ლექსი ქალის მოსახიბლად დავწერე, 15 წლის ასაკში. ის გოგო ვერ მოვხიბლე (ან როგორ უნდა მომეხიბლა, ის ლექსი რომ წაიკითხა და არ მომკლა, მადლობელი ვარ!), მაგრამ მერე დავამუღამე ლექსების წერა და მე თვითონ დავრჩი მოხიბლული! ასე, რომ მუზას არ შევუწუხებივარ, პირველი ლექსი სრულიად პრაგმატული მიზნებისთვის დავწერე. ეხლა აქ არ მაქვს, ქიზიყში, ჩემს მშობლიურ სახლში დავტოვე ძველი ლექსები, თორემ აგიტვირთავდით! 
რამდენად ძიებაში ხარ პოეზიაში?

მე ჩემს ლექსებს ვეძახი ექსპერიმენტებს. რამდენიმე მაქვს ლექსი, რომელიც რითმითაც და შინაარსითაც ლექსია, ანუ კლასიკურ სტილს არ სცდება. დანარჩენი სულ ექსპერიმენტებია, რომელიც, მართალი გითხრა, უფრო მეტად მომწონს, ვიდრე კლასიკური სტილის ლექსები. მე საერთოდ მაშინ ვწერ, როცა სათქმელი მაქვს რამე. ისეთი რაღაცეები, რომ ციდან ფრთოსანი ქალი ეშვება და ლექსებს მკარნახობს, სისულელეა. ციდან რომ მასეთი ქალი დაშვებულიყო ჩემთან, აღარც გავუშვებდი და აღარც ცოლს მოვიყვანდი ალბათ. ჰოდა, როცა სათქმელი მაქვს, და ლექსად ვამბობ, იმ სათქმელის მიხედვით ვამბობ და ვწერ, რისი თქმაც მინდა. ისე, საკმაოდ რუტინული სამუშაოა და ალბათ ამიტომაც ვწერ იშვიათად.

ჩანახატები ან ნოველები თუ გიცდია?

ჩანახატები ადრე, ჩემი თავი დიდი პოეტი რომ მეგონა, სხვისი მიბაძვით ვცადე, მაგრამ ისეთი შტერობა გამოვიდა, მე თვითონ შემეშინდა, მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო და თავი დავანებე! ისე, ჩანახატი, როგორც ფორმა, არ მიტაცებს და სხვისიც აღარ მაინტერესებს ხოლმე უკვე! ნოველებს რაც შეეხება, რამდენიმე მაქვს, ისიც იუმორისტული შინაარსის. სერიოზულად ვერ მოვეკიდე რატომღაც.
- ე.ი. მაინც მოსინჯე და მიხვდი, რომ მხოლოდ ლექსია შენი მოწოდება, შენი ექსპერიმენტი უნდა დაამთავრო, როცა..?

მაგასთან დაკავშირებით ერთი ანეკდოტი გამახსენდა (ხომ გითხარი, იუმორისტი ვარ-მეთქი): ფსიქიატრიულში მიდის კომისია, ათვალიერებენ ავადმყოფების საცხოვრებელ პირობებს, შედიან გასართობ ოთახში და ხვდებათ კლასიკური სიტუაცია - ზოგი ცეკვავს, ზოგი ხატავს, ზოგი კედელს თავს ურტყამს და ა. შ. მხოლოდ ერთი გიჟი მიხო ზის პიანინოსთან, ერთი კლავიში ამოუჩემებია და ურტყამს თითს ამ ერთადერთ კლავიშს - დოონ, დოონ, დოონ... 
კომისია ეკითხება ექიმს, რას აკეთებსო? უკრავსო - ექიმმა. როგორ უკრავსო, დაკვრა ხო ბევრი თითებით და ბევრ კლავიშებზე არისო? არაო, ექიმმა უთხრა - ვინც მასე უკრავს, ისინი ეძებენო და ამან იპოვა უკვეო!
ჰოდა, ღმერთმა ნუ ქნას და, თუ ვიპოვე, გავჩერდები ალბათ, აბა რომელი ჭკუათმყოფელი გინახავთ, ერთსა და იმავე კლავიშზე ან ლექსზე რომ მუშაობდეს?
- ადამიანმა, რომელსაც პრეტენზია აქვს პოეტობაზე, ალბათ სისტემატურად, ყოველი მხრიდან უნდა უყუროს საკუთარ თავს

პოეტი არის, როგორც მესანგრე - შეცდომის უფლება არა აქვს. ალბათ ამიტომაც ვიზღვევ თავს და ვამბობ, რომ მე ჩემი თავი პოეტად არ მიმაჩნია. მე ლექსებს ვწერ, მაგრამ სანამ ჩემი წიგნის ტირაჟი 10 000-ს არ გადააჭარბებს (ეს კიდევ ან მოხდება და ან არა, არც მაქვს ამბიცია და არც ლექსები მაქვს მაგდენი), მე პოეტი არა ვარ! ჩემნაირები არიან მილიონები, თუ მე მოვახერხე და ვიღაცას ჩემი სათქმელი გავაგებინე, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მეკისრება, იმიტომ, რომ შეიძლება, ჩემი სათქმელი არასწორი იყოს, ან სულაც, საფრთხეს შეიცავდეს ვიღაცისთვის. ჰოდა, ჩემი ცოდვები ცოტა მაქვს, რომ სხვას აღარ ჩავადენინო ჩემი სისულელეებით? 

- ლექსად თქმული სათქმელი, რომელმაც საფრთხე შექმნა? ლექსმა უნდა გასიამოვნოს შენც და მკითხველიც და შენ გგონია, რომ შენი ლექსი სხვა გეზს აიღებს ლექსის სამყაროში? მაშ რა აზრი აქვს ასეთ შემოქმედებას, გართობა?

აი, ზუსტად მანდ ვარ მეც - ნებისმიერი შემოქმედების მიმართ მომხმარებელი არის სუბიექტური! შეიძლება მე რაღაც ძალიან კარგი დავწერო, მაგრამ ამ კარგმა ვიღაცაში ძალიან ცუდი ემოციები გამოიწვიოს! გოეთემ რომ "ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი" დაწერა, ერთმა ღმერთმა იცის, რა ედო გულში, მაგრამ ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ გერმანიის ახალგაზრდების (ზუსტად არ მახსოვს) რამდენიღაცა პროცენტმა თავი მოიკლა! შემოქმედება არის ნამდვილი იარაღი - გაჭირვების დროს დაგიცავს, შიმშილის დროს დაგაპურებს, მაგრამ გამოუცდელ ხელში ძალიან საშიშია! ეს არის ის მითიური ესკალიბური, ქვაში ჩამჯდარი ხმალი, რომლის ამოღებაც მხოლოდ მეფე არტურს შეეძლო, იმიტომ კი არა, რომ ყველაზე ძლიერი იყო (იმხელა სამეფოში იქნებოდნენ ალბათ მასზე ღონიერი ხალხიც), იმიტომ, რომ მან მისი გამოყენება იცოდა. უნდა გავიაზროთ, რომ დღევანდელი მკითხველი ის აღარაა, რაც ადრე იყო  გიორგი ლობჟანიძეს აქვს გენიალური ფრაზა: მე აღარ ვარ აღარც ჰომო საპიენსი, და აღარც ჰომო ფაბერი, მე ვარ ის რაც ჩამგან შექმნა 21-ე საუკუნემ - ადამიანი-მომხმარებელი! 

ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ საქმე გვაქვს მომხმარებლებთან, და მომხმარებლის უფლებები კანონითაა დაცული! ჩვენ პროდუქციას ვაწარმოებთ და როცა მეწარმე ხარ, გინდა თუ არ გინდა, წარმოების სტანდარტები უნდა დაიცვა!

რაც შეეხება გართობას - პოეზია რომ თამაშია, ამაში მე მგონი, ყველა დამეთანხმება!

- ხანდახან აღიარებაც დაუმსახურებლად  და არა ერთხელ! თქვენ როგორ ფიქრობთ?

თანამედროვე პოეტები ზეგავლენას, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მხოლოდ იმ თანამედროვეებზე ახდენენ, ვინც დადის ლიტერატურულ კაფეებში, აქა-იქ საღამოებზე და ხელი მიუწვდება ინტერნეტზე. დანარჩენებამდე უბრალოდ ხმას ვერ აწვდენენ. ესენი ძირითადად არიან ახალგაზრდები, იმიტომ, რომ ჩვენი წინა თაობა ან კომპიუტერს და ინტერნეტს უყურებს ისე, როგორც ლენინი უყურებდა ბურჟუაზიას, ან კიდევ იმდენად დაკავებულები არიან, რომ დრო არ რჩებათ საამისოდ. არის კიდევ კატეგორია, რომელიც თვლის, რომ "გალაკტიონის შემდეგ როგორ უნდა გაბედო ლექსის დაწერა?" ეს ხალხი ამას ძირითადად ყელმოღერებით და წარბაწეულნი თვლიან ხოლმე.
ახლა რაც შეეხება იმათ, ვინც კითხულობს თანამედროვეებს და ზეგავლენის ქვეშ ექცევა - მათი ზეგავლენაც მხოლოდ "აი, ძაააან საყვარელი ტიპია"-დ და პოეტის "ტუჩებშენავლები" (მათი ტერმინია) სიგარეტის ბიჩოკების მოპარვად აისახება მათ საქციელზე. ძალიან ცოტა, თითქმის თითებზე ჩამოსათვლელია ხალხი, რომელსაც მართლა უყვარს, ესმის და ერკვევა პოეზიაში.
- ძალიან მსუბუქად და გაკვრით უყურებ მგონია ლექსების სამყაროს, შენ ყველაფერს შეადარე პოეზია პოეზიის გარდა, ამიტომ არის შენი ლექსები გაჯერებული არითმეტიკული სიმრავლით, იქნებ ისტორიის ან მენეჯმენტის სფეროში გეცადა თავი, მგონი კარგად გამოგივა, შენ ხომ ექსპერიმენტების მოყვარული ხარ, თეთრი ლექსები ტუ დაგიწერია?

თეთრი ლექსები ამ ბოლო დროს ვცადე, რამდენიმე ლექსი დავწერე, ორონდ ერთი პრობლემა მაქვს - ვერ ვიმახსოვრებ და ძალიანაც არ მომწონს თეთრი ლექსი, როგორც ფორმა.

- როგორც სჩანს  გაქვს ამბიცია ??? დოზით, თუ არა და რას მივაწეროთ შენი სურვილი შენი ნაწერი კითხვადი გახდეს მასებისათვივის?


რას მიაწეროთ? ფული მინდა! ის კი არ მინდა, რომ ჩემი წიგნი დაიბეჭდოს, მინდა, რომ გაიყიდოს! მინდა, რომ ჰონორარით ვიყიდო სახლი, მანქანა, აგარაკი, კომპიუტერი და ეს ყველაფერი მთავრობამ კი არ გადამიხადოს, ხალხმა იყიდოს წიგნები და იქიდან ავიღო ამდენი ფული! მე მეტი მიზანი არ მაქვს! წავიდა ის დრო, როცა უკვდავებაზე ვოცნებობდი! და როდის წავიდა, იცი, ის დრო? როცა ერთხელ კინაღამ დედა ჩამაკვდა ხელში და წამლის ფული არ მქონდა! აი, მაშინ გავახილე თვალები და მივხვდი, რომ ამ იდიოტობაზე ფიქრისთვის თავი უნდა დამენებებინა! დედაჩემი სასწაულით გადარჩა, მაგრამ მე აღარ დავბრუნებულვარ ძველ აზრზე!
 
 

ინტერვიუ აღებულია  15.02.2010 წ. ინგა ქვაჯაიას  მიერ

??????