ხარჩილავა ვახტანგ
გაზიარება

ბოლო დღე ექსკლიუზივი

ქანაობს მიწა და ირხევიან
შემკრთალ მინდორზე მდგარი მწყემსები.
აყვავებული ტანი ხეივნის
ირხევა ნელა და იწეწება.
ქანაობს მიწა და აჩხრიალებს
რიყეს, კუბოს და ხავსიან კრამიტს,
ბნელდება უცბად და მოშრიალე
ცოცხლებს აშინებთ სიკვდილის ჩქამი.
ქანაობს მიწა და არხევს მზისკენ
გაფრენილ ქედებს, ცას და ვარსკვლავებს.
ჩვენც გვახსენდება, რომ არცთუ ისე,
მყარად ვდგავართ და შიშით ვკანკალებთ.
კანკალებს მიწა და მაღალ ძეგლებს
ერყევათ ტანი მძიმედ და მკვეთრად,
მარადისობის სახელით შექმნილთ,
იქნება დღესვე უმტყუნოთ ბედმა.
დასაწყისია ეს დასასრულის,
ახლის და ნორჩის, განუწყვეტელის,
ჩვენც, კაცთა მოდგმა, უკვე ზრდასრულნი,
მომავლის იქით აღმოვცენდებით,
როცა მიაღწევს თავის სიმაღლეს,
ხე კვდება, რადგან არ ძალუძს გაზრდა,
და თუ მივდივართ, ჩვენც ნუ ვინაღვლებთ,
დასრულებულა სავალი გზათა.
შენ სტირი, ცრემლი გიდგას თვალებში,
რომ სიყვარული ვერ მოვასწარით,
მაგრამ დრო გავა და სხვა მხარეში
კვლავ აიგება ლურჯი ტაძარი.
ცა განათდება სხვა მზით ნაქარგი
და ისევ შეცვლის დილა ღამეებს,
იმ სიყვარულით, ჩვენ რომ დავკარგეთ,
ერთმანეთს სხვები შეიყვარებენ.
ქანაობს მიწა, ცეკვავს და როკავს,
ნაპირებიდან ღამე გადმოდის,
დარჩეს პატარა ბიჭი და გოგო,
დანარჩენები ყველა წამოდით...
ჩამკიდეთ ხელი, ჩვენ ერთად წავალთ,
რამეთუ ერთად ვიყავით დღემდე,
ჩამკიდეთ ხელი, ჩვენ ერთად წავალთ,
რომ თითო-თითოდ დავბრუნდეთ შემდეგ.

??????