ხორნაული ვაჟა
გაზიარება

*** "უბრალო ქოხი" ექსკლიუზივი

უბრალო ქოხი, ღმერთის მოწნული _
ესაა ჩემი კოშკიც, ტაძარიც.
აქ ვიტანჯები და აქ ვლოცულობ,
აქ მიკიდია ლექსის ხანძარი.
აქ ყვავილობენ ჩემი დღეები
და სიყვარული _ ხატი დღეგრძელი.
ლექსი _ ესაა ოქრო მზეების
და მელოდია ზესკნელ-ქვესკნელის.
ლექსი _ ესაა სივრცის წყურვილი,
ჰორიზონტების ხილვა და განცდა,
აუმღვრეველი ხმით და დუმილით
მიახლოება მეშვიდე ცასთან.
ლექსი _ ესაა გულში მახვილი,
მაცოცხლებელი, წმინდა ფხიანი,
ფიქრის ნექტარი, კალმით დაღვრილი,
და უკვდავების წყაროს წკრიალი.
ხან სევდიანი, ჯვალოს ფერივით,
ხან მხიარული, დილის სხივივით,
ღმერთის კალთიდან ამოფრენილი
ბეღურას ხმა და ორბის ყივილი.
ცეცხლში დგომა და ქარში ტორტმანი,
წაუქცეველი რკინის კლდესავით,
ჯოჯოხეთიდან სანთლის მომტანი
და უდაბნოში იის მთესავი.
სიტყვა, ქცეული სამოთხის ფრთოსნად,
ვარსკვლავის ფეთქვა, ნათება ფესვის.
ამ ქვეყანაზე მეორედ მოსვლა _
ესაა ლექსი!..

??????