აბაშიძე გრიგოლ
გაზიარება

არყოფნისაკენ 

არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ! 
ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები, 
გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ, 
უკვე გაშლილან იალქანები, 
არარსებულთან შესაერთებლად 
სულმოუთქმელად მივექანები, 

თავის სამშობლოს ვინც გაქცევია, 
თავს რით იმართლებს, ან რა კაცია, 
მაგრამ ქვეყანას, როცა ღვარძლი ჭამს 
და სიყვარული სულაც გაცლია, 
როგორ იცხოვრებ უსიყვარულოდ, 
სულის ამოსვლას არ დაგაცლიან. 

ჰოდა, ამ ჩემი ლტოლვის მიზეზი, 
ვინ მოთვლის, რაა და რამდენია! 
მე სიხარულიც ბევრი მინახვს, 
სისხლის ცრემლებიც ბევრჯერ მდენია, 
ბოლოს სიბერე სულ გამიმწარდა, 
ქვეყნად ერთი დრო ვის შერჩენია! 

და მე აღარ მსურს ისე ვიარო 
ამ ქვეყნად, როგორც დღემდე მივლია, 
სულაც არ ვნატრობ ედემში ყოფნას, 
ვარდებს, ბულბულებს და იდილიას, 
არყოფნა მინდა, რაც თავისთავად, 
არც სიცოცხლეა, არც სიკვდილია! 

არც ჯოჯოხეთის გვერდის ავლა მსურს, 
არც სამოთხეში შესვლა დიდებით, 
მე სატანჯველის ცეცხლი არ მაკრთობს, 
არც მაშინებენ ბეწვის ხიდები, 
არც განკითხვის დღის სამსჯავროს ვუფრთხი, 
პასუხისგებას არ ვერიდები. 

იქ სადარდელი არ მელოდება, 
არც რამ სიამე და სალბუნება, 
შური და ბოღმა იქ არ იქნება, 
არც უზნეობის სხვა რამ ცთუნება, 
არც სხვა რამ ვნება, რაც აშფოთებდა 
ჩემს არსებას და კაცურ ბუნებას. 

იქ არც ხმლიანი დგას ანგელოსი, 
ცოდვილებს შვების კარს რომ არ უღებს, 
არც ჩამაგდებენ მდუღარე კუპრში, 
არც დამადებენ რკინის მარწუხებს, 
ავის და კარგის მოგონებებით 
მეხსიერება არ შემაწუხებს. 

იქ ჩემს მისვლასაც ვერვინ შეიტყობს, 
ვერც შემოსასწრებს ჩემსას შესვამენ, 
ალერსით არვინ მომეგებება, 
არავინ მეტყვის: “შენი კვნესამე!”. 
აღარც სიცოცხლე, აღარც სიკვდილი, 
მე რაღაც სულ სხვა მინდა მესამე! 

არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ! 
ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები, 
გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ, 
უკვე გაშლილნ იალქანები, 
არარსებულთან შესაერთებლად 
სულმოუთქმელად მივექანები, 

გაქრობა მინდა, არარად ქცევა, 
არყოფნა მინდა, დადგა ამის დრო. 
არავითარი ზესთასოფელი, 
არავითარი სულთა სამკვიდრო, 
არც მიფიქრია სიცარიელე 
ან დავაქციო ან გავამდიდრო. 

იქ დრო არ იძვრის გაჩერებული, 
ერთმანეთს არ ცვლის ზაფხულ-ზამთარი, 
უცნობ პლანეტებს ქროლვით ჩავუვლი, 
ქუდმოხდილი და ფეხზე ამდგარი, 
მაგრამ სანთლის ფრთებს მე ვერ ვენდობი 
ის ახლაც მტკივა მხრებზე დამდნარი. 

იკარუსივით ვერ გავფრინდები, 
ვერც ზღაპრის ფრთოსან რაშის ჭენებით, 
ვერც მაგელანის გემებს გავყვები, 
იმ მეზღვაურებს ვერ ვეჩვენები, 
ოკეანეში რომ ინთქმებოდნენ 
ახალი გზების აღმომჩენები. 

არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ! 
ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები, 
გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ, 
უკვე გაშლილან იალქნები, 
არარსებულთან შესაერთებლად 
სულმოუთქმელად მივექანები, 

დე, დამიბრმაოს თვალები ელვამ, 
იქუხოს ცამ და მეხმა იჭექოს, 
მე იმ ქროლვაში გაოგნებული, 
ვერ გავიგონებ ამ ქვეყნის ექოს, 
მე დღემდე უცნობ საწვავზე ვფიქრობ, 
ჩემს უსასრულოდ გრძელ გზას რომ ეყოს. 

მეტეორების თქეშშიც რომ მოვხვდე, 
აღარ ვიზრუნებ თავდასაცავად, 
გაუკვლეველი გზის გასაკვლევად 
სხვა ძალას ვცდი და ჩავრთავ სხვა ძრავას 
ჩემს ხორცშეუსხმელ ლამაზ ოცნებებს 
უხვად დავხარჯავ საგზალ-საწვავად. 

იმ ოცნებების ძალით გამაფრენს 
ის ცეცხლი გულზე რომ მიკიდია, 
არარაობის ბოლო სადგური 
არარსებული ქვეყნის კიდეა, 
მაგრამ სურვილი უფრო დიდია! 

და აი, უკვე, არყოფნისაკენ 
სულმოუთქმელად მივექანები, 
გიჟურ ქროლვაში გაქრობას ვჩქარობ, 
შავად გაშლილან იალქანები, 
არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ! 
ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები. 

??????