მათხოვრისადმი ექსკლიუზივი
სალამი, ძმაო, მათხოვარო,
რა ვქნა, დღესაც თვალს გარიდებ,
_ ფული არა მაქვს!
მე თანავუგრძნობ შენი ხელის მოწიწებას,
შენს ინტელიგენტურ დგომასა და
სასოწარკვეთას,
მაგრამ მაინც თვალს გარიდებ _
ფული არა მაქვს!
სამაგიეროდ შემიძლია შემოგთავაზო
უდღეური ჩვილებივით უბედური
ჩემი ლექსები,
ზამთრის ცივი ღამეების უძილობა,
თვითმკვლელობის მანია და გაზაფხულის
გულისწამღები მოლოდინი,
სხვა რა მოგცე, _ ფული არა მაქვს!
სალამი, ძმაო მათხოვარო!
შენი იყოს გამოქარული ამ კვარტლების
სიშიშვლე და ღამის წკვარამი,
ნარკოტიკით და პორნოფილმებით
გაბრუებულთა სუპერბუნაგები,
მკვლელობათა სატელევიზიო
გაკვეთილები,
მკვლელთა აშლილი საღერღელი,
მპარავთა და მეწვრილმანეთა გაფაციცება,
და საერთოდ, შენი იყოს
დუქნად ქცეული ეს ქვეყანა,
სადაც ვინძლო მხოლოდ შენ ხარ
ერთადერთი ღირსეული ადამიანი,
სხვა რა მოგცე, _ ფული არა მაქვს!
ფული არა მაქვს, მაგრამ ინებე
უფროსობასა და ქვეშევრდომობას შორის
გამოჭეჭყილი ჩემი ცხოვრება,
ჩემი ჩინოვნიკური სიბეჯითე,
და ცრუქაქუნას თავგამოდებით
კანცელარიის მაგიდაზე
მოფარფატე ჩემი ხელები,
ჩემი ერთფეროვანი დღეები
და ორსახოვანი არსებობა,
სხვა რა მოგცე, _ ფული არა მაქვს!
ჩემი ძველი რეკვიზიტიც შენი იყოს,
სადაც ჩრდილი ღრღნის
ლამაზ ოცნებებს, სიყვარულებს,
მომავლის რწმენას, სიამაყეს, თავმოთნეობას,
აბა, შენი შიმშილობა ჩემს სიყმილზე
მეტი რით არის, მაგრამ გმირი ხარ,
შენ შესძელი ხელის გაწვდენა,
მე კი ვერა, მათხოვარი ჯერჯერობით
ჩემს სულში ზის და
სხვა მათხოვარ მბრძანებელთა
ხელებს შეჰყურებს.
სალამი, ძმაო, მათხოვარო,
რახან ჩვენი სამშობლოს სახე
გაწვდილი ხელით
საქვეყნოდ გაქვს გამოფენილი,
შენი იყოს ავაზაკთა
სახელმწიფო აღტკინებანი,
მათს სიფათებზე გამოყრილი გაიძვერობა,
ხმაურიანი კამპანიები,
მიტინგები და პლაკატები,
ვინძლო შენა ხარ მაგათ შორის
ყველაზე უფრო ღირსეული ადამიანი,
სხვა რა მოგცე, _ ფული არა მაქვს.
სალამი, ძმაო, მათხოვარო!
შენი იყოს ეს ქალაქი და იმისი
ყველაზე უფრო ლამაზი სკვერი,
და საუკეთესო მარმარილო,
და საუკეთესო ოსტატის შთაგონება,
ძეგლის ღირსი ხარ, ჩემო ბატონო,
დიდ ხანია, ძეგლის ღირსი ხარ!
სალამი, ძმაო მათხოვარო!
სალამი, ძმაო, მათხოვარო!
დღესაც ისევ თვალს გარიდებ,
ფული,
ფული,
ფული არა მაქვს!