ჩხეტიანი თემურ
გაზიარება

წასვლამდე 

წინდა დღეებში თავი უნდა გეჭიროთ ფრთხილად,

არავითარი დარდისა და სევდის სიჭარბე,

მხიარულებაც მეტისმეტი არაფრად _ ვარგა,

ნაღდია მხოლოდ სახე მშვიდად აღელვებული. 

სცადეთ, არავის აწყენინოთ იმ მოკლე ხანში,

არავითარი მცირე სესხი _ არავისაგან,

არც არავისგან შეიმცნიოთ, რომ ნაწყენი ხართ

და არც არავინ არ დატოვოთ ვალდებულებით. 

საგულდაგულოდ მიალაგეთ თქვენი ოთახი

და ყველაფერი ზედმიწევნით მოაწესრიგეთ,

დაწვით ზედმეტი წერილებიც, ფოტოსურათიც

რომ არვის დარჩეს ან საცრემლოდ, ან საქილიკოდ. 

ისევ მოსინჯეთ ჯიბეები _ ხომ არა გრჩებათ

პასპორტი ანდა საბოლოო სამართებელი,

სარკეშიც მშვიდად გაუღიმეთ საკუთარ სახეს

და მხოლოდ მერეღა შეეხეთ კარის სახელურს. 

ოღონდაც ვიდრე გადასცდებით ზღურბლს ბედისწერის,

ვიდრე კარებსაც უხმაუროდ გაიხურავდეთ,

წამით მობრუნდით,

იქნებ ვინმეს თვალს შეეფეთოთ,

ერთიც დაფიქრდით:

იქნებ კიდევ ღირდეს დარჩენა!

??????