ჯაჭვლიანი ბორენა
გაზიარება

შეშლილის რექვიემი ექსკლიუზივი

მე სიყვარულით სული დავღალე
და ახლა მხოლოდ სიზმრებს ვენდობი.
ნუ დამიბრუნებთ გაცემულ ვალებს,
ნუ გეჩქარებათ მითხრათ შენდობა.
სადღაც ნათდება ცა განთიადის
და ნაწვიმარი მიწა ბოლდება,
თითქოს ახლოა რაღაც დიადი,
რაღაც დიადი თითქოს მშორდება.
წამოიმართა ყველა ტკივილი,
რაც დასაბამით ასტკივებიათ.
დარდი მოცურავს ჩემსკენ ტივივით,
დღეები თითქოს თეთრი ქვებია.
ნუ გეფიქრებათ, სიტყვით მოკლული
ისევ სიტყვებში შვებას დაეძებს,
როცა დაღლილი ეშვება სული
და ფოთოლივით შრება ჰაერზე.
თითქოს სიზმრიდან გამოდის ბავშვი,
სულიც იმგვარად მიემართება,
მიემართება წამებით ქარში
და საუკუნოდ ზეცას ბარდება.
რად გავიხსენო მშვიდი დღეები?
და თუ მახსოვან, უნდა დავმარხო,
როცა სიგიჟე სხეულს შეება,
ვით დრო და ჟამი გრძნეულ სამარხებს.
აქ აღარავინ აღარ დამხვდება,
გაქურდულია ჩემი ედემი
და ზეთისხილის ბაღიც გახმება
ცრუ სიყვარულით, ცრუ იმედებით.
შორი ფიქრებით მხრები დამძიმდა...
ჩხავის ყორანი: `აღარასოდეს!”
გამომაძევეს თითქოს ტაძრიდან,
ასე ინება _ აღარ მახსოვდეს.
მე კი, სიგიჟის ფოთლებდაყრილი,
შიშველი სულით ქარში ვკვდებოდი,
არც გაზაფხული, აღარც აპრილი
და არსაიდან შუქი შემოდის.
რა სიმართლეა ბოლო ნაბიჯში,
ბოლო სიტყვაში, ბოლო მზერაში.
ერთი სიცოცხლით უკვე დავიწვი
და სიყვარულის ცრემლი შემაშრა.
თვალებს აწყდება დღე ელდასავით,
ჩემი ყვავილის ტოტებიც ხმება.
მზე მიუყვება უკვე დასავალს
და სული კვდება... სხეულიც კვდება...

??????