ბალარჯიშვილი ბაადურ
გაზიარება

სიკვდილი ექსკლიუზივი

მივყვები წლების გაცრეცილ მესერს, ხან მივალ ახლოს,
ხანაც ვშორდები _
`ვერ დაიჭირავს~ _ უთქვამს და მეც მსურს გავკადნიერდე
განმეორებით.
ასე იყო და ასე იქნება, შევთქმულვარ ლამის ფიცის
მიცემით _
სიკვდილი, როგორც მშობელი დედა, თვალყურს მადევნებს
გაფაციცებით.
დრო მოვა, ალბათ მეც გაღმა გავალ და მოვიშუშებ
მტკივან იარებს _
სიკვდილი, როგორც პირქუში მამა, ბოლო რჩევასაც
გამიზიარებს.
უსიყვარულოდ ცოცხლობენ როგორ, რა წარმართული
სწესეს წესები _
სიკვდილი, როგორც პატარა გოგო, მეკეკლუცება თვალთა
კვესებით.
ვერც მე ვჩერდები, უკვე შევტოპე, დღეები თვლიან მანძილს
ციფრებად _
სიკვდილი, როგორც ტოლი მეტოქე, გამარჯვებაშიც
შემეცილება.
ძვირადა ფასობს სიცოცხლის ნიჭი, დღესასწაულთა
აკაშკაშება _
სიკვდილი, როგორც პატარა ბიჭი, თავდავიწყებით
მეთამაშება.
ყეფს განსაცდელის ავი ნაგაზი, როგორც ასავალს, ისე
დასავალს _
სიკვდილი, როგორც ძველი ძმაკაცი, მახსენებს განვლილ
თავგადასავალს.
ასეთი ვნება მხოლოდ აქ არის, სიამის გამო ტანჯვა,
წვალება _
სიკვდილი, უკვე ბერი დაქალი, კვლავ სიყვარულზე
მეჭორავება.
და ჟღერს სილაღის ღვთიური ქნარი, წინ არაფერი არ
მეღობება _
სიკვდილი, როგორც მარადის კარი, საზღვართან დგას
და მიახლოვდება.
მივალ, შევაღებ, შევდგები წამით _ რა საოცრება ნეტავ
მომელის _
შევალ და ვიცი: დადგება ჟამი სიკვდილთან ჩემი
დამშვიდობების.

??????