ხეთაგური მზია
გაზიარება

გულს ნუ გაიტან გარეთ! ექსკლიუზივი

ღრუბელზე გრძნობააშლილ
თავს ჩამოიხრჩობს მთვარე...
გული დატოვე სახლში,
გულს ნუ გაიტან გარეთ!
ცრემლი ობოლი ბავშვის
შეგინგრევს გულის კარებს...
ამიტომ, იყოს სახლში,
გულს ნუ გაიტან გარეთ!
დევნილ კაცს, ბუდეაშლილს
ვერ ეტყვი: გაიარე...
გული დატოვე სახლში,
გულს ნუ გაიტან გარეთ!
დაუმტვრევ მრუდე არშინს _
ქორ-ვაჭრის დავთარს არევ...
გული დატოვე სახლში,
გულს ნუ გაიტან გარეთ!
პატივაყრილს და დაშლილს.
ვერ შველი ცხუმს და გარეჯს...
გული დატოვე სახლში,
გული გასკდება გარეთ!
"ცა ფირუზ" გორავს ლაფში,
მოკაშკაშ-მოელვარე...
გული დატოვე სახლში,
გულს ნუ გაიტან გარეთ!
ილიას წიგნის გაშლით
ვეღარც ვის გაახარებ...
წიგნიც დატოვე სახლში,
წიგნს ნუ გაიტან გარეთ!
მავანს ჰგონია, ტაშით
თავის ამქარში გაგრევს...
გული დატოვე სახლში,
გულს ნუ გაიტან გარეთ!
შენს გარდა ტყვიის ნახშირს
შუბლზე ვინ გაიკარებს...
გულს ვერ დატოვებ სახლში,
გული გაგიყვანს გარეთ!

??????