ფხოველი ჯარჯი
გაზიარება

ჩემი სოფელი კვდებოდა ექსკლიუზივი

ჩემი სოფელი კვდებოდა, თანდათან, შეუმჩნევლად...
ხანდახან ისე ამოიკვნესებდა,
იფიქრებდი, მიწა იძრაო...
მერე კი, როგორც ყველა მომაკვდავი,
ისიც თავის ბედისწერას ურიგდებოდა...
ოღონდ ეგ იყო,
რომ ღირსება არ დაკარგა
საბოლოო ამოსუნთქვამდე...
სტუმარი რო მოვიდოდა,
სოფლის სული მამაჩემში ჩასახლდებოდა:
და თვალუმალ
ისიც საკლავს წამოაქცევდა...
ბოლს აუშვებდა წინწანაქრით სავსე ჭიქები!
სოფელი მაშინ ივიწყებდა
თავის მძიმე ავადმყოფობას...
და ის დროც დადგა,
როცა მძიმე ავადმყოფიც აღარ დაინდეს...
სოფელია და კიდობანში რაღაც მაინც ექნებაო
გადანახული _
ამ შავი ფიქრით ყაჩაღები დაეცემოდნენ:
გველისფერ თვალებს
სოფლის გულში ატრიალებდნენ...
მაშინ სოფელი კიდევ ერთხელ დაიგმინებდა...
და კიდევ ერთხელ იმისი სული
მამაჩემში ჩასახლდებოდა:
ისიც ძველისძველ, სისხლშემხმარ ხანჯარს
მიეწვდებოდა... ოღონდ ეგ იყო:
ჩემი სოფელი, როგორც ბევრი სისხლის მნახველი,
ავაზაკსაც კი სასიკვდილოდ ვერ იმეტებდა...
ჩემი სოფელი კვდებოდა თანდათან,
შეუმჩნევლად...
თანაც ჭრილობებს მამაჩემის ტანზე ტოვებდა:
თავის ღირსებას ვერ შეელია
საბოლოო ამოსუნთქვამდე!
და ის დღეც დადგა, როცა სოფელში
არც სტუმარი მოსულა და
არც ყაჩაღი გამოჩენილა...
და იმ დღეს მოკვდენ ორივენი:
მამაჩემიც, ჩემი სოფელიც...

??????