მორჩიაული თენგიზ
გაზიარება

*** "უხმოდ" ექსკლიუზივი

უხმოდ, უსიტყვოდ მიქრობენ სანთლებს,
ვთრთი და ვკანკალებ, როგორც შენდობა.
მოდის და შენ თავს ვიღაცა მართმევს
და მიმსხვრევს სულის წმინდა შენობას.
მოდის და ჯავრობს, მოდის და ჩქარობს,
წუთი მიდის და წუთი ითვლება...
გადაედება სარკმელში მთვარეს
ჩემი სიმშვიდე და გაფითრება.
ათასი ხმა და ათასი ბგერა
ყურში ჟრიალებს, როგორც ეჟვნები,
შენ ყვირი, ტირი, შფოთავ და ღელავ
და მკლავებიდან ვეღარ ეშვები.
და საცოდავი შენი კივილი
ჰაერს კაწრავს და სივრცე ინთება...
და ჩემი გულის ყველა ტკივილი
ამიჯანყდება და ამტკივდება,
მე ვწევარ ასე, ვეღარ ვერევი
ნაჯახს,
რომელიც მხანჯლავს და მამტვრევს
და დაწყვეტილი სისხლის ვენები
ჰგვანან ღამეში ანთებულ სანთლებს.
შავი ჩრდილები, როგორც მთვრალები,
დაბარბაცებენ ვარდისფერ ალში...
და ამღვრეული ჩემი თვალები
ეძებენ გზას და ეძებენ საშველს.
ფერი ეცვლება სხეულის ნაკვთებს,
სიკვდილის სუსხი შემოაქვს ნიავს.
მოდის და შენს თავს ვიღაცა მართმევს,
მგონია, ჩემი სიცოცხლე მიაქვს.

??????