ჯახუტაშვილი გურამ
გაზიარება

ისტორიაა... ექსკლიუზივი

ისტორიაა... მდინარეში როცა სილათა,
ანკარა მარცვლებს ნაკადებით ტალახი ერთვის,
როცა პოეტის მოსაძებნი ხდება სიმართლე,
თუ კი საერთოდ მოსაძებნი არ გახდა ღმერთი.

სმენადახშული ვაკვირდებით გადაბრუნებულ,
ბილიკებიდან გადაცვენილ ურმების ჭრიალს,
რაღა დროს გზების დანახვაა, რისი ბუნება,
როცა სოფელში უკანასკნელ მუხასაც ჭრიან.

ისტორიაა... არაფერი, მოკვდი თუ გინდა
ჩვენს ხერხემალზე მოსეირნე ვიღაც კაცები,
თითქოს თვალებში გვიყურებენ, მაგრამ ზურგიდან
გაულესავი მაკრატლებით გვაქუცმაცებენ,
დაუფარავად გვიმრუდებენ წვივებს ცულებით,
ენის წითელი კაუჭებით გვაცლიან თვალებს,
ისტორიაა, როცა ვდგავართ გადაცმულები
და გააფთრებით ვასაფლავებთ საკუთარ ხვალეს.

სინანულისთვის სამსჯავროზე რაღას მიიტან,
უფრო მტკივნეულს, უფრომწარეს, უფრო გადამდებს?
როცა ფურცლებზე თუ შეხვდები ნიკოფსიიდან
თვალებგახელილ საქართველოს დარუბანდამდე.

როცა სისხლივით გიმჟავდება მიწის სიმართლე,
რომელსაც ახლა დაბრეცილი ხაზებით რთავენ,
რა ნიკოფსია, დარუბანდი, ძლივსღა მივათრევთ
ძირგავარდნილი ოთახიდან ოთახში თავებს.

ისიც ძველია, მეორდება, როცა თავიდან
ყოველი კადრი და უგულოდ კბილებდაკრეჭილ
მტაცებელს უნდა გამოვსტაცოთ საყლაპავიდან
გაფითრებული საქართველოს თითო  ნაგლეჯი.

ისტორიაა... მდინარეში როცა სილათა 
ანკარა მარცვლებს ნაკადებით ტალახი ერთვის,
როცა პოეტის მოსაძებნი ხდება სიმართლე,
თუ კი საერთოდ მოსაძებნი არ გახდა ღმერთი!

??????