ბროდსკი იოსიფ
გაზიარება

* * * ბინდი დაედო შემოდგომის უჩინო ქალაქს (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე) 

ბინდი დაედო შემოდგომის უჩინო ქალაქს, 
რუკაზე რაღაც მანქანებით მოხვდა ეს მხარე 
(ან ტოპოგრაფი იყო მაშინ აზარტში ალბათ, 
ან მოსამართლის ქალს აბამდა ყოველ ცისმარე). 

თითქოს ტვირთივით ჩამოიხსნის ახირებებით 
დაღლილი სივრცე სიამაყეს და ძველ დიდებას, 
და აქაც მხოლოდ ის მთავარი ქუჩის ხედების 
ოდენ შტრიხებით ამჯერადაც კმაყოფილდება. 
კოლონიალურ დუქნის ფერად ციფერბლატს, ეს დრო 
უყურებს მზერით გამყინავი, უგულო, მძაფრი, 
ყველაფერია მის წიაღში, რაც ქმნილა ერთ დროს: 
ტელესკოპი თუ, სულ უბრალო - ნემსი და ძაფი. 

ყოველ ნაბიჯზე სალონები, მცირე ფარდული, 
ქუჩის კუთხეში - უსახური  კინოთეატრი, 
აგურის ბანკი ზედ არწივი გადაშხლართული, 
და ეკლესიაც, არსებობას რომლისაც მარტო 
ის შეგვახსენებს, რომ მის გვერდით ახლა ფოსტაა. 
სხვაგვარად არვის ახსოვს მისი ხრიკებიც ხშირი. 
ავტომობილებს მონათლავდა ნაღდად პასტორი, 
ბავშვის კეთება რომ შეწყვიტონ, რომ შეკრან პირი. 

აქ სიჩუმეში ისმის როგორ დაობს კალია. 
ნაომარივით, ექვსს უჩვენებს საათი როცა, 
გარეთ ქუჩები ჩამკვდარია, ცარიელია. 
და მთვარე ფანჯრის ბნელ კვადრატში ნელა მოცოცავს, 
და იქ სახლდება, როგორც შენი ეკლეზიასტე. 
მხოლოდ ხანდახან ჩაიქროლებს სწრაფად, უხეშად 
გზაზე მდიდრული ბიუიკი და გაანათებს 
ძეგლს უსახელო ჯარისკაცის ქუჩის კუთხეში. 

არ გესიზმრება შენ აქ ქალი ტრიკოთი, თლილი, 
სიზმარში ხედავ შენს მისამართს კონვერტზე წერილს. 
როცა მერძევეს აჭრილი რძე დახვდება დილით, 
შენი სიკვდილის იგებს ამბავს და ბედისწერის. 
აქ შეგიძლია დაივიწყო შენც კალენდარი, 
შინ ჩაკეტილმა შენი წილი კვლავ ბრომი ყლაპო, 
სარკეში შენს თავს მიაჩერდე, როგორც ფანარი 
მისჩერებია უმეტყველოდ გუბურა-ტლაპოს. 

??????