ზოიძე შოთა
გაზიარება

თოვლი თბილისში 

ზაურ ბოლქვაძის, მორის ფოცხიშვილის,
გიორგი ცაბაძის ხსოვნას
ახლა თბილისში ისე მაგრად თოვს,
მთაწმინდა მოგავს ზღვაში სეინერს,
თოვლი დამალავს მალე მადათოვს
და რუსთაველზე გაისეირნებს.
ჩვენც რუსთაველზე გავისეირნოთ
(რამ დამასიზმრა წუხელ მორისი?!),თოვლი მოვიდა საესენინო,
ისეთი, რიაზანმა რომ იცის.
ვინ ჩაგვიტოვა თოვლში ყვავილი,
მთებში _ მტკვარი და მტკვარში _ ნავები,
სკვერში პუშკინის ძეგლთან გავივლი
და გენიოსებს ვეგუნდავები.
გამოდი, მალე მოვა ზაური,
ცაში ფანტელმა შეკრა ირაო,
ერთად ავტეხოთ აურზაური
და `ინტურისტი~ ავაყირაოთ.
რად საჭიროა ძველი არღანი,
როცა აქ არის გოგი ცაბაძე,
მისი მუსიკის ჰანგი მაღალი
ანათებს ჩვენი სულის დარბაზებს.
მე კი ქათქათა ფანტელს დავეძებ,
რომელმაც ცაში შეკრა ირაო,
ფანტელმაც იცის, დღეს რუსთაველზე
ილიამ უნდა ჩამოიაროს.
ახლა თბილისში ისე მაგრად თოვს,
მთაწმინდა მოგავს ზღვაში სეინერს,
თოვლი დამალავს მალე მადათოვს
და რუსთაველზე გაისეირნებს.

??????