საარჩევნო ზღაპარი დიდებისათვის, ანუ `ჩემი ოქრო შენ ხარ...~ ექსკლიუზივი
იყო და არა იყო რა, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით იყო ერთი ძალიან ლამაზი ქვეყანა ცას ამწვდარი, მუდმივად თოვლიანი მთის მწვერვალებით, კამკამა ზღვის ნაპირებით, დოვლათიანი მინდვრებით და ანკარა მდინარეებით. ქვეყანას სახელად ენთერი ერქვა. მკაცრად რეგლამენტირებული ტურისტული ვიზებით უცხო ქვეყნიდან ენთერში მოსულებს სამოთხეში ეგონათ თავი, ის კი არა, ბევრი უკან დაბრუნებასაც არ აპირებდა და დარჩებოდა კიდეც, რომ არა ქვეყნის ფხიზელი უშიშროება და საემიგრაციო სამსახური.
ქვეყანას მეფე განაგებდა, ოღონდ მეფეს ოქროს მტრედი ირჩევდა, რომელიც ამ ქვეყნის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. ყოველი ახალი წლის მესამე დღეს სამეფო სასახლის წინ თავს იყრიდნენ მეფობის მსურველი ფიზიკური პირები, რომელთაც უკვე შუსრულებოდათ ოცდაცამეტი წელი და რომლებსაც აუცილებლად უნდა ჰქონოდათ პირადობის მოწმობა. სამ იანვარს, ასკინკილას მოედანზე (სახელი ყოველ წელს ახალი ჰქონდა ამ მოედანს, ახალი მეფე თავად ურჩევდა სახელს და ბოლო მეფემ რატომღაც `ასკინკილა~ დაარქვა), ზუსტად თორმეტ საათზე, არავინ არ იცის საიდან მოფრინდებოდა ოქროს მტრედი და თეთრებით შემოსილ რომელ კანდიდატსაც (კანდიდატი ხო თეთრით შემოსილს ნიშნავს) დააჯდებოდა მხარზე და რამდენიმე გრამ ოქროს დაასკინტავდა, მეფეც ის იქნებოდა იმ წელიწადს.
მეფობის მსურველს რეგისტრაციისათვის ბევრი არაფერი არ სჭირდებოდა. მინიმუმ სამი ხის დარგვაზე მოწმობები (ბოლო სამი თვის განმავლობაში დარგული), აღნიშნული ხეების ციფრული ფოტო ზომით 12X15 და პირადობის მოწმობის ქსეროასლი. რადგან ხუთი ათასი კაცი იყო მაქსიმალური ქვოტა მეფობის მსურველთა, ყოველ წელს ისედაც მწვანეში ჩაფლული ენთერი თხუთმეტი ათასი მწვანე ნარგავით მდიდრდებოდა.
წინა მეფე 31 დეკემბერს, თორმეტ საათამდე რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ენთერის დედაქალაქ ტაბის მთავარ მოედან ასკინკილას ათასნაირი ფეიერვერკები გაანათებდა, პირდაპირი სატელევიზიო ეთერით წინა წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიშს აბარებდა და ემშვიდობებოდა ხალხს და მეორე დღიდან ისეთივე ჩვეულებრივი მოქალაქე იყო, როგორც სხვა დანარჩენი. განსხვავება ის იყო, რომ უცხოელებს უყვარდათ მათთან ფოტოების გადაღება, რაც მართლაცდა ხუმრობა საქმე სულაც არ არის. მით უმეტეს, რომ ერთ-ერთმა ბოლო მეფემ, სამეფო პენსია რად მინდაო და მეეზოვედ დაიწყო მუშაობა საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. უცხოელ სტუმრებს პატარა ბავშვივით უხაროდათ შუადღით, შესვენებისას, ყვითელ მაისურიან მეფე-მეეზოოვესთან სურათის გადაღება, რომელსაც ზურგზე და მკერდზე დიდი ასოებით ეწერა: ‘მე ჩემი ქალაქის მეეზოვე ვარ~ - სამი ძახილის ნიშნით.
პირველ და ორ იანვარს ქვეყანაში უქმე დღეები იყო გამოცხადებული. ამ დღეს ქვეყანას მინისტრთა კაბინეტი უძღვებოდა. ისინი საქაღალდეებით ხელში დარბოდნენ სოფლებსა თუ ქალაქებში, რომელიმე მოსახლეს შუქი არ ჩაქრობოდა, ან გაზი არ შეწყვეტოდა, ან ძროხა არ დარჩენოდა ტყეში, ანაც ნაბახუსევზე ლიფტში არ გაჭედილიყო ვინმე. მხოლოდ სამი იანვრის არჩევნების შემდეგ ამოისუნთქავდნენ მშვიდად მინისტრები, რადგან ქვეყანას უკვე მეფე ჰყავდა და ის იყო ყველაფერზე პასუხისმგებელი.
ახალი წლის წინა დღეებში ქვეყანას საშობაოდ უბრუნდებოდა უცხოეთში განათლების მიღებას დაწაფებული, უკვე დიპლომირებული ყმაწვილი სახელად შიფტი, რომელსაც ბავშვობიდან ესმოდა, უცხო ენები და კომპიუტერი თუ არ იცი, დაიკარგებიო და მართლა დასაკარგავში იყო გადაკარგული მათ შესასწავლად. კომპიუტერის სულ ცოტა გაგებაში ვინც არის ყველამ იცის, რომ შიფტი კლავიატურის ერთ-ერთ ღილაკს ჰქვია. არავინ არ იცის მშობლებმა შიფტს რატომ მაინცდამაინც ეს სახელი აურჩიეს, მითუმეტეს რომ კლავიატურას ღილაკები არ აკლია და კიდევ მით უმეტეს, მშობლებმა წინასწარ ნამდვილად არ იცოდნენ, თუ ესოდენ დიდ ინტერესს გამოიწვევდა მათი პირმშო უცხო ენებისა და კომპიუტერის შესწავლის საქმეში.
როგორც კი ქვეყნის საზღვრები გადმოკვეთა მატარებელმა, რომელშიც შიფტი იჯდა, უცებ მესიჯის მოსვლა ამცნო ტელეფონმა: ‘ესკაიპი ვარ, დამირეკე!~. - ეწერა ტელეფონის ეკრანზე. შიფტს ესკაიპი გაახსენდა, ფრიად ამბიციური და პატივმოყვარე ფიზიკური ერთეული საქალაქო საბჭოდან. ‘ნეტა რა ჯანდაბა უნდა ან ჩემი მობილურის ნომერი ვინ მიაშავაო~, _ გაიფიქრა, მაგრამ რა იცი რა ხდებაო და დარეკვა მაინც გადაწყვიტა:
- ალო, ბატონი ესკაიპი ბრძანდებით? - თვითონაც გაუკვირდა, ისე ზრდილობინად იკითხა.
- შიფტი ხარ, შენ, შიფტი! - უპასუხა როხროხა ხმამ.
‘ამის გულისთვის მარეკინებს ეს უპატრონო, შიფტი რომ ვარ მეც კი ვიცი~.
- დიახ.
- რა ქენი ჩემი ძმა, ისწავლე უცხო ენები და კომპიუტერი?! - ჰკითხა იგივე ხმამ.
- კი, - ლაკონური იყო შიფტი, დეპოზიტი უთავდებოდა.
- მოდიხარ ე. ი. უკვე, უბრუნდები მშობლიურ ენთერს.
- კი, ათ საათზე ტაბში ვიქნები.
- თორმეტზე გელოდები აბა, საქმე მაქვს გადაუდებელი... გელოდები...
შიფტს გაუკვირდა ესკაიპის შეხმიანება. ახლა თუ რამ გაახარებდა - მის სიყვარულს, სიცოცხლეს, ოცნებას და გაბრდღვიალებულ თვალებს, ინსერტს რომ დაერეკა, ეს გაუხარდებოდა. დღეში ოცდათვრამეტჯერ ურეკავდა და კიდე ვერ ძღებოდა მასთან საუბრით. ჩანთაში მკვდარი ზღვის მინერალების შემცველი, ყოველდღიური და სისტემური კოსმეტიკური საშუალებები მოსინჯა, ინსერტმა რომ თხოვა წამომიღეო. ისე კი უკვირდა, მკვდარ ზღვას ისეთი რა მინერალები უნდა გააჩნდეს, ჩვენ ცოცხალ ზღვას რომ არ აქვსო, მაგრამ ალბათ ასეა საჭიროო და ქვედა ყბა ჩამოუვარდა უცებ რომ წარმოიდგინა, ინსერტს როგორ შეხვდებოდა და როგორ ჩაეკვნეს-ჩაეხლართებოდა...
მერე ყბა გაასწორა და ინსერტის ბოლო წერილი ამოიღო და ალბათ მეასეჯერ გადაიკითხა: ‘შიფტ, ძაან მენატრები სიცოცხლე! გუშინ რომ დავწექი სულ შენზე ვფიქრობდი. ძაან მინდა რომ ახლა კარი გაიღოს და შენ შემოხვიდე. მგონი დეპრესიაში ვარ. რამდენიმე ფილა შოკოლადიც ვჭამე, მაგრამ არ მიშველა. თან, იმისაც მეშინია ბევრი შოკოლადების ჭამით არ მოვიმატო. ჩემს არეულობას კიდევ ის უმატებს, რომ ახლა წვიმა წამოვიდა და სულ დამაკარგინა აზრები. ისე წერილების წერა არასოდეს მეხერხებოდა. ახლა შენს ხელში დავიწყე და ეს ძაან მიკვირს. როგორ მინდა ბევრი რამ მოგწერო, მაგრამ ტვინში არაფერი არ მომდის. კარგი, ახლა ჩემს ამბებს მოგწერ, არ ვიცი გაინტერესებს თუ არა, მაგრამ რა ვქნა, დიდი მინდა გამოვიდეს წერილი. ხო მთხოვე მარტო გკოცნის ნუ მწერ, სხვა რამეც მომწერეო. ხო, მამაჩემმა რემონტი წამოიწყო პატარა აივანზე, რომელიც ძალიან უყვარდა მტრედებს. შარშან იქ რამდენიმე ბუდე ჰქონდათ, ჩემს აივანზე დაიჩეკნენ და დაწვრილშვილდნენ. იცი, რა საყვარლები იყვნენ, ვაკვირდებოდი ბუდეებს როგორ იშენებდნენ, როგორ ამოზიდეს სამშენებლო მასალა. სხვათაშორის მაგარი საკაიფო გამოუვიდათ. კაროჩე, ძაან მიყვარდა, განსაკუთრებით ერთ წყვილი, ხან ვფიქრობდი ალბათ ჩვენც ასე ავიშენებთ სადმე ბუდეს-მეთქი... მამაჩემმა, სულ მტრედები მტრედები, ერთი ოქროს მტრედიც გვეყოო, ესენი უნდა გავყაროო, ბალკონზე ვერ გამოვსულვარ, სკინტის სუნის გამოო. მე ვთხარი ჩუ, მამა, ხო იცი კედლებსაც ყურები აქვს-მეთქი. არ მომისმინა. მაინც ამოაშენა, ორი ფანჯარა დატოვა მხოლოდ. გუშინ დილით ერთი მტრედი იჯდა ზედ ფანჯარასთან და ღუღუნებდა. შემეცოდა. გავუღე, შემოდი-მეთქი, მაგრამ გაფრინდა. ეტყობა ნაწყენია ჩემზე. არ ვიცი, ერთ მომენტში ვიფიქრე, ხო არის თეორია, რომ ადამიანის სული ცხოველებში გადადის (მე კი არ მჯერა მაგრამ მაინც). მერე უცებ დავუშვი რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ვინმე ჩემიანი და კიდე უფრო მაგარ დეპრესიაში ჩავვარდი.
მერე მთელი დღე ვტიროდი. არ დამცინო რა....
მენატრები. გკოცნი... ~
* * *
... არასამთავრობო მოძრაობა საკმაოდ დიდი, თუმცა მრავლისმეტყველი სათაურით ‘მე და შენ ორივე ერთად ვართ ორი და ამიტომ არა ვართ მარტო~ ენთერის დედაქალაქ ტაბის მთავარ ქუჩაზე იყო განთავსებული. მოძრაობას სათავეში ახალ სამეფო არჩევნების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი, ქვერტი ედგა. ქვერტის მთავარი დევიზი იყო: ‘რა მნიშვნელობაა სად ხარ, მთავარია წინ ხარ~. ჰობი კი _ ცოლის მოყვანასთან ერთად მოძრავ ლიფტში სიმღერა. ამის გამო რამოდენიმეჯერ უხერხულ მდგომარეობაშიც ჩავარდა, უცხო¬ელ დელეგაციასთან ერთად ლიფტში მყოფმა სიმღერა რომ წამოიწყო. კიდევ კარგი, ლიფტში მდივანთან ერთად შედიოდა, რომლის მთავარ მოვალეობაც სწორედ მუჯლუგუნი წარმოადგენდა უდროო დროს წამოწყებული სიმღერისას. რაც შეეხება ცოლებს, პირველი ცოლი მშვენიერი გოგო იყო. სათნო, ლამაზი, ზნეკეთილი, ოღონდ ფხიზელი. რომ დათვრებოდა, ერთ ჩუნგი არ იყო მისი ფასი (ჩუნგი ენთერის ფულის ერთეულია: ერთი ჩუნგით ვერაფერს ვერ იყიდი, მაგრამ მაინც, ხუთი ჩუნგი ღირს ასანთი - რაც ყველაზე იაფია, არადა შეგიძლია მთელი თუ არა, ნახევარი ენთერი კი გადაწვა). მხოლოდ შემდეგ მიხვდა საწყალი ქვერტი, რომ სანამ ცოლს მოიყვან, ჯერ უნდა სიმთვრალეში გაიგო რა ხასიათისაა. მთვრალი ჯერ გინებას იწყებდა, მერე მეწევინებაო იტყოდა და ეწეოდა არააქციზირებულ და ძვირადღირებულ სიგარეტებს, რითაც ზარალს აყე¬ნებდა პირადად ქვერთის და ენთერის სახელმწიფო ბიუჯეტს. ამასაც მოითმენდა ქვერთი, მაგრამ ის ვერ აიტანა ერთხელ სახლში დაბრუნებულმა მთვრალმა მეუღლემ, სავარძელზე საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში მწოლარემ, ‘კოლგოტკა~ გამხადე კაცოო, რომ უთხრა.
მეორე ცოლი პარტიული იყო. სიყვარული რომ ბრმაა, ყველამ იცის. ხოდა ქვერტსაც შეუყვარდა. რა მნიშვნელობა აქვს, რიგით მერამდენეჯერ. პრინციპში სიყვარული ხო ბრმასთან ერთად განუმეორებელიცაა, რამდენჯერაც არ უნდა განმეორდეს. ერთ-ერთ მიტინგზე გაიცნო ახალი სიყვარული. ეგონა იპოვა ის ერთადერთი და განუმეორებელი, მაგრამ რა, მხოლოდ ეგონა. დიდხანს ასულიერებდა საქორწინო ღამის მერე გონდაკარგულ ქვერტს მეორე ცოლი, რომელსაც მკერდზე ესკაიპის, ქვერტის მოწინააღმდეგე პარტიის ლიდერის სურათი ჰქონდა ამოსვირინგებული. მაშინ მიხვდა ქვერტი, რომ ცოლს სანამ მოიყვან, ყველა სვირინგი წინასწარ უნდა დაუთვალიერო. იმ დღეს ვერ მოასწრო, იმიტომ რომ დასვენების დღე იყო, მეორე დღეს კი გაქორწინებაზე შეიტანა განცხადება...
ახლა ქვერტი მოთმინებით ელოდა, კიდევ როდის დაეწყებოდა სიყვარულის საამო ღიტინი. ის და ესკაიპი საქალაქო საბჭოდან კლასელები იყვნენ, ორივე მომავალ სამეფო არჩევნებში კანდიდატებად მოიაზრებოდა და მეტოქეებადაც. ამ დაპირისპირებას ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს დაედო საფუძველი. აპოგეა კი ის იყო, რომ კლასის დამთავრების, თუ ბოლო ზარის აღსანიშნავ საღამოზე ისე სცემეს ერთმანეთი თამადობის გამო, არცერთს არათუ თამადობა, ფეხზე დგომა არ შეეძლო. ბიჭები ერთი პირობა კი აშველებდნენ, მაგრამ რადგან ათასნაირად გაფორმებული, მიხატულ-მოხატული და ლამის ხელოვნების შედევრებად მიჩნეული პერანგების დახევას მოერიდნენ, რომელთაც შენახვა საგულდაგულოდ სურდათ და თან დიდად არცერთი არ ეხატებოდათ გულზე, იჩხუბონ, დაიღლებიან და დაისვენებენო. ამასობაში მასწავლებლებიც მოვიდნენ. დირექტორმა ცალი წარბი აწია, როგორც გაბრაზებისას იცოდა, რა ხდებაო. ერთი კლასელი, იუმორის ნიჭით დაჯილდოებული ნუმლოკი გამოვიდა სიტყვით, ესო, სპექტაკლი გვაქვს ‘ბრძოლა წესების გარეშე ქვიაო~ და ჩვენი რა ბრალია, თქვენ დაიგვიანეთ და მხოლოდ ფინალურ ეპიზოდზე მოხვედითო. აბა ახლა ტაში დავუკრათ ყველამ, მერე ხელები დავიბანოთ და სუფრას შემოვუსხდეთო - შიოდა ნუმლოკს, მერე რა, რომ იუმორის გრძნობით იყო დაჯილდოებული. ტაშის ხმამ თუ ნუმლოკის სიტყვებმა ჩაახშო ესკაიპისა და ქვერტის სურვილი თუ შინაგანი ძახილი თამადობაზე და მთლად უადგილოდ არ დავრჩეთო და ჩხუბს თავი დაანებეს, მით უმეტეს, რომ არავინ არ იკლავდა თავს მათ გაშველებაზე და თან ბანკეტზე ყველა მასწავლებელი მოსულიყო - დაწყებითებიდან დამამთავრებლამდე. თამადად საერთო გადაწყვეტილებით და ხმების უმრავლესობით ყველაზე საყვარელი საგნის, ფიზკულტურის მასწავლებელი, პეიჯაპი აირჩიეს. ცოტა ხანში თამადა ეშხში შევიდა და ‘აპ, აპ, აპ~, ღვინო არ მოიპაროთ, ჭიქაში წვეთი არ დამიტოვოთ, დიდები ხართ უკვე, რა დროს განმკლავი, ზემკლავი და წინმკლავიაო, ყვიროდა და თავის ვითომცდა ხუმრობაზე ყველაზე მეტს თვითონ იცინოდა. დირექტორი ერთი პირობა ფიქრობდა, ეს პეიჯაპი კაიფში ხომ არ არის, ამას რა ფიზკულტურა უნდა ესწავლებინა, გადასახედია კადრების საკითხიო და ცალწარბაწეულმა შეხედა თამადას, რაც არ გამორჩენია პეიჯაპს, და ცუდად ჩაიდო გულში, - ‘ავაწევინებ ამას წარბებსო~, მოკლედ კარგი დრო გაატარეს, მხოლოდ ესკაიპი და ქვერტი იყვნენ დაღვრემილები, თამადა რომ არ აირჩიეს და დირექტორი, რომელსაც პეიჯაპმა ‘ჩვენი სამშობლო ენთერის სადღეგრძელო ბოლომდე რატომ არ დალიეო~ და სასმისში დარჩენილი ღვინო პირდაპირ კისერში ჩაასხა, რითაც ახალ სასწავლო წლისათვის ერთ სამუშაო ადგილი გაანთავისუფლა სკოლაში.
* * *
ქალაქი რა ქალაქია, ერთი ლოთი თუ არ ყავს. ტაბშიც იყო ლოთი, სახელად კაპს ლოკი. მისი საქმე რა იყო, ‘ლოთი კაცი კაი კაციო~ იტყოდა და დალევდა. ცუდი მისი არავის გაუგია. მშვენიერი სიმთვრალე ჰქონდა. მაგრამ მაინც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასულს ცხვირაბზეკით ხვდებოდნენ შინაბერები და ერთმანეთს კმაყოფილებით გადაუჩურჩულებდნენ, ‘ამის გაყოლას ცხელი ‘გრელკა~ რომ გვიდევს ლოგინში ის არ გვირჩევნია, ღვინის სუნი მაინც არ ადისო~. კაპს ლოკი პირველად პირველ კლასში დათვრა. მაშინ ასო ბგერა ‘ღ-ს~ სწავლობდა და გმირი მასწავლებელმა (ასე ერქვა მასწავლებელს პირველ კლასში, კაცი იყო) დავალებად მთელ კლასს ღვინო მისცა. მთელი კლასიც კაპს ლოკის ინიციატივით მეორე დღეს სკოლაში მელნის ნაცვლად სამელნეში ჩასხმული შავი მელნისფერი ღვინით მივიდა. თითო ბოთლი კიდე ისე ქონდათ დასამატებლად, შუა გაკვეთილზე რომ არ გათავებოდათ. ზოგმა კიდე ხაჭაპური, კატლეტი, მწვადიც გამოაყოლა, ჩუპა_ჩუპსები კი ჰქონდა ისედაც ყველას. იმ დღეს ხუთივე გაკვეთილი სიმღერის იყო, შესვენებების გარეშე. სიმღერის ხმაზე დირექტორმა შემოიხედა და სასკოლო ოლიმპიადისთვის ემზადებითო?! - იკითხა. გმირ მასწავლებელს სიტყვის მარაგი ამოწურული ჰქონდა და თავი დაუქნია, - ანუ კიო და ვითომ ვდირიჟორობო, ხელები გაშალა. მთელი კლასიც ერთ ხმაში, სადღაც პირველსა და მეორეს შორის ამღერდა: ‘სამი დალიე შეგერგება, არ დაითვრებიიი~... დირექტორი გაბადრული უსმენდა აზარტში შესულ კლასს. სიმღერას რომ მორჩნენ კაპს ლოკი მიხვდა, გმირი მასწავლებელი სიტყვის მთქმელი რომ არ იყო და შემდგომი სამელნის თამადობა თვითონ ითავა: ‘შემოსწრებულის სადღეგრძელო იყოსო, პატმას დირექტორო, დაგაგვიანდათ, სამადლობელიც დალიე და ჯარიმის სახით სამი სამელნე კიდევ უნდა დაგვილიოო~... კაპს ლოკმა მაშინ რა იცოდა, რომ დირექტორები გაკვეთილებზე საერთოდ არ სვამენ... ეს იყო მისი ბოლო გაკვეთილი კლასში... ‘რას მიბედავ შენ თუ იციო, რას მიბედავ შენ თუ იციო~ - გაფუჭებულ ფირფიტასავით ერთი ხუთჯერ გაიმეორა დირექტორმა და ასე ‘რას მიბედავ შენ თუ იცის~ ძახილში დაატოვებინა სკოლა.... ამის შემდეგ ცხოვრება თუ ასწავლიდა რამეს, თორემ, კლასში სიარული თვითონვე აუკრძალა საკუთარ თავს... გმირი მასწავლებელს კი სამუდამოდ აეკრძალა პირველ კლასში გაკვეთილების ჩატარება...
* * *
შიფტი დაბრუნდა თუ არა სახლში, დამხვდურებს (დედა, მამა, ორი უფროსი ძმა, ორი უმცროსი და, ბებია და აწ გარდაცვლილი ბაბუას სურათი) მოესიყვარულა და თავის ოთახში განმარტოვდა. ამის შემდეგ პირველი რაც გააკეთა, ინსერტს დაურეკა დაშიფრული ნომრით:
- ალო! - ინსერტი იყო, ნაზი, განუმეორებელი ხმის ტემბრით.
- თქვენი გაცნობა მინდოდა, გენაცვალე! - ხმა დაიბოხა შიფტმა.
- იცით, თქვენ სხვაგან მოხვდით! - თავაზიანი იყო ინსერტი.
- არა, გენაცვალე, სხვაგან როგორ მოვხვდი, იმენნო თქვენთან მინდოდა საუბარი!
- იცით, ჩემი გულწრფელი თხოვნა იქნება მეტი არ დარეკოთ ამ ნომერზე!
- როგორ, თქვენ მე კონსტიტუციურ უფლებებს მიზღუდავთ?! ენთერის კონსტიტუციაში წერია, რომ მე, ენთერის უბრალო მოქალაქეს უფლება მაქვს ყველას დავურეკო, მეფესაც კი, მინისტრებზე ხომ საუბარი არ მაქვს. დღეს დილით მაგალითად უკვე ვესაუბრე ჯანმრთელობის მინისტრს!
- ხოდა, კიდე მას დაურეკეთ. თქვენ აშკარად ჯანმრთელობის მინისტრი გჭირდებათ! - ინსერტს, რადგან ძალიან ზრდილობიანი იყო, ის აღარ დაუმატებია, იმკურნალეო, ისე დაკიდა ყურმილი...
შიფტს ერთი პირობა კი ეწყინა მშვენიერმა ინსერტმა ასე უცერემონიოდ რომ გამოლანძღა და ყურმილი დაუხეთქა, მაგრამ თან გაუხარდა კიდეც, რა ერთგული სატრფო მყავსო...
მერე უკვე ჩვეულებრივი ნომრით დაურეკა...
- ჩამოხვედი სიცოცხლე?! - სიხარულსა და აღტაცებას ვერ მალავდა ინსერტი...
- კი, სიხარულო, ჩამოვედი და ერთ სული მაქვს როდის გნახავ... - ახლა უკვე ჩვეულებრივი ხმა ჰქონდა შიფტს.
- ახლა ვიღაც გიჟმა დარეკა, ისევ ის მეგონა. კიდევ კარგი ნომერი ვიცანი შენი... გალანძღვას ვაპირებდი, ვიღაც ავადმყოფი იყო!
- ხო, ავადმყოფებს რა დალევს....
- მოწყენილი რატომ ხარ?!
- მომენატრე!
- მეც მომენატრე!
- დღეს სამ საათზე ასკინკილას მოედანზე მოდი, მოცეკვავე ფანტანთან... ხო მოხვალ?!
- მოვალ, სიცოცხლე!
* * *
შიფტს საქალაქო საბჭოსკენ მიმავალ ავტობუსში სარეკლამო ბუკლეტი ჩაუდო ვიღაცამ ხელში. რეფლექსოთერაპია: ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, კიფოზი, რადიკულიტი, ჩიყვი, უძილობა, ნევროზი, დეპრესიები, მასტოპათია, თვითმკვლელობის მცდელობები, ჭარბი წონა, ენურეზი, სუმბეფრილიტეტი, ტემპერატურა 37, 38, 39, 40 და მაღლა, პოსტინსულტური დამბლა, მუდმივი დაღლილობის სინდრომი, ალკოჰოლიზმი, სიგარეტის გადაგდება, კლიმაქტერიული ალები, დია¬რეა, კუჭის ქრონიკული აშლილობა და შეკრულობა, კენჭები, ფსორიაზი, მტკივნეული არითმია. შედეგი გარანტირებულია. გაუკვირდა, ეს რამდენი დაავადება ჭირს ამ საწყალ ადამიანსო, თვითონ შიფტი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, მაგრამ გაიფიქრა აქედან რომ გავალ ერთი დიაგნოსტიკურ ცენტრში უნდა გავიარო, ამდენი დაავადებიდან რაიმე როგორ არ მექნებაო...
ესკაიპის კაბინეტის მისაღებში დიდხანს არ ალოდინეს. თუმცა მოასწრო გამოსაუბრება მდივანთან, რომელმაც იცოდა რა შიფტის უცხოური განსწავლულობის ამბავი, რამდენიმე კითხვა დააყარა, ძირითადად ერთ საკითხზე, ინტერნეტიდან თამაშებს ვერ ვიწერ და იქნებ დამეხმაროო. იქვე გაზეთებში თავჩარგული მეორე მდივანი იყო, იგივე პრესმდივანი, რომელსაც ყველა ენთერული გაზეთის წაკითხვა, მათში ესკაიპზე სტატიებისა და სურათების მონახვა, მაკრატლით ამოჭრა და თორმეტფურცლიან რვეულში ჩაკვრა-ჩაწებება ევალებოდა...
- მოვიდა? - იკითხა ამ დროს ხმამ დინამიკიდან. შიფტს ეცნო, ეს ესკაიპი იყო.
- კი, გელოდებათ! - უპასუხა იმ მდივანმა თამაშების გადმოწერის სწავლა რომ უნდოდა.
წამიც და კარი გაიღო და ოდნავ შესუქებულ-შემელოტებული ესკაიპი გამოჩნდა.
- რა კაცს ალოდინეთ, არ გრცხვენიათ? - გაუწყრა მდივნებს და შიფტს დიდ და ვრცელ კაბინეტში შეუძღვა. მერე ჯერ სტუმარს შესთავაზა სკამი, თვითონ კი დიდ ტყავის სავარძელში ჩაჯდა
- რას დალევ?
- ნუ წუხდებით!
ესკაიპი შეჩვეული იყო სტუმრებს ძირითადად ყავა, ჩაი ან მინერალური წყალი მოეგუნებებოდათ, იფიქრა ეს ნუ წუხდებით ეტყობა ახალი სასმელია, უცხოეთში განსწავლულ ხალხს რას გაუგებო და რაღაც ღილაკს დააჭირა თითი...
- შემოგვიტანეთ ორი ნუ წუხდებით! - და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია ღილაკს ხელი აუშვა. გაკვირვებული მდივნები ერთმანეთს უყურებდნენ, თუ არ შევწუხდით ცოტა, ისე რა შევუტანოთ და ვთქვათ და შევწუხდით, რა შევუტანოთო?!
- აბა მოყევი ერთი, რა ხდება უცხოეთს? - ისე იკითხა ესკაიპმა, აშკარად ეტყობოდა ძალიან რომ არ ენაღვლებოდა უცხოეთის ამბები.
- ისეთი არაფერი, ჩვეულებრივ ცხოვრობს ხალხი.
- ვიცი, ახლა შენ ათასი საქმე გაქვს, ამიტომ ბევრს არ მოგაცდენ, - ძალიან თავაზიანი იყო ესკაიპი... - ხო იცი, არჩევნები მოდის. სამი იანვრიდან ახალი მეფე გვეყოლება...
- ვიცი...
- ახლა შენ უცხოეთში ნამყოფი კაცი ხარ, უცხო ენა იცი, კომპიუტერი იცი, პროგრამირება გისწავლია, დიპლომი აიღე ხო?
- კი, ჯიბეში მიდევს ასლი.
- მჯერა, მაგი არ მაინტერესებს. რა მაინტერესებს იცი, ეს მტრედი რა პრინციპით ირჩევს დასაჯდომ კანდიდატს, შეიძლება გამოთვლა?
- იქედან გამომდინარე, რომ ოქროს მტრედის მოძრაობები სპონტანურია და ლოგიკას არ ექვემდებარება, მხოლოდ ალბათობის თეორიით შევიძლია ვიმსჯელოთ ამ საკითხზე.
- ე. ი. ალბათობით ვირჩევთ მეფეებს?!
- ასე გამოდის! - ინსერტთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული შიფტს. პირადად თვითონ არ სჯეროდა, რომ მხოლოდ ალბათობაზე იყო მეფის არჩევა, იმიტომ რომ უამრავი სახელოვანი მეფე ჰყავდა შემონახული ენთერის ხალხის მახსოვრობასა და ისტორიას.
- აბა ახლა გულწრფელად მითხარი, შანსი მაქვს?
- შანსი როგორ არ გაქვს....
- ჰოდა მითხარი ეს შანსი და მეფე თუ გავხდი შენს წონა ოქროს ჩაგახუტებ.... - აღარ დაამთავრებია ესკაიპმა.
- შანსი გაქვს ერთ შეფარდებული ხუთიათასთან, - ელემენტალური ალბათობის თეორიის ცოდნა გამოიყენა შიფტმა. თან გაიფიქრა: ‘დამეჯერებინა დედაჩემისთვის, უჭმელი არ წახვიდეო რომ მეხვეწა, ნეტა, რამდენი კილო ვიქნები ახლა?!~
- ხო, შანსი მაქვს... ხო... ისიც გავიგე, შეყვარებული რომ გყავს. კაი გოგოა ინსერტი... მოკლედ, ბინა გინდათ ახლა თქვენ ცალკე... ქორწილს როდის აპირებთ? - სხვა თემაზე გადავიდა უცებ ესკაიპი.
- არ გადაგვიწყვეტია ჯერ...
- მოკლედ, მეფე თუ გავხდი, ერთ კვირაში შენ წონა ოქროს ხომ ჩაეხუტები, ბინას მიიღებ ასკინკილას მოედანზე და მანქანას კიდევ - მარკა და ფერი შეთანხმებით...
შიფტს უცებ წუხანდელი სიზმარი გაახსენდა, მტრედები დასდევდნენ, ოქროს არა, ჩვეულებრივი მტრედები, რომლითაც ყოველთვის სავსეა ასკინკილას მოედანი. თავიდან კი უხაროდა, მაგრამ მერე მოსაწყენი გახდნენ, თან მტრედები არც თუ სასიამოვნო შემადგენლობის ნივთიერებებით ამკობდნენ და დამალვა გადაწყვიტა... ვერაფრით ვერ დაემალა მტრედებს... რომელ სამალავშიც არ შევიდოდა, ყველგან მტრედები ხვდებოდნენ... მერე გაეღვიძა... ესკაიპის წინადადებას და სიზმარს ვერაფრით ვერ აკავშირებდა ერთმანეთთან...
ესკაიპს პირდაპირ იმის თქმა ერიდებოდა, კომპიუტერი ხომ კარგად იცი, გამომიპროგრამე ისე, რომ მტრედმა მე დამასკინტოსო, ეგონა მიხვდებოდა შიფტი, რომ ასე უბრალოდ არავინ იძლევა არათუ ოქროს, ერთ ჩუნგსაც კი... კაცს ცოდნა-განათლება უცხოეთში მიუღია, კომპიუტერი იცის - მიხვდება, აბა რა ჯანდაბა იქნებაო... დაახლოებით ისე გამოდიოდა, ანდაზა რომ არი ერთი, ‘ამირან გულში მღეროდა და მთები ბანს ეუბნებოდნენო~, შიფტს ბანი არ უთქვამს, მაგრამ არც უარი უთქვამს შემოთავაზებულ საუნჯეებზე...
- ე. ი. შანსი არის, გარანტია თუ მაქვს?! - ჰკითხა გამოსვლისას ისევ ესკაიპმა.
- გარანტია ორი გვაქვს მხოლოდ: გადასახადი და სიკვდილი, - სადღაც მოსმენილი ფრთოვანი ფრაზა მოიშველია შიფტმა.
- ხო, ეს კი მართალია. ხო ჩვენი საუბარი საიდუმლოდ დარჩება რა თქმა უნდა!
- რაზეა საუბარი...
- იმას გეუბნებოდი, არავის არ უნდა იცოდეს ჩვენი საუბრის შესახებ-მეთქი...
- სამარე ვარ...
ასე დაემშვიდობნენ ერთმანეთს...
ესკაიპის ოფისიდან გამოსული არ იყო, მობილური ახმიანდა. ქვერთის მდივანი იყო, თუ არ შეწუხდებით, ბატონ ქვერთს უნდა თქვენთან შეხვედრაო...
ქვერთის შემდეგ უკვე სხვა კანდიდატები რეკავდნენ, ზოგი პირადად, ზოგის მდივნები, თითოეული ეკითხებოდა შანსის შესახებ... შიფტიც ყველას პირდებოდა შანსს ხუთიათასიდან ერთს...
სამ საათზე ინსერტს შეხვდა და ტელეფონი გამორთო, რადგან ყველაზე სასურველი, ვისი ტელეფონის ხმაც გაახარებდა, მის გვერდით იყო. დიდხანს დააბოტებდნენ ქალაქში, მონატრებული ადგილებს მოესიყვარულა შიფტი, დრო და დრო კი, რო შენიშნავდნენ არავინ გვიყურებსო, ცეცხლოვნად-ქარიშხლოვნად კოცნიდნენ ერთმანეთს... ინსერტი რომ სახლამდე მიაცილა, ისევ ტელეფონი ჩართო...
ის დღე და შემდგომი სამი დღე ტელეფონი არ გაჩერებულა, ისე რომ ახალი წლის წინა დღეს უკვე 4999 კანდიდატი დაპირდა მეფობის შემთხვევაში შიფტს თავის წონა ოქროს. ‘ეს რა მაგარი ქვეყანა ყოფილა ჩვენი ენთერი... 4999 კაცს ყველას თუ ჩემი წონა ოქრო აქვს, ეს ხომ იგივე ქვეყნის სიმდიდრეა. რა ბედნიერი ვარ ღმერთო რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ნეტა ბოლო კანდიდატი რატომ არ რეკავს? პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს. ერთი შეფარდებული ხუთი ათასთან მაქვს შანსი რომ ჩემი წონა ოქრო ვერ მივიღო. ეს იგივეა რაც ზარდახშაში ხუთი ათასი ოქროდან ერთი იყოს ყალბი და მაინც და მაინც ის ამოვიღოო~, - ფიქრობდა შიფტი.
ახალი წლის წინა ღამე ისევ მტრედები დაესიზმრა. ისინი კვლავ ყველგან დაყვებოდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ. მერე უცებ ოქროს მტრედი მოფრინდა.
- შენ იცი, ვის ოქროს გპირდებიან კანდიდატები?
- რომელი კანდიდატები?
- თავს ნუ ისულელებ? ძალიანაც კარგად იცი რომელი.
- ალბათ თავიანთ ოქროს... - მიხვდა შიფტი, მეფობის კანდიდატებზე იყო საუბარი.
- კი, მოგართმევენ... სამეფო ხაზინიდან გპირდებიან ოქროს, რაც ქვეყნისა და ხალხის საკუთრებაა...
- ალბათ ამიტომაა, რომ ყველა გამარჯვების შემთხვევაში მპირდება გამდიდრებას... წინასწარ მოგცემთო არავინ ამბობს... - მიხვდა შიფტი.
- მეც მანდა ვარ, გამარჯობა შენი...
- გაგიმარჯოს...
- ხალხის სიმდიდრე ხალხს უნდა დაუბრუნდეს, თუ გსურს მშვიდად გეძინოს...
- მე რა ვქნა, მეკითხებიან შანსი თუ გვაქვსო, მეც ვეუბნები შანსი გაქვთ-მეთქი.
- ხოდა უთხარი ყველას, არჩევნები ჩაივლის ადამიანობა დარჩება-თქო...
- არა, ამას კი ვეტყვი, მაგრამ ყველა კანდიდატი ერთის გამოკლებით ჩემს წონა ოქროს მპირდება, იმას რა ვუყო?!
- და შენ გგონია ამ კორუმპირებულ ელემენტებს ჩავუგდებ ხელში ქვეყნის სიმდიდრეს?!
შიფტმა ვერაფრით ვერ მოიფიქრა, რა ეგონა. ამასობაში გაეღვიძა კიდეც. ცივ ოფლში იყო გაღვარული. გადაწყვიტა არჩევნების შემდეგ მიღებულ ოქროდან ერთ გრამს არ დავიტოვებ. რომელიმე ბავშვთა სახლს ჩავურიცხავ ანგარიშზე, ან თუ სადმე ქვრივი და ობოლია, იმათ დავურიგებო...
* * *
კაპს ლოკს ღვინის სმის მრავალწლიანმა პრაქტიკამ შეუდარებელი ყნოსვა და გემოს შეგრძნება გამოუმუშავა, ამიტომაც იყო, რომ ზედმიწევნით ზუსტად არჩევდა ფალსიფიცირებულ და ნატურალურ სასმელს. თუმცა ენთერი მშვენიერი ქვეყანა იყო, ფალსიფიკატორები აქაც ცხოვრობდნენ. სუპერმარკეტები და პირველი კლასის რესტორნები, უფრთხილდებოდნენ რა თავიანთ პრესტიჟს, დეგუსტაციისათვის კაპს ლოკს ეძახდნენ. ასე რომ, კაპს ლოკს სამუშაო, შესაბამისად დასალევი და საკმაოდ მაღალი ანაზღაურება არასოდეს აკლდა.
მხოლოდ სიზმარმა დაარღვია მისი უშფოთველი ცხოვრების იდილია. ახალი წლის ღამეს სიზმარში ოქროს მტრედი გამოეცხადა. ოქროს მტრედმა, ამ შემოდგომაზე რომ ერთ ხრიოკ მინდორზე წაგებული ნიძლავის გამო ძმაკაცებთან ერთად ტყე გააშენე, შენ პირადად რომელი ხეები დარგე, ხო გახსოვსო? კიო, _ კაპსლოკმა,_ ის კი არა, რამდენიმეჯერ წყალიც კი დავუსხი მერეო. ხოდა ფოტოგრაფი წაიყვანე, სამს სურათი გადაუღე. შენი დარგული რომ არის, მოწმობები გააკეთე, პირადობის მოწმობის ქსეროასლი გადაიღე, მერე მაღაზიაში რაიმე თეთრი სამოსი შეიძინე და სამ იანვარს ზუსტად თორმეტ საათზე ასკინკილას მოედანზე მოდი და რეგისტრაცია გაიარეო... კარგიო, _ უარი ვერ ჰკადრა კაპს ლოკმა ქვეყნის სიმბოლოს...
იმ ღამით სარეგისტრაციო კომისიის თავმჯდომარე, ცნობილ ასტრონომს, სამი ახალი ვარსკვლავის აღმომჩენს და რვა შვილის პატრონ დილეითსაც დაესიზმრა ოქროს მტრედი, მეფობის მსურველთა რეგისტრაცია შეწყვიტეო. კი მაგრამ, ერთი ადგილი კიდევ არის დარჩენილიო, იმას რა ვუყოო, შეწუხებულა პატიოსანი დილეითი. ის კანდიდატი სამ იანვარს მოვა ზუსტად 12 საათზე, შენ მაგაზე არ იჯავროო, _ დაამშვიდა მტრედმა...
* * *
გათენდა სამი იანვარი. ასკინკილას მოედანი თანდათან ივსებოდა ხალხით. აქ გარდა იმისა, რომ სამეფო არჩევნები ტარდებოდა ენთერის ყველაზე პოპულარული პოპმომღერლები გამოდიოდნენ და მაღალ პროფესიულ დონეზე ყვებოდნენ კომპიუტერით დამუშავებულ ფონოგრამებს... ერთადერთი, მოცეკვავეები ცეკვავდნენ მთელი ჟინით, იმიტომ, რომ სამი იანვარი იყო და საკმაოდ ციოდა...
უკვე მოშუადღევდა. თეთრით მოსილი მეფობის კანდიდატები მათთვის განკუთვნილ ადგილებს იკავებდნენ. ცდილობდნენ მღელვარება არ დატყობოდათ. ღრუბლიანი დღე იყო ცივი. ერთი კანდიდატი აგვიანებდა მხოლოდ. ბოლოს ისიც გამოჩნდა. ეს იყო კაპს ლოკი. ხალხში რამოდენიმემ კი წაიჩურჩულა, ამის მეფობაღა გვაკლდაო, მაგრამ კაპს ლოკს ისე უხდებოდა თეთრი ფერი და ახლად გაპარსული წვერი, რომ ამ წაჩურჩულებაშიც კი სითბო იყო გარეული. ერთმა ისიც კი წაიჩურჩულა, ყველას კიდე ეს სჯობს, ამის ცუდი კაცს არ უთქვამს ჯერო. ის იყო სარეგისტრაციო კომისიას ჩააბარა ხეების ფოტოები და სხვა საჭირო საბუთები, რომ უცებ წვიმა წამოვიდა. ხალხს არა, მხოლოდ იმ ადგილს აწვიმდა, სადაც კანდიდატები იყვნენ მოგროვილნი. წვიმა მალევე შეწყდა, ისე რომ კანდიდატების პირადმა მდივნებმა ქოლგების გაშლაც ვერ მოასწრეს, თუმცა გვარიანად კი დაასველა მეფობის მსურველები. ღრუბელს დედამიწის მტვერი მოეტანა თან და კანდიდატთა სამოსი ნაცრისფერ-ტალახისფრად იყო უკვე შეღებილი. რატომღაც, მხოლოდ ერთ კანდიდატს არ დატყობია მიწის ჭუჭყი. ეს იყო კაპს ლოკი.
თორმეტი საათი ხდებოდა. მეფის სასახლის საათმა ენთერის ჰიმნის შესრულება დაიწყო. ზუსტად ამ დროს ცაზე ღრუბლებმა დაიწყეს გაფანტვა, მზემაც გამოანათა. შემდეგ, თითქოს მზის სხივს მოჰყვაო, ოქროს მტრედმა ირაო გააკეთა ასკინკილას მოედნის თავზე და კანდიდატებს შორის დაეშვა. მტრედის გამოჩენას ტაშითა და ჟივილ-ხივილით შეხვდა ხალხი. მზისა და ოქროს მტრედის ფრთებისგან არეკვლილი სხივები თვალებში აჭყიტებდა კანდიდატთა მხარდამჭერებს და უბრალოდ მოსეირე თუ მოსეირნე ხალხს. ისინი დიდხანს ვერ ამჩნევდნენ ვინ იყო მათი მომავალი მეფე...
კაპს ლოკმა მხარზე ჩამომჯდარი მტრედი რომ შენიშნა, იფიქრა ალბათ ისევ იმ სიზმარში ვარ და ვერ გამოვფხიზლდი, ამისთანა რა დავლიე, სამუშაო უნდა შევიცვალოო და ოქროს მოღუღუნე მტრედს კი ვერაფერი შეკადრა, მაგრამ ხელით ჩამოიფერთხა ის რამდენიმე გრამი ოქრო-განავალი, ასე სანუკვარი ირგვლივ მყოფ გვამთათვის, თან იფიქრა დღეს აუცილებლად ფულს ვიპოვიო...
... გაუმარჯოს ენთერის ახალ მეფეს, მეფე კაპს ლოკს... ვაშა... - დაიძახა სარეგისტრაციო კომისიის თავმჯდომარე დილეითმა, ხალხმაც, ვისაც არ ეზარებოდათ, დაიძახეს - ვაშააა...
ასკინკილას მოედანი ათასფერმა ფეიერვერკმა გაანათა... საერთოდ, ღამე უფრო ლამაზია ფეიერვერკი, ამიტომ მემაშხლეთა უფროსმა მაშხალების ნაწილი საღამოსთვის შემოინახა. ამ საღამოს ასკინკილას მოედანზე, უკაცრავად, უკვე ვაზის მოედანზე (ახალ მეფეს უკვე მოესწრო პირველი დეკრეტის გამოცემა, რითაც ასკინკილას მოედანს ვაზის მოედანი დაარქვა) გრანდიოზული კონცერტი იყო დანიშნული.
ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდა მეფედ კაპს ლოკის არჩევა, შიფტი იყო. ჯერ ალბათობის თეორიაა მგონი შესაცვლელიო, გაიფიქრა. მერე გვერდით მდგომ ინსერტს ჩაეხუტა და უჩურჩულა: თუმცა გამხდარი ხარ, ჩემი ოქრო შენა ხარო. ინსერტმა ერთი კი გაივლო გინებაში, რა ოქროებზე მეჩურჩულება ეს ჩემი კოცნით სავსეო, მაგამ ამაზე ფიქრით ძალიან არ გაუწვალებია თავი, ისე მოეწონა ჩახუტება.
ოქროს მტრედი კი ისე უცებვე აფრინდა და შეერია მზის შუქს როგორც მოფრინდა...
აქ მთავრდება ზღაპარი. ზოგმა ენთერელმა მითხრა, აქ ისიც დაამატე, რომ შიფტმა და ინსერტმა დიდებული ქორწილი გადაიხადეს, პირველ თამადად მეფე კაპს ლოკი ჰყოლიათო. ეს ამბავი როგორ მომხდარა. ინსერტი და შიფტი კონიაკის ბაღში (სახელს ვინ დაარქმევდა ამ ბაღს, გასაგებია) სეირნობდნენ თურმე, თან ქორწილის გეგმებს ადგენდნენ. ინსერტი ხუმრობდა, მოდი ერთი მეფეს დავურეკავ, მართლა თუ პასუხობენ მეფეები სატელეფონო ზარებსო. არავითარი მდივანი, პირდაპირ კაპს ლოკს უპასუხია, დაბნეულ ინსერტს შიფტისთვის მიუჩეჩებია ყურმილი. შიფტსაც სხვა ვერაფერი მოუფიქრებისა და უთქვამს: დიდო მეფეო, ქორწილში გეპატიჟებითო. კაპს ლოკს ბავშვივით გახარებია ქორწილში დაპატიჟება. წინა ღამით კიდევ დასიზმრებია ოქროს მტრედი. ხვალ შეყვარებული წყვილი დაგირეკავს, ქორწილში დაგპატიჟებენ თამადად და უარი არ უთხრაო. თავი არ მომჭრა იცოდე. არაა აუცილებელი ბოლომდე დალევა, შენ თქვი და ხალხმა გისმინოსო. ხო ბინის პრობლემა აქვთ და სამეფო ფონდიდან ერთი ბინა შეუძინე, კარგი ოჯახი ქვეყნის სიძლიერეაო. დიდებულად უთამადებია კაპს ლოკს. ისეთ სადღეგრძელოებს ამბობდა, ჟურნალისტები პირდაღებულნი უსმენდნენ და ჩაწერასაც კი ვერ ახერხებდნენო, ხოლო როცა ბინის გასაღები და ორდერი გადაუცია ახალი ოჯახისათვის, ქვერთი დიდხანს ყოფილ უარზე, ხალხის ქონებას ხელს ვერ ვახლებ, ოქროს მტრედი რას იტყვისო, ხმამაღლა ყვიროდა თურმე.. მიუხედავად იმისა, რომ ინსერტს რამდენჯერმე მწარედ დაუდგამს მაგიდის ქვეშ ფეხი. ხალხმა, _ დაგვითვრა სიძე, რაებს იძახისო. სამეფო საჩუქარზე უარს როგორ ამბობსო. მერე ისევ მეფე მისულა ვითომცდა მოსალოცად და ყურში უჩურჩულებია, _ შეთანხმებულია მტრედთან შე კაცოო. ამის შემდეგ უფრო შეყვარებია ენთერის ხალხს ახალი მეფე, იმასაც კი ამბობდნენ თურმე, კაპს ლოკივით კარგი მეფე დიდი ხანია არ გვყოლიაო. უბრალო, მშრომელი ხალხის სამსახურში ათენებ-აღამებდა თურმე მეფე კაპს ლოკი. ის შეყვარებია ხალხს, იმ წელიდადში დაბადებული ბიჭების უმრავლესობისთვის და ზოგიერთი გოგოსთვისაც კი (მამებს უთქვამთ ბიჭად მქონდა ჩაფიქრებულიო) კაპს ლოკი დაურქმევიათ.
მორჩა ზღაპარი. გამორთეთ ახლა შუქი და დაიძინეთ. თუ სიზმრად ოქროს მტრედი გეწვიათ, ენთერის ქვეყნიდან იქნება და მომიკითხეთ....
იქაც ფქვილი, აქაც ფქვილი
იქაც ლხინი, აქაც ლხინი...