ლორია ლევან
გაზიარება

მე და დუდუ ექსკლიუზივი

პროლოგი

წვიმს. კარგია წვიმა ღამით, თორმეტ საათზე, როცა არსად არ ხარ წასასვლელი, როცა შუქი არ ქრება და გიხარია, რომ სადღაც, ვიღაცა ღამეს ათევს შენთვის, რომ ამ წვიმაში და უკუნ სიბნელეში შენი პატარა ნაქირავები ბინა განათებული იყოს. კარგია წვიმა, თუ რა თქმა უნდა წარღვნა არ არის, თქეში და ღვარცოფი.

 

 

1. აი ემ დუდუ

 

უცებ ძახილი მესმის...

- ჩემი ძმა, ფანჯარა გამიღე რა...

ვაი, იქნებ მეყურება? სახლში მარტო ვარ, მერვე სართულზე ფანჯარა ვის უნდა გავუღო?

- ბიჭო, ფანჯარა გააღე... გინდა ფილტვების ანთება ავიკიდო? იქნება ორმხრივი სველი პლევრიტიც დამმართო? - ისევ მეორდება იგივე ხმა, თან თითქოს ფანჯარაზე აკაკუნებენ. მივდივარ ფანჯარასთან, ვაღებ და უცებ ოთახში ჩიტი შემოფრინდა. თუთიყუშია. ალბათ ვინმეს გაუფრინდა. შეიძლება არც არავის გაუფრინდა და თავისთვის დაფრინავს. ოთახში რამდენიმე წრე გააკეთა, მერე კარადაზე შემოსკუპდა და აქეთ-იქეთ მოყვა სიარულს, თან საუბრობს...

- რა წვიმაა, რა. გასაწური ვარ. შენ კი რა, ყრუ ხარ?

- არა, ყრუ არ ვარ, მაგრამ...

- გასაგებია. სტუმარს არ ელოდებოდი ფანჯრიდან. კარგი კაცი ყოველთვის სტუმარს ელის, ფანჯრიდან და კარიდანაც. ხო მართლა კატა არ გყავს, ხო?

ვიცი, რომ თუთიყუშების გარკვეულ სახეობებს აქვთ უნარი იმეორონ რაღაც ფრაზები, მაგრამ ეს არ იმეორებს, პირიქით მშვენივრად საუბრობს, თანაც სიტუაციის შესაბამისად...

- არა, მე არ მყავს, მეზობლის კატა შემოივლის ხანდახან...

- ვერ ვიტან კატებს, აირჩიე ან მე ან ის...

- აბა კაცი სულ მუდამ სტუმარს უნდა ელოდოსო? ისიც სტუმრად შემოდის...

- შენ რა, სიტყვაზე მიჭერ?

- არაფერსაც არ გიჭერ. თუ გინდა წადი...

- ყოჩაღ, ბიჭო... ასეთ ამინდში ძაღლს არ გააგდებენ გარეთ, და შენ... არსადაც არ წავალ...

- მაშინ იყავი. არაყს დალევ? მოგიხდება, შეგათბობს...

- არ მინდა არაყი, ცუდი სიმთვრალე მაქვს, ვიგინები, შეიძლება პოლიტიკურზეც ჩამსვან...

- ჩიტებზე სისხლის სამართლის კოდექსი არ მოქმედებს.

- გეგონოს. ახალი ამბავი იცი?

- რომელი?

- ერთი ბიზნესმენი ჩიტი, მეორე ბიზნესმენ ჩიტს ღამის სამ საათზე ვერის ხიდზე უყვება ანეკდოტს პრეზიდენტზე...

- მერე?

- მერე ორივეს დილით თავზე ჩიტების ფინანსური პოლიცია დაადგათ...

- სად გავიცინო?

- ნახტომში...

ასე მოხდა ჩემი გაცნობა დუდუსთან. თავიდან კაკადუს ვეძახდი, იმიტომ რომ ეს ჯიში გამიგონია მხოლოდ თუთიყუშების. მერე შემეზარა, რა გრძელი სახელია-მეთქი და დუ დავარქვი, მაგრამ არ მოსწონდა - ეს რა სახელია, ნარდს ხომ არ მეთამაშებიო და მეც დუდუ დავარქვი. მერე იმაზე მეჩხუბა, რას მიმეორებ, ყრუ ხომ არა ვარ შენსავითო, მაგრამ შემდეგ შეეჩვია და შეიფერა კიდეც, მე ვარ დუდუ~, - გაიმეორა ხუთჯერ თუ ექვსჯერ და დესერტად თუ მჟავედ, თუ რა ვიცი რატო, ერთი ინგლისურადაც დააყოლა - აი ემ დუდუ~.

 

 

2. დუდუს ბინა უნდა

 

დუდუ ჩიტი კი არა პარლამენტია, სულ ლაპარაკობს. საქმეს არ აკეთებს, მაგრამ ლაპარაკობს. თანდათან შევეჩვიე. ასე მგონია ყოველთვის იყო ჩემთან. ერთ დილით, მაღვიძებს...

- ბინა მინდა... ცალკე მინდა ბინა...

- რა ბინა მოგინდა, მე თვითონ ნაქირავებში ვარ?!

- არ შემიძლია ამდენი სტუმრის ატანა, ბინა კი არა სასტუმრო გაქვს...

- სად გაგიგია ჩიტს, გინდაც მოლაპარაკეს, ბინა ჰქონდეს?

- აბა რა აქვს?

- ჩიტს აქვს ბუდე, მიდი და ააშენე...

- მნახა მშენებელი-ინჟინერი...

- აბა მე მნახე ცენტრ-პოინტი~?

- ეს ვინღაა?

- ბინებს არიგებს უფასოდ.

- მაგას ვინ ჭამს, უფასოდ არავინ არავის არაფერს არ ურიგებს!

- ვითომ რატო?

- უფასოდ ყველია სათაგურში...

- ვა! მოდი გინდა გალიას გიყიდი?

- ოჯახში რამდენი ხართ ასეთი ჭკვიანი, საკუთარი ფეხით ჩავჯდე? სროკზე მიშვებ ბიჭო?

- აბა რა გიყო?

- მოვიფიქრე: მაშინ გალია იყიდე, შენ გალიაში ჩაჯექი, მე კიდე ბინაში ვიქნები...

- სად გინახავს ადამიანი გალიაში?

- ‘კურიერში~... ხო კარგი, მიყიდე გალია, ოღონდ უკარო...

- უკარო გალია სად გიშოვნო?

- მე უნდა ვიყო ჩიტი და შენ ჰომო საპიენსი~? შენც კარიანი იყიდე და მერე მოაძვრე...

 

 

3. სტუმრად დაბადების დღეზე

 

მოვუტანე გალია. კარები მაინც არ მომაძრობია, რა იცი შენს არ ყოფნაში კატა შემოვიდეს, დაცული ვიქნებიო: გქონდეს გალია და იქნები დაცული~ - ყვიროდა მთელი დღე... ახლა მასაც აქვს ჩემს პატარ ოთახში საკუთარი ოთახი...

 დღეს სახლში დაბრუნებულს დუდღუნით დამხვდა....

- რომ შემოდიხარ, გამარჯობა არ უნდა თქვა? - ვითომ დილით არ ვნახე....

- ათასი ოკეანე ბოდიში დუდუ, გაუმარჯოს, როგორა ხარ?

- ეგრე, რა... რავი, ვარ?

- რატომ ასე გრილად..

- აბა ცხლად როგორ არის?

- უნდა თქვა: ძალიან კარგად~.

- ‘ძალიან კარგად~ გიჟები არიან... შენ როგორა ხარ?

- ძალიან... აქამდე მეგონა კარგად ვიყავი...

- რატო?

- აი, დღეს დაბადების დღეზე მივდივარ.

- შეგეშალა, კი არ მიდიხარ, მივდივართ. გამოვყრუვდი სახლში მარტო. ქუჩაში კი ყველას ვერ ენდობი...

 ... დაბადების დღე არ მოეწონა დუდუს. სანამ სუფრასთან მიგვიწვევდნენ, ბიჭებთან ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურს ვარჩევთ. მესმის დუდუს განწირული ყვირილი.

- მომაცილე ეს გოგოები!

- ბიჭო, გოგოები თავზე გევლება მეტი რა გინდა?

- გამჭვარტლეს, რამდენს ეწევიან!

- ვა, დუდუ, ჯანმრთელი გინდა მოკვდე? - ახლა უკვე ბიჭები არ ასვენებენ...

- შენ მოკვდი და მეისუპე თუ კარგია! - უქცევს უცებ კუთხურად დუდუ...

- ვაიმე, მამა! დუდუ წყევლა არ გიხდება...

- სახეს მიგინგრევ ბიჭო ნისკარტით, ცოტა წესიერად...

- კარგი, დუდუ, შეგვიცოდე...

- ვის დასცინი შენ, ოფიციალურად ხელში სავარცხელი არ გჭერია ათი წელია...

ბიჭები სიცილისგან ცუდად ხდებიან... დუდუ ამრეზილი იყურება... არ მოსწონს სიტუაცია... ოთახში რამდენიმე წრეს აკეთებს და მხარზე მაჯდება.

- კეტონალი და კეტონალი!

- რა ხდება დუდუ?

- თავი ამატკივეს რა, წავიდეთ აქედან!

- სად უნდა წავიდეთ, ჯერ სუფრა, უნდა გაიშალოს!

- აბა სად არის საჭმელი?

მასპინძელი არ ელოდა თუ ჩემთან ერთად დუდუც მოვიდოდა.

- მეზობელთან გავალ, იადონები ჰყავს, ფრინველის საკვები ექნება და გამოვართმევ....

- არ მინდა საჭმელი, იადონები მირჩევნია! - ყვირის დუდუ...

იადონებზე მეზობელს უარი უთქვამს, - ჰარამხანა კი არა მაქვსო~. საჭმელი კი იმდენი გამოეტანებინა, ხუთ დუდუს ეყოფოდა. მასპინძელმა პიანინოზე ნაჭერი გადააფარა და იქ თეფშზე დაუყარა. ჯერ მარცვლეულს გადახედა ცალი თვალით... მერე მომტანს... ეტყობა სანდოდ მიიჩნია ორივენი და გემრიელად შეექცა. მერე ის არ ესიამოვნა, მარტო რომ იყო, ცალკე...

- ცოტა სკამი არ არის, სუფრასთან დამსვით, რა... მე რა, მუზიკანტი~ ვარ?!

 მასპინძელმა სკამზე წიგნები დაულაგა და უკვე ისიც მაგიდის სრულუფლებიანი წევრი გახდა თავისი მარცვლეულის ულუფით...

- ახლა მივხვდი რატომ აქვთ ამდენი წიგნები სახლში! - გამოიტანა დასკვნა დუდუმ...

ცოტა ხნით დაწყნარდა, მერე ისევ მოჰყვა ძახილს.

- ხო ვჭამეთ საჭმელი, ახლა წავიდეთ...

- კარგი რა დუდუ, რას იტყვიან, საჭმელად მოვიდნენო...

- აბა რისთვის მოვედით...

ხალხი შეთვრა. თამადას ყურადღებას არ აქცევენ. გოგოები რომელიღაც ნაცნობს ჭორავენ, ბიჭები ანრის ბარსელონაში~ გადასვლას და კაპელოს გადაყენებას...

- სადღეგრძელო უნდა ვთქვა, მომისმინეთ! - იძახის თამადა და ჭიქას გულმოდგინედ ურტყამს ჩანგალს. არ უსმენენ...

- სადღეგრძელო უნდა ვთქვა, მომისმინეთ! - დაიძახა დუდუმ და თეფშზე ნისკარტი დასცხო რამდენჯერმე... სუფრა გაისუსა... ყველა დუდუს უყურებს...

- ეგრე რა, - ამბობს დუდუ კმაყოფილი, - გაგიმარჯოთ...

 

 

4. ჩვენ მთვრალები ვართ, ანუ შეზარხოშებულზე საუბრები დუდუსთან...

 

დავბრუნდით სახლში. მე მთვრალი ვარ, მგონი დუდუც...

- დავთვერი დუდუ...

- გაგიჭირდებოდა!

- ერთი სადღეგრძელო მინდა, დასალევი გვაქვს რამე?

- კი, ნოშპა...

- გრადუსიანი?!

- ვერცხლისწყალი.

- მწამლავ დუდუ?

- შენც ნუ დალევ...

- ერთი სადღეგრძელო მათქმევინე...

- ჩუ, ენას ვერ ატრიალებ პირში...

- დუდუ, არ გინდა სექტემბერში სკოლაში წაგიყვანო?

- რა მინდა სკოლაში?

- გამრავლებას ისწავლი...

- გამრავლებას სკოლა რად უნდა, ცოლი უნდა!

- ხო მართლა, შენი ოჯახური მდგომარეობა როგორია?

- სამი ცოლი გამოვიცვალე, ვეძებ მეოთხეს.

- და რატომ გამოიცვალე?

- კვერცხი ვერ დავადებინე ვერცერთს, ფიგურას კვერცხის გულისთვის გავიფუჭებთო?

- მათემატიკურ გამრავლებაზე როგორა ხარ...

- მათემატიკურიც ვიცი..

- აბა რამდენია ხუთჯერ ხუთი?

- ცოტა იოლი მომეცი, რა არის პირდაპირ ოცდახუთიდან იწყებ, ბარემ მკითხე პი რიცხვი მეასედამდე სიზუსტით რას უდრისო და ნიუტონის ბინომი...

- ვაა, შენ ეს საიდან იცი?

- პირველად ჩემთან ერთი მათემატიკოსი ცხოვრობდა, პირს დააღებდა და პის აბოდებდა, სამი მთელი თოთხმეტი არ არისო და რამე...

- მერე...

- მერე მალიარი...

- რა მალიარი?

- მატემატიკოსის მერე მალიართან ვცხოვრობდი...

- არ თქვა ახლა მეც მალიარმა შემღებაო...

- შეღებვა არა, კლიენტი რომ მოვიდოდა, ჩემს ფრთებს აჩვენებდა: მოჟეტ ბით ეტოტ კალორ?~

- მერე?

- ერთხელ ფერი ვერ დააყენა ზუსტად, კლიენტმა არ მეჩხუბოსო და იმ წვიმიან ღამეს გადაღებვა მომინდომა, კიდე კარგი ავეთესე.

- ხო, მათემატიკოსიდან რატომღა წამოხვედი.

-      ამერიკაში გაფრინდა, იქნებ იქ ვიპოვო სამუშაოო. მეც მივყავდი, არ წავყევი... ფრენას ვერ ვიტან...

- დუდუ, პრეზიდენტი მოგწონს?

- კი, მაგარია, მე ამდენს ვერ გავქაჩავდი.

- რა გაქაჩვაზე ამბობ?

- ჯერ ეს ერთი რომ ჩემზე მეტს დაფრინავს, მერე ის რომ მე კატის მეშინია, მაგას კი მელიის არ შეეშინდა!

- რომელი მელიის?

- რომელი და თეთრის. როგორ უძახოდა? - გადადექი, გადადექი~. სანამ შენთან მოვფრინდებოდი, ერთ ბინაში შევფრინდი, კატა დამხვდა, სავარძელზე, წინ ჩაი ლამბაქით, ვეძახე: გადადექი, გადადექი! მეც მინდა ჩაი~. კინაღამ შემჭამა...

- რამეს არ ურჩევდი?

- როგორ არა, ერთი ვეზირი ყოველთვის უკან ედგეს, რომ უთხრას: შენ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, რომ მოკვდები პალტოსაც არ ჩაგაყოლებენ~ და ასე უმეოროს ყოველ ნახევარ საათში ერთხელ...

- შენ არ გინდა ვეზირობა...

- ვისა ბიჭო, მე მეფე ვარ ჩემი...

- არ შეიგინო...

- არ ვიგინები, ჩემი თავის მეფე ვარ მეთქი რა...

- დუდუ პატრულზე რას იტყვი?

- თავი გამანებე, მოგზავნილი ხომა რა ხარ? გინდა დამიჭირონ?

- რას ერჩი, ხალხი ამბობს ადრე ქუჩაში ვერ გაივლიდიო, ახლა კი ...

- ახლა კიდე ვერ მიფრენია...

- ეს რას ნიშნავს?

- ამას წინათ დამაკავეს და აბა ფრენის მოწმობა მოიტანეო...

- დუდუ ფეხბურთი მოგწონს?

- რომელი?

- რა რომელი?

- რომელი ფეხბურთი? ქართული?

- თუნდაც. აი ჩვენს ნაკრებზე რას იტყვი?

- გამორთე, ესენი ამხანაგურ თამაშებს თამაშობენ მხოლოდ კარგად...

- კარგი რა ასეც არ არის... თასების თასი ხომ ავიღეთ...

- ერთხელ. მახსოვს. პატარა ვიყავი მაშინ და დედა კი არ მითქვამს, დინამო~ დინამოს~ ვიძახდი... და საერთოდ, მეც მინდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა...

- ვითომ რატო?

- ფეხბურთი არც მე მაქვს ნათამაშები, არც ახლანდელ პრეზიდენტს...

- სამაგიეროდ რა მამა ჰყავდა..?!

- მემკვიდრეობით მეფობა გამიგია, პრეზიდენტობა არა...

- დუდუ ლიტერატურა გიყვარს?

- ხო ვთქვი მთვრალი ხარ-მეთქი?!

- რატო?

- აბა შეიძლება კარგი ლექსი არ გიყვარდეს?

- არ მითხრა ახლა ლექსებს ვწერო?!

- არა, არ ვწერ, ვიმახსოვრებ.

- აბა მითხარი რამე ლექსი?

- ოკეი,

 ‘ - არაყი?

- ლუდი.

- ერთი?

- ერთი.

- ინებეთ!

- გმადლობთ.

ვჯდები კუთხეში.

გარეთ წვიმს,

გნატრობ...~

- მაგარია დუდუ, ვისია?

- რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია კარგია?

- მაგარია. ხვალ ერთი კათხა ლუდი ჩემზეა...

- მოსულა...

- მახსოვს რომ მოხვედი, როგორ წვიმდა?

- ხო...

- რა მაინტერესებს, იმ საღამოს რატომ მაინცდამაინც ჩემს ფანჯარაში შემოფრინდი?

- მაშინ შენ ფანჯარასთან იდექი და წვიმას უყურებდი...

- მერე...

- ვიფიქრე მე მიყურებდი...

- შენ გიყურებდი დუდუ...

- მართლა?

- კი. კაი დავიძინე, არ დამიწყო ახლა ძახილი, სინათლე ჩააქრეო, მიდი შენ თვითონ ჩააქრე...

- ხო კარგი, ვისწავლე უკვე...

- გძინავს დუდუ?

- არა...

- რა კარგი ლექსი იყო...

- ხო...

- ნახე, წვიმა წამოვიდა...

- ხო, ახლა დაცხებს. დღეს ძალიან დაიხუთა...

- წვიმამ მონატრება იცის...

- ხო...

- ხვალ სტუმარი გვეყოლება...

 

5. სტუმარი მყავს

 

- ეს ვინ მოიყვანე, ბიჭო კიდე ბოზი?

- არა, საცოლეა.

- მერამდენე? არ დაუჯერო გოგო გატყუებს... პალუნდრა...

- თემო, ვინ არის ეს?

- ეს დუდუა, არ დაუჯერო ერთი სიტყვა, აფერისტია.

- იქნება და შენ მატყუებ?

- გოგო, ჩემი არ გჯერა და ამ თუთიყუშის გჯერა, სამჯერ მყავს გაპუტული. ისე გამაბრაზა, ვხარშავდი.

- გამიღე გალია, ჩემი ბურდღა არ იქნება ამ ოჯახში...

- ღია არ არის?

- სამ აფირისტ, დურაკ!

- გარსევანს შემოვუშვებ ახლა გალიაში? - გარსევანი ჩემი მეზობლის კატაა, ვაშინებ.

- რატო თემო? - უცებ გადავიდა შემრიგებლურ ტონზე.

- კიდე რატოო? რა შემიშინე ეს გოგო, ძლივს აქამდე მოყვანილი?

- ხო კარგი, ვიხუმრე... თემო ისეთი პატიოსანი ბიჭია, ჯერ ტიტველი ქალიც არ ჰყავს ნანახი... არც მე, დამენახე რა...

- დაგანახვებ მე შენ...

- აბა მიდი...

- დუდუ, უზრდელი ხარ...

- არ ვარ....

- ადექი დუდუ, სასამართლომ შინა პატიმრობა გამოგიცხადა აბაზანაში...

- არ მინდა აბაზანა, არ მინდა აბაზანა...

 

 

6. დუდუს ჰყავს სტუმარი

 

დილით გაბრაზებულია დუდუ. ხმას არ მცემს.

- ხო კარგი რა დუდუ, თქვი რამე, ხო იცი ზედმეტი მოგივიდა, თან აბაზანაში ვინ არ ყოფილა.....

- მთელი ღამე?

- აბაზანა კი არა, ტიპი ვიცი საერთოდ სახურავზე ცხოვრობს...

- არ გელაპარაკები!

- რა დეპრესიაში ხარ, ბაწრები ხომ არ გადავმალო?

- ბაწრები შენ გინდა...

- კარგი, ფრთებით მაინც მანიშნე რამე!

- განიშნებ! დღეს სამიდან ოთხამდე სახლში არ გნახო...

- რა ხდება დუდუ, ხომ მშვიდობაა?

- სტუმარი მყავს..

- ვინ?!

- არ არის შენი საქმე!

- კაი დუდუ...

... ზუსტად სამ საათზე კარებთან ვარ დარჭობილი. ბინიდან ჩამიჩუმი არ ისმის. მგონი გადააგდეს დუდუ.

- კარებს მოცილდი ბიჭო! - მესმის უცებ ხმა.

- დუდუ პირადობის მოწმობა დამრჩა., სულ ერთი წამით შემოვალ რა...

- დაახვიე...

- სულ ერთი წამით...

- არა-მეთქი!

- ბიჭო სარძლო არ უნდა გამაცნო?

- ჯანდაბას, შემოდი!

შევედი. მართლა დამხვდა სტუმარი. თუთიყუში იყო. დუდუს გავდა, მაგრამ ფერები ცოტა სხვა _ ეტყობა დედალი.

- გაიცანი, ეს დოდოა... ეს კიდე ჩემი მეგობარი თემო... - გვაცნობს დუდუ ერთმანეთს.

- სასიამოვნოა...

დოდო აშკარად მორცხვობს.

- კარგი, მაპატიეთ, გავიქეცი აბა...

- პირადობის მოწმობა?!

- რა პირადობის მოწმობა?

- აფერისტ...

 

ეპილოგი

 

დუდუს ამბავი ბევრმა გაიგო, ხო იცით, რა პატარაა ჩვენი დედამიწა. უკვე სამმა მითხრა, გამაცანიო. უცხოეთიდანაც კი ვღებულობ წერილებს. მოდით, პრობლემა არ არის, ჩემი მისამართია: მეერვე სართული, კარები, რომელზეც ვიღაცას მიუწერია: თემო და დუდუ~. რომ მოხვალთ ლუდი წამოაყოლეთ. დუდუმ თუ ლუდი არ დალია, ისე ამ ბოლო დროს სიტყვას ვერ ათქმევინებ. ოღონდ საქმე ისაა რომ მარტო არ უყვარს დალევა!!!... ზარი არ მუშაობს... კარები ღია იქნება, მაგრამ თქვენ მაინც დააკაკუნეთ, ზრდილობის ნიშანია...

 

... წვიმა წამოვიდა. კარგია წვიმა... მონატრება იცის...

??????