ლორია ლევან
გაზიარება

მე და ჩემი შეყვარებულები ექსკლიუზივი

საერთოდ რა არის სიყვარული?... არავინ არ იცის. დაიწყებენ ვერტიკალურიაო, ბრუნვადიაო. ვისთვის ვერტიკალურია, ვისთვის ჰორიზონტალური. გემოვნებაზე არ დაობენ, კიდევ ისაო, თუ დაგეცა ატომური ბომბიაო, ატომური ბომბი თუ დაგეცა, რაღა გესიყვარულება, იქნები უფეხო, ბავშვები გამოვა რვაფეხა.

მოკლედ, მეც შემიყვარდა. პაემანზეც ვიყავი. არც ატომური ბომბი იყო და არც სექსბომბი, მაგრამ მშვენიერი გოგო ჩანდა. მე რა ვიცოდი, თურმე მანიაკი იყო. ეს გვიან გავიგე. მანამდე ზოოპარკშიც ვიყავით. მაიმუნების გალიასთან ერთზე მეუბნება, რა სიმპატიურია, შენ გგავსო. ეს კომპლიმენტად მივიღე და მეორეზე, დედალზე მივანიშნე, ის კი შენ-მეთქი. ტირილი დაიწყო. კარგი, გეხუმრე-მეთქი და არ გელაპარაკებიო. მერე შევნიშნე, დედალმა მაიმუნმა ჩემზე ანიშნა რაღაც მამალს. ამაზე მამალმა გაუქანა და ისეთი ხეთქა, ჩემმა შეყვარებულმა უცებ შეწყვიტა ტირილი და ჩემგან მოშორებით დადგა. სანამ მაიმუნებს არ მოვცილდით, დისტანციას იცავდა და ჩუმად იყო.

ასე ჩუმად მივედით გველების განყოფილებაში და , დედაშენიო, ერთ ჭრელ გველზე მიმანიშნა. მე გამიხარდა ხმა რომ ამოიღო და მეორეზე მივანიშნე, ეს კიდევ დედაშენი-მეთქი და კიდევ იტირა. მოკლედ ზოოპარკში ძალიან ვიხალისეთ.

მერე რუსთაველზე, ლაღიძესთან~ მივდიოდით და რა კარგი სუნი გამოდისო, არადა გრიპი ჰქონდა. ახლა ძაან კი არ მეპიტნავებოდა ლაღიძეში~ ვიღაცის შვილის დაპატიჟება და იმის თქმას ვაპირებდი, მოდი მეორეჯერაც ავიაროთ-მეთქი, მაგრამ გამახსენდა რომ ეს ძალიან ძველი ანეკდოტი იყო და ვკითხე.

- ხაჭაპური ხომ არ გვეჭამა? - თან გულში იმედი მაქვს, ეგებ პირველ შეთავაზებაზე უარი მითხრას და მეორეჯერ ვინ იყო სიტყვის მთქმელი.

- კარგი იქნებოდა. - თქვა მან. კარგი იქნებოდაო!~, ესე იგი კოვზი ნაცარში ჩამივარდა, უარს არაა. მე ბოლო შანსი გამოვიყენე და დაზუსტება მოვთხოვე.

- კარგი იქნებოდა რომ გვეჭამა, თუ კარგი იქნებოდა რომ არ გვეჭამა?

- გვეჭამა, - თქვა საბოლოო სიტყვა. არა და მე საერთოდ არ მშიოდა, იმიტომ რომ პაემანზე რომ მოვდიოდი, შეიძლება დააგვიანდეს-მეთქი და კარგად გეახელით. მერე ვკითხე.

- ფული რამდენი გაქვს? - ამ კითხვაზე ისე შემომხედა, აშკარა იყო ჯიბეში მარშუტკის~ ფული ჰქონდა მხოლოდ.

- ხო, კარგი ჯანდაბას, გაჭმევ ხაჭაპურს, ოღონდ დამატებით ლაღიძის წყალი არ მომთხოვო, ბატონო, აგერ სოკო და სვი რამდენიც გინდა! -  ვუთხარი და იქვე ლაღიძის წყლებთან მდებარე წყლის სოკოსკენ მივანიშნე. იცინის.

- სოკო არ მიყვარს!

- მე წყალზე გითხარი, ჯერ ისეთი არაფერი დაგიშავებია, სოკო რომ გაჭამო და აწი ვნახოთ!

კიდევ გაეცინა. ნეტა რა აცინებს. კარგიო. ჩავედით დარბაზში. ხაჭაპური ვუყიდე და მე კაიფვორდის ამოხსნა დავიწყე. აბა, ის როგორ ჭამდა, ყურებას ხომ არ დავუწყებდი, ვიცი ეს უზრდელობაა.

- შენთვის რატომ არ აიღე? - მკითხა.

- ამ დილას იმდენი ლობიო ვჭამე, ცუდად ვარ, - ვუთხარი. აბა იმას ხომ არ ვეტყოდი, მეორე ხაჭაპურის ფული რომ არ მქონდა. ჰოდა, კაიფვორდში პირველი კითხვა ასეთი იყო: რას უყრის ღამე მოსიყვარულე~ ცოლი მძინარე ქმარს ყურში გემოვნებით~. ეს გემოვნება და მოსიყვარულე რატომღაც ბრჭყალებში იყო. ექვსი ასო. უცებ ვერ გავიხსნე და ხამაღლა წავიკითხე, ეგებ მან იცის. ნეტა არ წამეკითხა. ხმამაღლა რომ წავიკითხე, უცებ პასუხიც მოვიფიქრე და ჩემი ინტელექტი რომ გამემჟღავნებინა, ხმამაღლა ვთქვი.

- საყურე.

- სად გაგიგია გემოვნებით საყურის გაყრა? -  მეუბნება. სახელს არ ვიტყვი. რავი, წაიკითხოს და თავი უხერხულად იგრძნოს.

- ხო? აბა რა უნდა იყოს? - გავიკვირვე მე.

- მარილი, - მეუბნება მომავალი ჩემი თანამეცხედრე, თან ჭამას არ წყვეტს. აი თურმე რატომ ქვია თანამეცხედრე. უცებ წარმოვიდგინე ღამე როგორ მიყრის ყურში მარილს. მაშინ მივხვდი რომ მანიაკი იყო, ვუთხარი, ცოტა ხნით გავალ-მეთქი და გამოვედი თუ არა, პირველ შემხვედრ ტროლეიბუსში ჩავჯექი და ისე წამოვედი, უკან არც მიმიხედავს. ასე უიღბლოდ დამთავრდა ჩემი პირველი სიყვარული...

მეორეჯერ ფეხბურთელი შემიყვარდა. ახლა ცუდი რამ არ გაივლოთ გუნებაში. ფეხბურთელი გოგო, კაცი კი არა. ფეხბურთელი რომ იყო მხოლოდ მესამე დღეს გავიგე. ნეტა საერთოდ არ შევხვედროდი. ძალიან დამწყდა გული. არა და ისეთი ლამაზი იყო, რო შევხედავდი გული მიჩერდებოდა და რამდენჯერმე სასწრაფოს გამოუძახა. პრინციპში კარგიცაა რომ დავშორდით. აბა ამდენ სასწრაფოს რა აუვიდოდა. მაგრამ ამიტომ არ დავშორებულვარ. მესამე დღეს თამაში ჰქონდა და დამპატიჟა. მეც წავედი. თუმცა ცხელოდა, მაგრამ ერთ მეზობელს პიჯაკი ვენათხოვრე, მეორეს ჰალსტუხი. (მე მგონი ქართულად ასე ჰქვია.) თამაშზე სასიდედრო და სასიმამრო აპირებდნენ მოსვლას და კბილებიც და ფეხსაცმელებიც გავიწმინდე. ამასობაში დავიგვიანე. ბუნებრივია, მე არ დამელოდნენ. რომ მივედი თამაში დაწყებული იყო. რა ვიცი ჩემს მოსვლას უცდიდა თუ რა იყო, ტრიბუნაზე ავედი თუ არა, ჩემმა შეყვარებულმა გოლი გაიტანა. მერე ერთი ხელი მეორე ხელს რამოდენიმეჯერ ამოკრა ქვემოდან და მოწინაამდეგე გუნდის ფეხბურთელებს შესძახა: აა, შეგიგდეთ თუ არაო~. მერე ტრიბუნებისკენ გამოიქცა, მაისური გაიძრო და მთელ ტრიბუნებს უჩვენა ორი ლამაზი ბორცვი. მუცელზე წარწერა ჰქონდა: ეს გოლი შენ გეკუთვნის~. ~ არ იკითხებოდა და გამოდიოდა: ეს ოლი შენ გეკუთვნის~. მთელი ტრიბუნა აღრიალდა და ტაშს უკრავდა. მე ბუნებრივია ტაში არ დამიკრავს და ისე გამოვედი სტადიონიდან, სასიმამრო და სასიდედროც არ გამიცვნია. მას მერე ქალების ფეხბურთზე აღარ დავდივარ...

სამაგიეროდ მესამე დღეს სუპერმარკეტში დავიწყე სიარული. ახალი გამყიდველი იყო და საღეჭი რეზინი რომ ვიყიდე, ისეთი თვალებით და ისეთი ღიმილით მითხრა, გმადლობთო, სამჯერ ვიყავი კიდევ იმ დღეს შესული. კიდე საღეჭ რეზინს ხომ არ ვიყიდდი? ერთი თვის ხელფასი რო დავხარჯე, ბოლოს ყვავილები ვუყიდე, მშვენიერი წითელი ვარდები მივუტანე. რად გინდა? თავზე გადამაყარა ყველა, - რა არის ეს ნაცრისფერი ვარდები, კი არ მომკვდარვარო?! ისევ დაცვამ დამამშვიდა, არ გეწყინოს ძამა, მაი დალტონიკიაო~.

ამის მერე დიდხანს დავდიოდი მარტო, სანამ მეგობარმა მანქანა არ მათხოვა, _ გასარეცხად წაიყვანე, დეპრესიიდან გამოხვალო. იმ დღეს მარტო არ ვყოფილვარ. მანქანით დავდიოდი. ხოდა, განგებ იყო თუ რა იყო, ცირკთან ჩამიქრა. ეტყობა მანქანას რეფლექსები ჰქონდა ასეთი. გაჩერება და ვიღაც გოგოს მანქანაში ჩახტომა ერთი იყო. თან მეუბნება, ჩქარა წავიდეთ, დედამ რომ დამინახოს, მომკლავსო. რატომ მოგკლავს-მეთქი. ეს მისი ტერიტორიააო... გავიარეთ ცოტა, და , ბატონო აქ ვერ დაგინახავს დედაშენი-მეთქი. აქ კიდე მამაჩემი დგასო. შენ ეტყობა საქმე არაფერი გაქვს, წამო მანქანა გამარეცხინე და ფული გარეცხვის გავიყოთ-მეთქი. კრეტინოო დამიძახა და ისე მომიჯახუნა კარი, სამი დღე არ იღებოდა...

მერე კალათბურთელი შევიყვარე. არაა მთლად სასიამოვნო ქალი რომ ზემოდან დაგყურებს, მაგრამ მასთან ერთად სიცხეში სიარულს არაფერი სჯობდა - მზეს მიჩრდილებდა. ხელის სათხოვნელად რომ მივედი სასიმამრომაც, იმანაც ყოფილმა კალათბურთელმა, ზემოდან გადმომხედა, შენ მთხოვ ქალიშვილის ხელსო? მე ვუთხარი, მარტო ხელი რად მინდა მთლიანად გთხოვთ-მეთქი და შენ მარტო ხელიც გეყოფოდაო. ვერ მოვითმინე და სილა გავაწანი. მგონი იმანაც ვერ მოითმინა და...

 გონს მესამე დღეს მოვედი რეანიმაციაში და პირველი ვინც დავინახე, ექიმი იყო, მობრუნდაო, ტაშს უკრავდა. სამი დღე ქალი არ მყავდა ნანახი და მომწონხარ-მეთქი ვუთხარი და ხმა არ მომწონს შენი, გრიპი ხო არ გაქვსო, თან დააყოლა, ქათმისო. ბავშვობიდან ასეთი ხმა მაქვს-მეთქი. მე რა ვიცი, იქნებ ბავშვობიდან გრიპი გაქვსო.

მერე პალატაში პატრული შემოვიდა, ქალი, თან ისეთი ლამაზი, თავიდან მოდელი მეგონა. ის ვიცით კიბეზე რო ფეხი დაგიცდა, შემთხვევით, მაგრამ მართლა რა მოხდა მითხარი და არავის ვეტყვიო, თან რკინის საწოლზე ეკიდა ხელი. მე ვუთხარი, მოიწი აქეთ-მეთქი! მოიწია. არავის ეძახი შენ პროკურორს და მოსამართლეს-მეთქი? გაეცინა. მერე ვუთხარი, რა კაი ღიმილი გაქვს, მგონი მიყვარდები, თუ გადავრჩი საავადმყოფოდან რომ გამოვალ, თეატრში წავიდეთ-მეთქი. კაიო, ოღონდ მანამდე ჯანმრთელობის ცნობა მოიტანე და ფსიხოო.

საავადმყოფოდან გამოსული, კარგა ხანს ვეუბნებოდი თავს, არ ღირს ვინმეს შეყვარება-მეთქი, მაგრამ თავს ვუთხარი არ უთხარი, არაფერი მნიშვნელობა აქვს. აქ მთავარი გულია. სულ ტყუილია რომ ამბობენ, გული ვერაფერს ვერ ხედავსო. რას ვერ ხედავს თუ ძმა ხარ! ისე კარგად ხედავს, თითქოს დურბინდიც ეჭიროს ხელში და ღამის ხედვის მოწყობილობაც. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ზემოდან რა აფარია, მაისური თუ თბილი პალტო. ჰოდა ახლა კიდე, გულს ვერაფერს ვერ უბრძანებ. მოკლედ, ოპოზიციაა, თან შეურიგებელი. თუ უნდა აქეთ გიბრძანებს რამეს და შეგაყვარებს ვინმეს კი არა და გადაგრევს, დაგშლის, დაგაქუცმაცებს, დაგჭმუჭნის და მერე თუ უნდა აგაწყობს და აგაშენებს და თუ უნდა ხრამშიც გადაგისვრის. ხოდა, კიდე შემიყვარდა. სულ ირაკლას ბრალია ყველაფერი. აიჩემა: წამო მამაჩემს მაგარი ღვინო აქვს, უნდა ჩაგახეთქოო~. ბიჭო ეს რა დაპატიჟებაა-მეთქი~, - ვუთხარი. წამო კაცო, წამო. დაპატიჟება არა, გამიხდი ახლა შენ უცხო ქვეყნის პრეზიდენტი, რო გეპატიჟოო~. რადგან უცხო ქვეყნის პრეზიდენტობას არ ვაპირებდი, სხვა რა გზა დამრჩენოდა, წავყევი. გუმანით კი ვხვდებოდი, რომ დაბადების დღე ჰქონდა, რადგან შარშან, ზუსტად ამ დროს მასთან დაბადების დღეზე ვიყავი. საერთოდ იუბილეებზე ყველას სამ სიმღერას ვჩუქნი და პირველი სიმღერის მერე ნახევარი სტუმრები სახლში მიდიან და მეორეს და მესამეს მაინც არ მამღერებენ. თვითონ ირაკლას აბსოლუტური სმენა აქვს, ის კი არა ბავშვობაში ვიოლინოს დაკვრის შემსწავლელ წრეზეც დადიოდა, სანამ მეზობლის ბიჭმა ერთხელ ვიოლინო~ არ დაუძახა რუსულად. ირაკლამ კიდე აიღო ეს ვიოლინო და იმ ბიჭს თავზე დააფშვნა - ქართულად. მერე ირაკლამ მამამისს ფული გამოართვა და ყველას ნაყინი უყიდა რომ ისევ ირაკლა დაეძახებინათ. ხოდა ირაკლა იმდენად სტუმართმოყვარეა, რომ არ უთქვამს დაბადების დღე მაქვსო. მეც საჩუქრის გარეშე მივედი. მოკლედ, მივედი თუ არა რაც პირველი დავინახე იმ გოგოს თვალები იყო. ისეთი თვალები ჰქონდა, რომ ვიფიქრე ახლა შეიძლება დენმა დამარტყას-მეთქი და ისევ ირაკლას შევხედე. კიდევ კარგი ირაკლა არ ირტყმევინება დენს. ჩუმად ვკითხე:

- ის გოგო ვინ არის?

- მეზობელის ნათესავია, - ჩუმადვე მიპასუხა მან, - ჰა, ხო არ მოგეწონა? დაგაჯახო?

 ირაკლამ ვიოლინოს შემდეგ რეგბზე დაიწყო ვარჯიში. ახლა მისთვის ყველანაირი ურთიერთობა დაჯახება და შერკინებაა.

- არ მინდა, თუ საჭირო იქნება მეც კარგად დავეჯახები! - დავიქადნე და რადგან მაგიდასთან ერთადერთი ადგილი იმ თვალების გვერდით იყო, მეც იქ დავჯექი. პირველი რაც ვუთხარი რა გადმოგიღოთ-მეთქი~, თან თვალს ვერ ვაცილებ. საერთოდ ამ სუფრაზე სხვა მგონი არც დამინახავს ვინმე. მხოლოდ ეს გოგო და მისი ლამაზი თვალები.

- გმადლობთ! სასმელთან ერთად ვერ ვჭამ! -  მიპასუხა.

- მაშინ დავლიოთ!

- რატომ მიყურებ? - მეუბნება. რა ვუთხრა ახლა?! რა ვიცი, მომეწონა და ვუყურებ. მეც ასე ვუთხარი.

- მომეწონე და გიყურებ!

- რა იყო, ხო არ შეგიყვარდი? - მეკითხება ისევ.

- კი, - არ დავიბენი მე. არა, მგონი ცოტა დავიბენი.

- აბა, მოდი ჩვენს გაცნობას და დიდი სიყვარულის საფუძვლის ჩაყრას გაუმარჯოს! - თქვა და დალია.

- გაუმარჯოს! - ვთქვი და მეც დავლიე. კიდევ ვუყურებ.

- გიყურებდეს ახლა შენი ცოლი? - თქვა უცებ.

- სად მყავს ცოლი? - ისე გავიკვირვე, თითქოს ამ გოგოს ბრალი იყო ცოლი რომ არ მყავდა.

- გიყურებდეს ახლა შეყვარებული! - მითხრა ისევ. ჩემი ბოლო შეყვარებული გამახსენდა.

- შენ ფეხბურთელი ხომ არა ხარ? - ვკითხე.

- არა. რა იყო? - მგონი გაუკვირდა.

- არაფერი. - უცებ დავნაღვლიანდი. ბორცვები გამახსენდა და სავსე ტრიბუნა.

- ესე იგი ახლა ჩვენ შეყვარებულები ვართ? - ტრიბუნიდან უკანვე დამაბრუნა სუფრაზე.

- კი.

- მაშინ შეავსე! - მეუბნება. მეც შევავსე.

- მოდი ჩვენი საქართველოს მთა-ბარს გაუმარჯოს! - ამბობს და ბოლომდე ცლის.

- ბორცვებს გაუმარჯოს! - ვთქვი მე და დავლიე.

მგონი დავთვერი, რადგან ახლა ორჯერ უფრო ლამაზი მეჩვენა. ისევ შევავსე.

- აბა, ჭიქები რატომაა სავსე! - დაიძახა თამადამ.

- სადღეგრძელოს გაუმარჯოს! - ვთქვი მე და დავლიე. რა სადღეგრძელო იყო ზუსტად არ ვიცი. მგონი იმ ქარის, ხის ტოტზე მორცხვად ჩამომჯდარ ორ მორცხვ ქედანს ერთმანეთს რომ მიაჯახებს. თამადაც რეგბისტია. გოგომ უთქმელად დალია. შემდეგ ბოდიშიო~ რაღაცის თქმას აპირებდა, ვიფიქრე დალევა არ სურს მეტი-მეთქი და ვუთხარი, კარგი ნუ დალევ, სადღეგრძელო თქვი მეთქი, - არა დალევით დავლევ, სადღეგრძელოს არ ვიტყვიო. ყოველ სადღგრძელოს ასე უთქმელად სვამდა. თან ჭიქებს ბოლომდე ცლიდა. ერთი-ორჯერ თამადას დაუძახა - გაშრა ყელიო!~ მერე ერთ სადღეგრძელოზე ჭიქა ისე დაატრიალა ცერა თითზე, მივხვდი რომ ამას ვერასოდეს გავაკეთებდი. ისე დავაპირე, მაგრამ ჭიქა გამივარდა და ბაჟეში ჩავარდა. ნახევარმა სუფრამ ბაჟეს ფერი მიიღო. უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემს გვერდით ორი გოგო ზის, ორივე ლამაზები, თან ძალიან გვანან ერთმანეთს.

- თქვენ დები ხართ? - ვეკითხები.

- ვის ეკითხები? - მეუბნებიან, - დათვერი?

- ნწუ, -  ვუთხარი მე და სადღაც ამ გოგოების შუაში ვიყურები, -  ღვინო არ მათრობს!

- აბა რა გათრობს?

- სიყვარული, - ვთქვი და გავიკრიჭე...

...ამის შემდეგ უკვე აღარაფერი არ მახსოვს. მეორე დღეს ბიჭები მიყვებოდნენ, თურმე როგორ ვეფიცებოდი ირაკლას მეზობლის ნათესავ გოგოს სიყვარულს, როგორ ეჩხუბებოდა თურმე ის გოგო ირაკლას, ეს მალალიტრაჟკა~ ვინ მომისვი გვერდითო, მერე მე როგორ ვაპირებდი ცეკვა ქართულის შესრულებას ფეხის წვერებზე და როგორ ვიღრძე ფეხი, როგორ დამასხეს ფეხებზე სუფრაზე დარჩენილი ბაჟე, ნიგოზი ნაღრძობ ფეხს უხდებაო, როგორ წამიყვანეს სახლში და დამაგდეს ლოგინზე სიტყვებით: - ამას ღვინო არ დაელევინებაო~ და ათას რამეს რასაც რა თქმა უნდა, არ მოვყვები...

... მორჩა რა. წერტილი უნდა დავსვა. აჰა _ .~ არა მგონია აწი კიდევ ვინმე შემიყვარდეს. მაგრამ ხო გაგიგიათ, კაცი ბჭობდა და ქალი იცინოდაო. თუ როგორ არის? არ ვიცი, არ ვიცი. მოკლედ არაფერი არ ვიცი...

??????