ლორია ლევან
გაზიარება

დავიღუპე! უყვარს... ანუ თოვლის ბაბუა ექსკლიუზივი

ერთი დროზე მოსულიყავი სახლში, შაბათი შენთვის არ არის და კვირა.... გშია?

- არა, ვჭამეთ სამსახურში! ნინის ძინავს?

- ძინავს, რომელი საათია იცი?

- ვიცი, მოდი ჩაგეხუტო ერთი...

- ჩამეხუტო კი არა და ცუდად ვარ, ვაი რა მეშველება?!

- რა გჭირს?

- შეყვარებულია გოგო!

- შენ ახლა ცოტა დასტოინად! ვინმე შეგიყვარდა?

- სულელო, მე კი არა, შენს საყვარელ ქალიშვილს შეუყვარდა...

- ვინ შეუყვარდა?!

- მსუქანა ლაშა!

- ვინ არის მსუქანა ლაშა...

- ამხანაგია.

- შენ რა იცი რომ, უყვარს?!

- დავიღუპე! უყვარს...

- კაი რა... მაიმუნობენ ალბათ ბავშვები...

- რას მაიმუნობენ, იცი მაგათ პარალელურ კლასში ბიჭს გოგოსთვის ტუჩებში უკოცნია...

- პირველ კლასში?

- ხო პირველ კლასში, იცოდი?

- მე საიდან უნდა ვიცოდე, სამსახურში სულ იმაზე ვფიქრობ, ნინის პარალელურ კლასელები სად კოცნიან ერმანეთს?!

- სულ შენი ბრალია! როდის დაგხვდა ბოლოს მღვიძარი, გახსოვს?! მონატრებით არ გენატრება მაინც?!

- მომიყევი ერთი რა ხდება?

- ეს ლაშა ნინის გვერდზე ზის სკოლაში... მერე იცი რა მითხრა ნინიმ ცოტა ხნის წინ?

- რაო?

- დედა, რა კაია ლაშა ათი დღე არ მოვა სკოლაშიო.... ამ ლაშას ჩუტყვავილა ჰქონია და ვერ მოვაო, დედამისს დაურეკავს დამრიგებლისთვის... ნუ, კაი, არ მივაქციე ყურადღება...

- მერე?

- თურმე პირიქით ხდება, _ იტანჯება ბავშვი ამ ათი დღის განმავლობაში...

- აზვიადებ ახლა...

- არაფერს არ ვაზვიადებ, იცი როგორ მივხვდი?

- როგორ?

- ჩემთან ხო ამბობდა, რომ კაია რომ არ დადის და ახლა მთელი მერხი ჩემიაო, ყველაფერი პირიქით ხდება თურმე... ორი დღის მერე რომ მითხრა, ახლა რვა დღე დარჩა ლაშას მოსვლამდეო, მაშინ მიხვდი, ცუდად იყო საქმე....

- რა კაი ხასიათზე დამაყენე!

- რა გაცინებს, ... სასაცილოდაა საქმე? თურმე დღეებს ითვლის, როდის მოვა მსუქანა ლაშა სკოლაში...

- მერე?!

- ორი დღის მერე რომ თქვა, დღეს უკვე ექვსი დღე დარჩაო, კინაღამ თავში შემოვირტყი ხელი... თან იცი რას მეუბნება, შენ ხო მსუქანა იყავი, ბავშვობაში?

- ხო...

- ეს სურათები ხო სულ ზეპირად იცის ნინიმ...

- ხო...

- ხო იცის რომ მე მსუქნები გულს არ მეხატება.... იცი რას მეუბნება? დედა, ბებოს მოეწონა მამა რომ ნახაო? ანუ იგულისხმა, ბებოს თუ მოეწონა მამიკო, შენც ლაშა მოგეწონებაო! მერე აგრძელებს, დედიკო, ნუ გეშინია, გახდება, ჩემთან ერთად ივლის ვარჯიშზე, მე მხატვრულ ტანვარჯიშზე, ის სპორტულზე და კაი კუნთები ექნებაო... ვაი რა მეშველება...

- შენ როგორი სიდედრი იქნები, წარმოდგენილი მაქვს უკვე..

- მშვენიერიც ვიქნები... თბილი....

- გეტყობა!

- დავიღუპე, კაც...

- რა იყო, კიდე ხდება რამე?

- გავიდა ათი დღე და მოსულა სკოლაში მსუქანა ლაშა... ხოდა ნინისთვის თოჯინა მოუტანია საჩუქრად.... ვაი რა მეშველება...

- მერე რა არის ამაში ცუდი... მომწონს ეს მსუქანა ლაშა...

- მოგაწონებ მე შენ... ცუდი ის არის რაც ნინიმ მითხრა სახლში მოსულმა?

- და რა გითხრა?

- დედა, ნახეო, თურმე ლაშასაც ვახსოვდიო, მე კი მეგონა არ ვუყვარდიო, სულ მაბრაზებდა და წერას მიშლიდაო...

- უყურე შენ, ვანახებ მაგას როგორ უნდა წერაში ხელის შეშლა...

- გაიცინე ხო, გაიცინე... დღეს კიდე დედამისი მირეკავს და ორ იანვარს ლაშას დაბადების დღეაო, ნინის და მე გვეპატიჟება... მანამდე კიდე ნინიმ მითხრა, დაბადების დღეზე ვარ დაპატიჟებულიო... ვაი რა მეშველება! კაც, ერთი წუთით, ტელეფონია...

- კაი, ვიბანავებ მე...

 

 * * *

 

- კაც, რამდენი ვიტირე ახლა იცი?

- რა გატირებდა...

- ლაშას დედამ დამირეკა ახლა... ლაშა ურეკავდა ნინის და ნინის ტელეფონი რატო აქვს გამორთულიო, მეკითხება. მინდოდა მიმეხალა, ქალბატონო, თუ იცით, რომელი საათია-მეთქი! ვერ ვკადრე მაინც, მომერიდა. მერე იცი რა მითხრა? ჩუტყვავილა რომ გამოაჩნდა პირველი დღეები მაღალი სიცხეები ჰქონია ლაშას და აბოდებდა თურმე. სულ ნინის ეძახდაო...

- უყურე შენ...

- კაც, ძალიან მსუქანიც არ არის ისე... სიმპატიური ბიჭია...

 

 

 * * *

 

- ვაიმე კაც, აღარ გვიყვარს!

- ვინა?

- მსუქანა ლაშა...

- ვა, რატო?

- ჩაიფსა...

- ვინა გოგო?

- მსუქანა ლაშამ!

- რა გაცინებს მერე?! ნინი სადაა?

- ძინავს.

- რაო, ჩაიფსაო! რაღაცას მატყუებ!

- აუ კაც, იმდენი ვიცინე, ცუდად ვარ!

- აა, ხომ არ დამითვერით?

- არა, გაგიჟდი, სასმელი საერთოდ არ ჰქონდათ? იმდენი ლიმონათები სვეს... ჯერ არ უნდოდა წამოსვლა, ახალ წლის ღამეს ხო წინა კბილი მოერყა, ეს ხო გოზინაყის გიჟია... მერე საერთოდ მოიძრო, მაწუხებსო... მერე ასე, უკბილო როგორ დავენახოო...

- უყურე შენ!

- ნუ, კაი წავედით მაინც. თან მაინტერესებს, როგორ შეხვდებიან ერთმანეთს... ნამცხვარი რომ გამოვაცხვე, ის წავიღე... რომ მივედით, ლაშა გიჟივით მოვარდა და ლოყაზე აკოცა... მე მიყურებდა, შერცხვა გოგოს... მერე ნამცხვარი დავჭერი და ნინის ვეუბნები, ერთი ნაჭერი მიუტანე იუბილარს-მეთქი. გამგმირავი თვალებით შემომხედა... წაღებით კი წაუღო და წინ დაუხეთქა, მიირთვითო...

- რათა კაცო?!

- ვითომ მე მაჩვენა, საერთოდ არ მაღელვებსო, რა... მერე თოვლის ბაბუა მოვიდა, მგონი ცოტა ნასვამი იყო, ან დაბოლილი. ნერვიულობდა ცოტა... მოწვეული ჰყავდათ... ასი ლარი მიუცია ლაშას დედას... ასე თქვა, ერიდებოდა ფულის აღება, ძალად მივეციო... ეს მერე. მანამდე დიდებიც და პატარებიც გვამხიარულა... ბავშვებს ეკითხება, _ ბავშვებო, როგორ იქცევითო?! _ კარგადო ბავშვებმა. ყოჩაღ, აბა თქვენ რას იტყოდით! აბა ახლა მშობლებს ვკითხოთო და ჩვენ მოგვიბრუნდა, როგორ ბავშვები არიანო. ერთი ბიჭის დედამ, კარგები არიან, ოღონდ ხანდახან ეპარებათო! იმანაც, არა უშავს, ხანდახან მეც მეპარებაო... ბევრი ვიცინეთ... ისე სასაცილო თოვლის ბაბუა იყო, ერთ ადგილას ტანსაცმელი გარღვეული ჰქონდა. ესო ბოროტმა ჯადოქრებმა გზა გადამიღობეს თქვენთან არ მიშვებდნენო, მერე კეთილი ფერიები და პატრული მომეხმარაო... აბა ფიფქია ვინ იქნებაო და ბიჭებმაც და გოგოებმაც დაიწყეს ძახილი, მე ვიქნები, მე ვიქნებიო. ერთმა გოგომ _ მე თოვლის ბაბუობა მინდაო. იმან, ვაი უბედური საქართველო, ბიჭებს ჩხუბი დაუწყო, რა ფიფქიობა აგიტყდათ, კაცები არ ხართო? მალე ოჯახები უნდა შექმნათ და ქვეყანას უნდა უპატრონოთო... იმ გოგოს კიდე ეუბნება, ბებია მაინც გეთქვაო... 

- დაბადების დღე იყო თუ მიტინგი?!

- მოიცა ჯერ სად ხარ... ლაშამ, მე ვაპირებ ოჯახის შექმნასშეყვარებული მყავსო და ნინის გადახედა, ნინიმ თავში წაუთაქა... თოვლის ბაბუამ, ოპ, ჩხუბი არ გამაგონოთო! კი ბატონო, ოჯახს ქმნით, მაგრამ საჭმელს ვინ გაჭმევთო. ნინი ეუბნება, ჩვენ უკვე ჩვენით ვჭამთო... ისე გაიცინა თოვლის ბაბუამ, წვერი კინაღამ მოძვრა... 

- გაანებე ამ თოვლის ბაბუას თავი, სასიძომ როგორ, მართლა ჩაიფსა?!

- მართლა კი არ ჩაუფსია, კაც, მერე ლექსებს ამბობდნენ, დარბოდნენ, თამაშობდნენ, ეს ლაშა კიდე თოვლის ბაბუასთან მივიდა, ნახე მეც მეპარებაო, თურმე ლიმონათი გადაუსხამს შარვალზე, შემთხვევით თუ ძალად, ეს არ ვიცი...

- უჰ, არ ამოვისუნთქე... ქვეშაფსია სასიძო მაკლდა....

- იცინე შენ და...

- კაი, ვიბანავებ მე...

 

 * * *

 

- კაც, რამდენი ვიტირე ახლა იცი?

- რა გატირებდა, ძალიან გულჩვილი გახდი რაღაც!

- შენი ჩანთა ჩამოვარდა კაც მისაღებში და გაიხსნა...

- მერე...

- მერე... მერე... იმ თოვლის ბაბუას ტანსაცმელი ეწყო, წვეულებაზე რომ იყო... არა და მეცნო ხომ იცი... ხო, ისე არ გითხარი, მინდოდა მეთქვა, რომ გგავდა...

- ხო კარგი ნუ ტირიხარ... ნინის ხო არ უეჭვია რამე...

- არა... ნინი კი არა, მე ვერ გიცანი... ტანსაცმელი გადავმალე კაც... ნინიმ არ მინდა ნახოს...

- ნუ ტირიხარ, ხო იცი რომ ბანკში, ნახევარ შტატში გადამიყვანეს და გადასახადები დაგვიგროვდა... ვატო, ჩემი ძმაკაცი, თეატრში რომ მუშაობს... იმან დამირეკა, თოვლის ბაბუები არ გვყოფნისო... თქვენ რომ დაგინახეთ, კინაღამ უკან გავბრუნდი...

- ჩუ!.. ჩამეხუტე, კაც...

??????