ჩვევა
(როის)
ჩამოაფარე ფარდები, როი,
ჩააბნელე, სინათლე შემოდის-
თვალს ჭრის დედაშენს.
ნუ გიკვირს-
რატომ ვსხედვართ ამ ყუთის გარშემო,
რატომ ტირიან ქალები;
ნურც ყვავილებით დამძიმებული ჰაერი გიკვირს.
დღეს აქ ყველას ნახავ, როი,
ვინც ნათესავია ოჯახის,
ვინც მეგობარია ოჯახის,
ვისაც ჰაბიტუსით ცნობ, მხოლოდ.
გაიზარდე, როი,
დიდი კაცივით ჩამოართვი ყველას ხელი,
გადააქნიე თავი აქეთ-იქით,
მოეხვიე დედაშენს,
დიდი კაცივით, როი!
ახლა შეგიძლია სიგარეტიც მოწიო-
ჩუმად- არა,
ყველას თვალწინ.
არავინ დაგიშლის.
გაიზარდე, როი!
უთხარი შენს მეგობრებს:
რომ ვერ წახვალ ფეხბურთის სათამაშოდ,
რომ სხვა დროს ითამაშებ.
არ უთხრა მათ-
რომ არასდროს დადგება ეს ''სხვა დრო'';
არც შენს თავს უთხრა.
ნუ ბრაზდები, როი, შენს დაზე:
''კუბო ცარიელია, მამაჩემი მანდ არ წევს,
მამაჩემი საყიდლად- წასულია თოჯინის!''
ნუ ცდილობ რამეში დაარწმუნო,
უნდა და სჯერა,
რომ შეგეძლოს- შენც დაიჯერებდი.
დღესვე გაუმხილე სიყვარული მეზობლის გოგოს.
მესამე დღეა კართან ატუზულა,
შიშით გაკვირდება.
მოკიდე ხელი, როი,
მიიყვანე ზღვასთან.
უთხარი: სამი დღეა გიყვარს,
რომ სამ დღეში ჩაატიე მთელი ცხოვრება.
თუ შესცივდა- არ გაიხადო,
თუ ჩაგეხუტა-
ხელები არ მოხვიო,
თუ გაკოცა-
თვალები არ დახუჭო!
უგრძნობი იყავი, როი,
რა დროს სხვა ემოციაა,
სახლში ყუთი გიდგას,
კარში ქუდიანი კაცები დგანან
(ქუდმოხდილების გვერდით),
შენი და თოჯინას ელოდება
თავის ოთახში.
რა დროს სხვა ემოციაა, როი,
სახლში ყუთი გიდგას-მეთქი,
იქვე ქალი ზის.
გაიქეცი, როი,
დატოვე მეზობლის გოგო ნაპირთან,
თან ბავშვობაც დაუტოვე.
სახლს მოაგნებს, მაინც მოვა.
კუბოს რომ მიწას მიაყრიან-
იმ ხმაურში გაიგებ მის ტირილს,
ყბა აგიკანკალდება.
არ იტირებ, როი,
დიდი კაცები არ ტირიან!
ბოლომდე იდგები საფლავთან,
იქვე მდგარ მეგობრებს უბრად გადახედავ
და ისინი თავად მიხვდებიან,
რომ რაღაც შეიცვალა.
სახლში დაბრუნდები და მერე ჩვევად გექცევა-
ჩამოფარებულ ფარდებიან ოთახში ყოფნა,
სინათლემ რომ ვერ შემოაღწიოს
და შენც,
სიბნელეში სკამზე ჩამომჯდარი
შენს ცოლს ბოდიშს მოუხდი-
მაშინ რომ მარტო დატოვე ზღვასთან...
ფარდები ჩამოაფარე, როი,
მუხლებზე დადექი და ილოცე-
სამ დღეში არ იზრდებიან, როი,
შენც ხომ იცი, რომ- არ.
ჰოდა,
ბავშვივით ილოცე,
საცაა მოილოგინებს,
და მაშინ რომ ბავშვობა ჩააბარე,
იმას მოგიტანს,
და მაშინ, როცა პირველი ტირილით ოთახის კედლები დაიბზარება
შენ- ''იშვათად მამაშენი''
ფარდებს გადაწევ, როი
სინათლე რომ შემოვიდეს...