ბექიშვილი თედო
გაზიარება

*** "შენ გაგიმარჯოს, ჩემო იდალგო" 

შენ გაგიმარჯოს, ჩემო იდალგო,
შუბშემართულო, მახვილგაწვდილო!
ნუ გეშინია, არ დაიდარდო –
ხარ საყვარელი, ხარ სასაცილო!
სავსეა შენით არათუ მიწა –
სავსეა შენით მთელი სამყარო...
ამგვარი დაგყვა იღბალი მიწყივ,
უნდა გვატირო...
ხან გვახარხარო...
ამ გაზაფხულის მოწმენდილ ღამით
შენ გამახსენდი, შენა გნატრულობ.
ცვივა მიწაზე ვარსკვლავთა ნამი –
მიგორავს ჟამი უდასასრულო...
დროის ბორბალზე დგახარ დანდობით,
დროისგან უღვთოდ გამორიყულო.
სხვა მხარეს ჩადის შენი მნათობი –
ამ ხალხმა სხვაგან უნდა იყუროს.
ცა – შენი წილი –
გადაისარკა
ლაჟვარდოვანი და უნაპრალო.
შენ გაგიმარჯოს, ჩემო იდალგო,
ჩემო ბრიყვო და ჩემო საბრალოვ!

??????