ბექიშვილი თედო
გაზიარება

გაუქმებული სასაფლაო 

ეს ქვები –
თუნდაც მტრის გულზე ეწყონ,
უკვე ვერასდროს ამღერდებიან...
დასჯილი ქვები!..
უსიზმრებო,
დიდი ღამის ტალანებზე აფარებულნი
მდუმარედ წვანან
და დრო – ქვეყნად ყოვლის წამლეკი –
ახლა უკვე მათ ასაფლავებს...
კვიპაროსებში მოჟივჟივე ჩიტების გუნდი
მიაცილებს ამ პროცესიას.
ტვინში ჩუმად ზეიმობს აზრი:
რომ იქ, ქვემოთ, მე არა ვწევარ,
რომ ჯერჯერობით
მკვდრებსაც, ცოცხლებსაც
კვლავ მე უნდა გამოვესარჩლო...
მაგრამ იქეთაც აღარვინაა...
გაპარულია სასაფლაო,
წასულა ყველა
და ეს ლოდებიც იმგვარად მოჩანს,
როგორც მწყემსების ნაბინავარზე
გაფენილი
სველი ნაბდები...
მთები თავის ჯანღით გაწვრთნილნი...
მშვენივრად ვიცით –
როგორ შევიდეთ ჩვენ ჩვენს კუთვნილ
ზამთრის ბუნაგში
და დაველოდოთ
კვლავ ერთურთთან შეხვედრის საათს!

??????