გურიელი ირმა
გაზიარება

ხარ სიყვარულის საგალობელი 

(ოდა თბილისს)
ისევ მწყურია შენი ალერსი,
ნაზი ჩურჩული ხეთა,
სიმღერად თქმული ცისფერი ლექსი,
წყალობა მაღალ ღმერთთა.
ლოცვა ხარ ჩემი, სულის ვედრება,
მწყურია შენით დაღლა,
აღელვებულ ზღვას თუ შეედრება
ეს მონატრება ახლა.
თბილისო ჩემო, ოცნებავ ჩემო,
ვერ გავძელ რომ არ მეთქვა...
ლაჟვარდო ცაო, ბაღო ედემო,
სუნთქვა ხარ, გულის ფეთქვა.
ხარ უკვდავება – ნაზი ასული,
ჩუმი თილისმა ფერთა,
შენი აწმყო და შენი წარსული
მზეა ხვალინდელ დღეთა.
როგორც ნექტარი დამათრობელი
და სალოცავი ერთა,
ხარ სიყვარულის საგალობელი,
წყალობა ცისფერ ღმერთთა.
თბილისო ჩემო, ოცნებავ ჩემო,
ვერ გავძელ რომ არ მეთქვა...
ლაჟვარდო ცაო, ბაღო ედემო,
სუნთქვა ხარ, გულის ფეთქვა.

??????