ალიმონაკი ლერი
გაზიარება

ხვედრი 

აჰა, ესერა მოახლებულ არს ჟამი და
ძე კაცისა¡ მიეცემის ხელთა ცოდვილთასა.
მათე
ო, დადგა ჟამი სამუდამო ფერისცვალების,
გარდაცვალების და უკვდავების.
მოვიდა ჟამი და შედგა წამი, შეწყდა ბრუნვა მარადიული.
ცივი სიჩუმე დაეუფლა გარდუცვლელ წამებს
და გავირინდე სიმარტოვის უხსოვარ გარსში.
დადგა ჟამი. მეწამული ელვარებს სივრცე,
ელავს ხვედრი – მზის წყვდიადში ჩასახლებული
და ციურ ტბებში ღვთიურ სიტყვად ამოვლენილი.
შეჩერდა წამი... და ჰა, მოდიან!..
მოუძღვის იგი – ქვეყნიური ცოდვით ცოდვილი
და მონანიე – ათასწლებში უარყოფილი.
მისი ამბორი უგრძნობი და საწყალობელი:
ჟამიდან ჟამში ივლის მარად, არსიდან არსში,
როგორც აჩრდილი დაკარგული სამყაროების.
შეჩერდა წამი და გაიმქვრა წმინდა წყვდიადი,
ნისლში აღიძრა შორეული პირამიდები, _
ვით ჟამუძრავი უფსკრულები და საძირკვლები.
მიხმობს ხვედრი ათასწლეული:
სარკოფაგთა წყვდიადებში ჩასახლებული
და უხსოვარი სიმარტოვით ამოტვიფრული.
ო, იოანე, სადა ხარ ახლა?!
სად დაფარფატებს სული შენი – ნათელმხილველი?!
ირგვლივ სძინავთ მიწიური ხვედრით დაღლილებს
და მოვუხმობ შენს წმიდა სულს, შენს ნაგვემ სხეულს.
მინდა ვემთხვიო შენს ჩამქრალ თვალებს
და წავიდე _ აღვასრულო აღსასრულები.
გარდუვალობის უხილავ წრეზე
ისევ ანთია სისხლისფერი შარავანდედი
და ქარიშხლიან უდაბნოთა მწუხარე ფიქრი
თეთრად ანათებს ჩემს წამებულ ხვედრს,
ჩემს ფერმკრთალ სახეს.
ხოლო ამბორი – მიწიური ცოდვით ცოდვილი:
ჟამიდან ჟამში ივლის მარად, არსიდან არსში,
როგორც აჩრდილი დაკარგული სამყაროების.
ირღვევა მიწა, ყრუ გუგუნი მოუხმობს ზეცას.
ისევ იღვიძებს გვამთა ხსოვნა და სასოება,
იღვიძებს არსთა ათასწლეული.
სარკოფაგებში – დიად აზრთა საპყრობილეში:
იღვიძებს სული – ჩამქრალი და დავიწყებული
და მიხმობს ხვედრი გარდუვალი,
ტანჯვა და ჯვარცმა უუმაღლესი.
მე მზად ვარ, ჩემო შორეულო პირამიდებო!
მზად ვარ, ჩემო მზედახშულო სარკოფაგებო!
ჩემო ქურუმნო და მოძღვართა მოძღვართ მოძღვარნო!
მე მზად ვარ, ჩემო მაწამებელნო!
მე მზად ვარ – მსხვერპლი! მე მზად ვარ – მხსნელი!
ხოლო ამბორი – უგრძნობი და საწყალობელი
და მონანიე – ათასწლებში უარყოფილი:
ჟამიდან ჟამში ივლის მარად, არსიდან არსში,
როგორც აჩრდილი დაკარგული სამყაროების.
ო, დადგა ჟამი ღვთაებრივი გარდაცვალების,
ფერისცვალების და უკვდავების.

??????