აღზევება
გადამავიწყდა ზამთრის სიავე
და ქვეყნად ყველა წყენას ვივიწყებ,
მოდის აპრილი და დამიამებს,
ან გამიახლებს წარსულ ტკივილებს.
შემომანათეს ფურისულებმა,
ნუშის და ტყემლის თეთრმა ფთილებმა...
გავიჭრები და ვივლი ველებზე,
რა ვუყოთ, თუკი მეაპრილება!
გავიჭრები და ვივლი ველებზე,
რომ დამანახონ დიდმა ველებმა –
როგორ ჩნდებიან ნაირფერები
და გულიანად ამემღერება!
ავალ იმ მთაზეც, ცას რომ ეხლება,
ავალ და ზეცას ხელით შევწვდები...
ძლიერ მწადია ეს ამაღლება, –
სხვა ამბავია, თუ ვერ შევძელი.
შემომანათეს ფურისულებმა,
ნუშის და ტყემლის თეთრმა ფთილებმა...
გავიჭრები და ვივლი ველებზე,
რა ვუყოთ, თუკი მეაპრილება!