კალანდია გენო
გაზიარება

ბალადა საკუთარ გულზე 

გულო, გეკითხები, როდის?
გულო, ახლოვდება მარტი,
გულო, სიყვარული მოდის
ცრემლით, სალამურით, ვარდით.
გულო, დარჩენილა ღია
შენი უსურვაზის კარი,
მინდვრად გამოსულა ია, –
ოცი გაზაფხულით მთვრალი.
გულო, შემოდგომის კოცონს
ჯობდა ნაპერწკალი წინა?!
ალბათ, სამოთხეში მოგცეს,
გულო, სამუდამო ბინა.
გულო, განიძარცვა შინდი,
გულო, არ მოგედოს ხავსი,
გულო, სიჭაბუკე მოდის –
ღვინით, ყვავილებით, ვალსით...
გულო, სასწაულებს ელი,
გულო, ამიჯანყდე ლამის,
გულო, მეგობარის ხელით
ასგზის მოწამლულო შხამით.
გულო, გაჩენილო ბავშვად,
ვარდებს ფიანდაზად შლიდი,
გულო, ჩატეხილა შარშან
შენი გადებული ხიდი.
გულო, მოგონებას უხმე,
თოვლი გარეულა თმაში,
გულო, აჩეხილო წუხელ
სამი მუშკეტერის დაშნით.გულო, აყვირებენ ბუკებს,
გულო, შებინდება მოდის...
გულო, გელოდება უკვე
შავი მარმარილოს ლოდი.

??????