იმ დღეების კიდევ ერთხელ გახსენება
შენს მინდორში მიყვარდა უთენია სირბილი,
ოი, როგორ მომწონდა შენი მიწის სირბილე.
ის დღე ჩემთვის სხვა იყო, როცა დაგინახავდი,
ო, რა ცირა იყავი, ოქროს ყალმით ნახატი.
კაბა გეცვა ცისფერი, სახე გქონდა ყირმიზა,
სასაცილო ღიმილი და ნახტომი ირმისა.
ოცი წელი გავიდა იმ ლამაზი დღეიდან,ჩემი ბიჭი გეძახის ახლა უკვე დეიდას!
გული სევდით მევსება, სულში იწვის ხანძარი,
ვესალმებით ერთმანეთს უკვე როგორც და-ძმანი.
თავის დროზე ვერ ითქვა ის სათქმელი ბოლომდე,
ჩემი ნატვრა ეგ იყო, მუდამ კარგად მყოლოდე.
ახლა ჩვენი შვილები ერთად დანავარდობენ,
არაფერი აწუხებთ, არაფერზე დარდობენ.
სადღაც გულის სიღრმეში კვლავ იღვიძებს იარა,
ყველაფერი მინდება, სიყვარული კი – არა.