* * * მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე...
მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე,
სადაც ვერავინ ვერ მიპოვიდა,
სადაც არავინ არ დამეძებდა.
ავხედე ხეებს,
თბილ სიმწვანეს რომ ისრუტავდნენ
და იქ დავტოვე თვალები ჩემი.
ავადმყოფ წვიმის ცივ სირბილეში
გამოვიპარე ხელებიდან,
თმები ვერცხლის ქარს შევატოვე.
მე მივდიოდი
დაუნდობელი სიჯიუტით და სიმსუბუქით,
როგორც შურისმაძიებელი.
იღვრებოდა წყალი მინდორში,
ეცემოდა შუქი მდინარეს,
რომლის სახელი აღარავის აღარ ახსოვდა
და იმ მდინარის ნაპრალებში
ტუჩები და სახე ჩავქოლე.
სანამ მდინარე რამეს მეტყოდა
მე დავასწარი:
გმადლობ, ჩემო მოთმინებავ, რომ მიღალატე!
ვისი ხმა ისმის მინდვრის ბოლოდან!
მგზავრო, შენ გეძებს ეს მინდორი, დაუსრულებლად
რომ იმეორებს ბალახებს და წითელ ყვავილებს,
შენ გეძახის დასამშვიდებლად...
უკანასკნელ გაჩერებაზე
ჩადიან მხოლოდ მთვრალები და მინდვრის მსურველნი.
ხის ბოლოდან კი ცა იწყება.
ხოლო ცის გულში
წმინდა გუმბათი
ჩემს ცოდვიან მიწას აშინებს!..