მედულაშვილი ზეზვა
გაზიარება

წერილი სიყრმის მეგობარს სოფელში 

`შუაღამეა, შემოემარცვლა,
ჩამოეთვალა ყინულს მძივები,
ერთი სიზმარი მაქვს სანახავი,
თორემ ეხლაც არ დავიძინებდი~
ასკემო
ჩვენ აპრილებმა მოგვინარეკლეს,
კახეთის ცამ და ვარსკვლავთ მწყემსობამ,
მზეს ვადიდებდით ცვარში არეკლილს
და ბალახების ენა გვესმოდა.
არ მოგვაკლებდა ლექსის საფანელს
ვაზის ცრემლი თუ ატმის რტოები,
ნოემბრის ბურს და იანვრის ფანტელს
მოსდევდნენ ჭრელი აგვისტოები.
ხანა გვცეცხლავდა ცისკრის ცახცახი,
ხან ობლის სევდა, გაუმხელელი,
ვერდაბრუნებულ მამილოს სახე
და ნაჯაფარი დედის ხელები.
ხანაც იისფრად იშვებდა სული,
მოსთქვამდა ნაზი ტრფობის ებანი,
სულს გვიშფოთებდა თეთრი ასული
და ალისფერი მოგონებანი.
მაგრამ... მზეჭრელში ფერთა თამაშით,
სიზმრებს შეერთო ჩვენი მიზნები
და ცხრათა ძმათა დაი ლამაზი
დევთაგან ვერა, ვერ დავიხსენით.
არ ვთქვათ: `თევზივით რიყეზე შევრჩით!~–
ჯერ ხომ მზე მაინც ღუის ვარდივით,
ჯერ ხომ გვაფეთებს ღრუბელთა ტევრში
მთვარე ყაჩაღად გამოვარდნილი.
ჯერ ხომ გვახარებს მზის პირის ბანა
და ცისარტყელა ფარშევანგული,
ჩვენი ლამაზი სოფელ-ქვეყანა
მიმინოსავით მხარშემართული!
მაშ, ნუღა შეგვძრავს სევდა ფარული,
გულს ნაღვლის ხიჭვი ნუ დაგვესობა,
ჯერ ხომ კიდევ გვწვავს იმ სიყვარულის,
მზისა და ლექსის უმაღლესობა!
ერთურთს ვახაროთ რწმენა ახალი,
რომ ვიძინებდეთ ერთი იმედით:
`ერთი სიზმარი მაქვს სანახავი.
თორემ ეხლაც არ დავიძინებდი~.

??????