გახაფხულის ძახილზე
ცხენზე შემჯდარა ობოლ-ბერდია.
ჩამოუყრია გრძელი ფეხები
და მიდის გამხვალ ნასიმინდრებში.
და საითაც კი არ გაიხედავს,
მინდვრებისკენ თუ გორაკებისკენ, –
ჩაშავებული ნახნავებისთვის,
გადატრუსული ფერდობებისთვის
წუხელ ვიღაცას
მწვანე ხელი გადაუსვია.
და თითქოს, თითქოს
მიწამ უბიძგა
და საცეკვაო წრეში შეაგდო –
შეკრთა ბერდია, რადგან იხილა
ძალა,
რომელიც არ აძინებდა
გრძელ ღამეებში.
აი, ასეთი ხელი უნდა ობოლ ბერდიას,
ასეთი მწვანე ხელი უნდა
მის დაშაშრულ სულს
და გამხმარ ქოჩორს.