ბუბუციძე ალი
გაზიარება

მამა 

ფოთლები: შენი პირველი ყოფა.
შენი ყრმობა და ბავშვობა: ვაზი.
ანათებს ქარი, საღვინე კოკა
და სახლი, ნოეს კიდობნის მსგავსი.
მთელი სიცოცხლე გეძახის ვიღაც, –
არ იცის, რომ ვერ დასტოვებ ვენახს,
ვერც სულის ფსკერზე დალექილ თიხას,
ვერც ზუზუნს: ქარის მშობლიურ ენას.
რა იყო ატმის ხეების როლი –
(ნედლი ტოტები, გრილი და ხისტი)?
უცებ გასულა ძვირფასი დროი _
შურისძიება უცნობი (რისთვის?)
თვალი მოვკარი სიბერის ხომალდს.
უცხოა ყველა: ვინ გეტყვის მართალს?..
რატომ ჰგავს შენი ვენახში დგომა
ყვავილებისთვის მიცემულ აღთქმას.
ვერ გამიგია: ვინ დასთესს მარცვალს
საოცრებისას (შენ, თოვლი, ცაცხვი),
ვერც ის – საიდან სადამდე ხარ ცა,
ანდა საიდან სადამდე კაცი.

??????