ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

იანვრის ბოლო დღე ექსკლიუზივი

ხანდახან მისი სიყვარულით ისე ივსები,
ისე, ისე, რომ სული გელევა,
თუმცა  ნათელი  ზოგჯერ გაბრმავებს,
და ვეღარ იგებ –
სინათლეა თუ სიბნელეა?!

მზერას იქითკენ გადაანაცვლებ,
სადაც შეგრძნება სიღრმეს ჩაწვდება
და ახელ სიტყვებს,
ხუჭავ და ახელ
დაბადების და სიკვდილის ზღვართან...

ის, რაც შენია უფალი მოგცემს,
ხოლო თავისას წაიღებს შენგან,
და მარტოსული შეხვდები ზამთარს.

შურის თვალია ყინულის ბროლი;
დაიწყო შენთვის საფლავის გაჭრა _
წარმოსახვაში და ცბიერ გულში,
რადგანაც სხვაგან ის აღარაა....
ის დასცემს წერაქვს,
დამზრალ მიწას წამოსტკივდება
უცნობის ძვლები
და კნინი ყოფა _ აღრენილი და ფარღალალა.

რა უნებლიეთ დაგიდნა გული,
გექცა სიტყვები შუქის ჩქერებად,
როგორ გინდოდა იმ წუთში შესვლა,
ჩუმად შეღწევა და შეჩერება...
ყური მიუგდე, წარმავალ დღეებს,
ზოგჯერ ტყუილიც  დაეჯერება.

31. 1. 2012

??????